როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ რუსეთმა და ამერიკამ ჯაშუშების გაცვლა განახორციელეს, მაგრამ, როგორც ირკვევა, ეს საქმე ჯერ არ დასრულებულა. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი გერი თომასი იუწყება, ამ საქმემ განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია კანადაში რადგან რუსმა დაზვერვის აგენტებმა კანადური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გამოიყენეს.
წარსულში ცივი ომის დროს მომხდარი ჯაშუშობასთან დაკავშირებული საქმეების გახსნისას ხშირი იყო იმის აღმოჩენა, რომ საბჭოთა დაზვერვის აგენტები კანადურ პირადობის დამადასტურებელ საბუთებს იყენებდნენ. ცოტა ხნის წინ შეერთებულ შტატებში აღმოჩენილი რუსეთის საგარეო სადაზრვერვო სამსახურის აგენტების ქსელის სულ ცოტა ოთხ წევრს ან გაყალბებული კანადური პირადობის დამადასტურებელი საბუთები გააჩნდა ან უკანონოდ შეძენილი ნამდვილი კანადური პასპორტები.
პროფესორი უესლი უარკი, რომელიც სადაზვერვო საქმიანობას ასწავლის ტორონტოს უნივერსიტეტთან არსებულ მუნკის საერთაშორისო კვლევათა ცენტრში, აღნიშნავს, რომ ხსენებულმა გარემოებამ კანადური უშიშროების სამსახურების მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია.
„კანადელებისთვის ამ საქმის მიმართ დაინტერესება რასაკვირველია განპირობებულია იმით, რომ შეერთებულ შტატებში აღმოჩენილ რუსეთის დაზვერვის აგენტების მნიშვნელოვან ნაწილს კანადური ალიბი ჰქონდათ. ამდენად არ არის გასაკვირი, რომ კანადაში ბევრი შეშფოთებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით.“
სადაზვერვო თერმინოლოგიაში ალიბი ანუ ლეგენდა წარმოადგენს ყალბ იდენტურობას, რომელსაც ჯაშუში იყენებს უცხო საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით. ლეგენდის შექმნისას თავდაპირველად აუცილებელია ახალი ყალბი იდენტურობის შექმნა, მაგრამ შემდგომში ამას უნდა დაემატოს შესაბამისი დოკუმენტები, როგორიც არის პასპორტი და ავტომანქანის ტარების უფლება.
კანადასა და შეერთებულ შტატებს შორის სახელმწიფო საზღვრის სიგრძე 6,400 კილომეტრს უდრის და მისი გაკონტროლება ძალზედ რთულია. 2008 წლის თებერვლამდე საზღვრის გადაკვეთისთვის აუცილებელი იყო მოქალაქეობის სიტყვიერი განცხადება. ახლა ამისთვის საჭიროა პასპორტი ან სამგზავროდ მთავრობის მიერ დამტკიცებული პირადობის დამადასტურებელი რომელიმე სხვა დოკუმენტი.
უშიშროების საკითხების ექსპერტი კერძო სადაზვერვო ფირმა „სტრატფორში,“ ბატონი ფრედ ბარტონი აღნიშნავს, რომ უცხოური სადაზვერვო სამსახურები ისევე როგორც ტერორისტული დაჯგუფებები უპირატესობას ანიჭებენ კანადურ ან ირლანდიულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს რადგან ამ საბუთების გამოყენება თავისუფალი გადაადგილების საშუალებას აძლევს მათ. ამასთან დაკავშირებით ბარტონი აღნიშნავს:
„დაკავების თავიდან აცილების თვლასაზრისით რომ ვიმსჯელოთ, კანადური პასპორტი ძალზედ ხელსაყრელია სხვა სახელმწიფოების მოქალაქეობასთან შედარებით. ამდენად ეტყობა ამას ოპერატიული კუთხით უდგებიან და ალბათ ამბობენ, ‘მე რუსეთის პასპორტის გამოყენებას ვერ შევძლებ რადგან ეს გამოძიებათა ფედერალურ ბიუროში განგაშს გამოიწვევს. ამას გარდა ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრომ შეიძლება პრობლემები შემიქმნას. ამას გარდა, ფრენა თუ მომინდა, არსებობს მგზავრთა შავი სიები. ამდენად შეერთებულ შტატებში შეიძლება ბევრი პრობლემა შემექმნას. მაშასადამე, რა იქნება ჩემთვის ყველაზე ნაკლები პრობლემა?’ ბუნებრივია ამ დროს კანადური და ირლანდიული ვარიანტები გამოიკვეთება.“
აღსანიშნავია, რომ 2006 წელს კანადის სამართალდამცველებმა დააკავეს ვინმე პოლ უილიამ ჰემპელი, რომელსაც ყალბი კანადური დაბადების მოწმობა და პასპორტი ჰქონდა. მას რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს. მიუხედავად იმისა, რომ მას არ გააჩნდა არანაირი დიპლომატიური სტატუსი, კანადის მთავრობამ იგი ქვეყნიდან გააძევა ყოველგვარი გასამართლების გარეშე.
ზოგ შემთხვევაში ჯაშუშები სხვადასხვა პირთა ნამდვილ იდენტურობას იძენენ მათი დაბადების მოწმობების მოპოვების მეოხებით, რაც ხშირად გარდაცვლილი ჩვილი ბავშვების ხარჯზე კეთდება. დიდი ხნის წინ კანადაში დააკავეს საბჭოთა დაზვერვის აგენტი, რომელიც სასაფლაოებზე გარდაცვლილი ჩვილი ბავშვების სახელებსა და ცხოვრების თარიღებს იწერდა.
ყალბი კანადური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოყენებით გამოწვეული შეშფოთება მნიშვნელოვნად გაიზარდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, აღნიშნავს სადაზვერვო საქმიანობის ექსპერტი უესლი უარკი.
11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმებში მონაწილე არცერთი ტერორისტი შეერთებულ შტატებში კანადიდან არ შემოსულა. მათ არც კანადური დოკუმენტები ჰქონდათ. მაგრამ 1999 წელს ლოს ანჟელესის აეროპორტის დაბომბვის მცდელობის გამო ამჟამად საპატიმროში მყოფმა აჰმედ რესამმა შესძლო ყალბი კანადური პასპორტის შეძენა მიუხედავად იმისა, რომ კანადის მთავრობამ მას ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა. ამას გარდა ისრაელის სადაზვერვო სამსახურის აგენტები, რომლებმაც 1997 წელს იორდანიაში მოძრაობა ჰამასის ლიდერის ლიკვიდაცია ვერ შესძლეს, აგრეთვე ყალბ კანადურ პასპორტებს ფლობდნენ.
გასული წლის მიწურულს კანადის სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც მაღალი ხარისხის ყალბ დოკუმენტებს ავრცელებდა, კანადური პასპორტებისა და შეერთებულ შტატებში მუდმივი მაცხოვრებლობის დამადასტურებელი საბუთების ჩათვლით. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მთავრობები სხვადასხვა ზომებს მიმართავენ პასპორტების გაყალბების გართულების მიზნით. მაგრამ მიუხედავად ამისა, პასპორტების გაყალბება კვლავინდებურად მზარდ და მომგებიან ბიზნესად რჩება. ინტერპოლის ცნობით, 2009 წლის დასასრულს მონაცემთა ბაზაში 11 მილიონი ყალბი პასპორტი იქნა შეტანილი.