ბაიდენი მოითხოვს დაკავებული ბელარუსი ჟურნალისტის გათავისუფლებას და მხარს უჭერს სანქციების დაწესებას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ბელარუსში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ბაიდენი მოითხოვს დაკავებული ჟურნალისტის, რომან პრატასევიჩის გათავისუფლებას და ასევე, მოითხოვს სხვა პოლტიკური პატიმრების საპატიმროდან გამოშვებასაც.

განცხადებაში, რომელიც თეთრმა სახლმა გაავრცელა, ნათქვამია: "ბელარუსის მიერ "რაინეარის" კომერციული რეისის იძულებით გადამისამართება, რომელიც ევროკავშირის წევრ ორ ქვეყანას შორის ხორციელდებოდა და საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს ბელარუსი ჟურნალისტის, რომან პრატასევიჩის დაპატიმრება, არის საერთაშორისო ნორმების პირდაპირი შეურაცხყოფა".

პრეზიდენტის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამერიკა გმობს ბელარუსის მიერ თვითმფრინავის მარშრუტის შეცვლის იძულებას და ჟურნალისტის დაპატიმრებას.

ასევე ნახეთ: ვილნსიუსი მინსკისგან დაკავებული სტუდენტის გათავისუფლებას ითხოვს

ბაიდენის განცხადებაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გავრცელებული ე.წ. აღიარებით ვიდეოზეცაა საუბარი სადაც, 26 წლის ჟურნალისტი ამბობს, რომ კარგადაა, კარგად ექცევიან და აღიარებით ჩვენებას იძლევა.

"ეს აღმაშფოთებელი ინციდენტი და ვიდეო, რომელიც ბატონმა პრატასევიჩმა, როგორც ჩანს, იძულები შედეგად გააკეთა, არის სამარცხვინო თავდასხმა როგორც პოლიტიკურად განსხვავებულ აზრზე, ასევე პრესის თავისუფლებაზე", - ვკითხულობთ ჯო ბაიდენის ოფიციალურ განცხადებაში.

ამერიკის პრეზიდენტმა მოუწოდა ლუკაშენკოს რეჟიმს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს, როგორც დაკავებული ჟურნალისტი, ისე სხვა პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც ახლა ბელარუსის საპატიმროში იმყოფებიან.

ასევე ნახეთ: ევროკავშირი მინსკის მიერ თვითმფრინავის "გატაცებას" გმობს

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ემხრობა ევროკავშირის მიერ ბელარუსისთვის სანქციების დაწესებას: "მე მივესალმები ევროკავშირის გადაწყვეტილებას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და სხვა ქმედითი ნაბიჯების მიღებასთან დაკავშირებით. მე ვთხოვე ჩემს გუნდს, იმუშაოს იმ ზომებზე, რომლებიც დამანშავეებისთვის პასუხის მოსათხოვად იქნება საჭირო. ისინი, ასევე, მჭიდროდ ითანამშრომლებენ ევროკავშირსა და სხვა პარტნიორებთან, თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან".

წერილში პრეზიდენტმა ბაიდენმა მხარდაჭერა გამოუცხადა ოპოზიციის ლიდერებს სვეტლანა ციხანუსკაიასა და მის ქმარს, სერგეი ციხანუსკის და აღნიშნა, რომ "ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს ბელარუსი ხალხის გვერდით დგომას ამ გასაჭირის დროს".