სახელმწიფო დეპარტამენტი მთავრობას რეფორმის გატარებამდე მოსამართლეების დანიშნვის შეჩერბისკენ მოუწოდებს

შეერთბული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს შეაჩეროს მოსამართლეების დანიშვნა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების ერთგული დარჩეს.

"შეერთებული შტატები ღრმადაა შეწუხებული საქართველოს პარლამენტის მიერ 12 ივლისს უზენაესი სასამართლოს ექვსი ნომინანტის დამტკიცებით, რაც ეწინააღმდეგება მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიღწეულ, 19 აპრილის შეთანხმებას", ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ნახეთ: კარდინი: სამარცხვინოა, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები ყურადღების გადატანას ცდილობენ

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ მმართველი და ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ მოსამართლეების დანიშვნა სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე არ უნდა განახლებულიყო.

"ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მედიაციით მიღწეულმა 19 აპრილის შეთანხმებამ ხელმომწერ მხარეებს დაავალა იმის ერთგულება, რომ უზენაეს სასამართლოში "ყველა მიმდინარე დანიშვნა" იქამდე შეეჩერებინათ, სანამ "სასამართლოს ამბიციური რეფორმა" ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული ჩართულობით არ განხორციელდება".

საქარველოს სტრატეგიული პარტნიორი აცხადებს, რომ შეთანხმების არ შესრულება ქვეყნის დემოკრატიას და ინსტიტუტებს რისკებს შეუქმნის.

ამის ჩავარდნა კიდევ უფრო მეტად გამოუთხრის ძირს ქართული საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს სასამართლოს მიმართ ნდობას და რისკს შეუქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

"ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქარველოს მთავრობას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის, უზენაეს სასამართლოში დანიშვნების დროებით შეჩერებით ყოვლისმომცველი, გამჭვირვალე და ინკლუზიური სასამართლო რეფორმის ჩატარებამდე. ეს არის ის, რაზეც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის, მმართველი პარტია შეთანხმდა. ამის ჩავარდნა კიდევ უფრო მეტად გამოუთხრის ძირს ქართული საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს სასამართლოს მიმართ ნდობას და რისკს შეუქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. 19 აპრილის შეთანხმების არასრულმა შესრულებამ ასევე შესაძლოა შეასუსტოს ინვესტორების ნდობა და შეამციროს საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტების გამძლეობა".

"შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, აღადგინონ მათი ერთგულება დემოკრატიული პრინციპების და კანონის უზენაესობის მიმართ, ამავდროულად გააძლიერონ მათი პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან", ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ასევე ნახეთ: "დაკარგული შესაძლებლობა" - ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს

ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოში ამერიკის საელჩომ მსგავსი განცხადება გააკეთა და მთავრობას სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის დამაჯერებელი ძალისხმევის გაწევა სთხოვა.

ამ ფონზე, 14 ივლისს ტელეკომპანია "რუსთავი2-ის" ერთერში "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია 19 აპრილის შეთანხმებას ზედმიწევნით ასრულებს.