ვირჯინიის შტატი ნაციონალისტების მიერ გასულ წელს მოწყობილი სისხლიანი მსვლელობის ერთი წლის იუბილისთვის ემზადება. ქალაქ შარლოტსვილში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
გუბერნატორი რალფ ნორთემი და ქალაქის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ამბობენ, რომ საგანგებო მდგომარეობის ვითარება პარასკევიდან კვირამდე გაგრძელდება და შარლოტსვილის გარდა ჩრდილოეთ ვირჯინიის (ვაშინგტონის მახლობლად) ზოგიერთ ტერიტორიაზეც გავრცელდება.
გუბერნატორის თქმით, საგანგებო ვითარება არის "ადმინისტრაციული ღონისძიება" იმისათვის, რომ სწრაფად მოხდეს შესაბამისი სამსახურების მობილიზება.
გასულ წელს შარლტოსვილში ნეო-ნაცისტების, რადიკალი მემარჯვენეების და სხვა რადიკალური ჯგუფების მიერ გამართულ აქციაზე 32 წლის ქალი დაიღუპა, რომელიც შარლოტსვილის მკვიდრი იყო, ის მსვლელობას აპროტესტებდა. ის ადამიანების ჯგუფში განძრახ შევარდნილი მანქანასთან შეჯახების შედეგად დაიღუპა. კონტრაქციის მონაწილეთა და დემონსტრანტთა შორის შეჯახებების შემდეგ პოლიციამ აქცია დაშალა.