რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, იძულებით გაადადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ, გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლობა ავრცელებს.
"რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას." - ნათქვამია, საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე ნახეთ: რა მნიშვნელობა აქვს მრავალმხრივ რეზოლუციებს - გაეროს რეზოლუციის კვალდაკვალამასთან, რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ მიღებულ რეზოლუციას, ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, პრაქტიკული დატვირთვა აქვს. რეზოლუცია გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს.
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს. წელს, რეზოლუციის თანასპონსორი და ინიციატორი, საქართველოსთან ერთად გაეროს კიდევ 53 წევრი ქვეყანაა. გასულ წელს, რეზულიციის თანასპონსორი 44 ქვეყანა იყო.
ასევე ნახეთ: „გვახსოვს ისინი, ვინც დაიღუპა, ვინც სახლი დაკარგა და ვწუხვართ მცირე პროგრესის გამო“ - გაეროს უშიშროების საბჭომათი სია წელს ასე გამოიყურება: საქართველო, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ბულგარეთი, კანადა, კოსტა რიკა, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, მარშალის კუნძულები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, ტუვალუ, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, აშშ, ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, ჯიბუტი, ფინეთი, საბერძნეთი, ჰაიტი, უნგრეთი, ლუქსემბურგი, მალტა, მიკრონეზია, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, პაპუა ახალი გვინეა, მოლდოვის რესპუბლიკა, სან მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, სოლომონის კუნძულები, ტონგა.