"ამერიკის ხმის" კითხვაზე, თუ როგორ აღიქვამს კიევში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და აქვს თუ არა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს შესაძლო პოლიტიკური მოტივაცია, სახ. დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ჰედერ ნაუერტმა სამშაბათის ბრიფინგზე განაცხადა:
„თვალს ვადევნებთ იმას, რაც კიევში მოხდა. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს უკრაინის მთავრობასთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ აბსოლუტურად ყველაფერში ვეთანხმებით. მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, განმუხტოს ვითარება. ვნახეთ, რა ხდებოდა ქუჩაში და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილოს ძალადობა, მისდიოს კანონის უზენაესობას და საერთაშორისო ვალდებულებებს. საქმის დეტალებს ვერ განვიხილავთ. ამაზე შეგიძლიათ უკრაინის მთავრობას ესაუბროთ. მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, პატივი სცეს კანონის უზენაესობას. ეს სხვა მთავრობებისთვისაც ბევრჯერ გვითქვამს, როდესაც ვინმეს აკავებდნენ. [დაკავებისას] აუცილებელია, პროცესი შეესაბამებოდეს ქვეყნის კანონსა და დებულებებს და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ვალდებულებებს.“
სამშაბათს, უკრაინის უშიშროებამ კიევში მიხეილ სააკაშვილის ბინა გაჩხრიკა და ის დააკავა. სააკაშვილის მხარდამჭერებმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს. მათ უკრაინის უსაფრთხოების თანამშრომელთა მანქანას გზა გადაუღობეს და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი გაათავისუფლეს. პრეზიდენტ პოროშენკოს ადმინისტრაციას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ „24 საათში უკრაინის სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა აპატრიდი სააკაშვილი გამომძიებლების წინაშე წარდგეს, რადგან ის ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის საქმეში."