რუსეთის მხრიდან კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი ჰაკერული ოპერაციები გრძელდება და შესაძლოა კიდევ უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღოს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანეთის სტრატეგიულ და თავდაცვის სწავლებათა ცენტრი ავრცელებს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთი ესპანეთის დესტაბილიზაციას ცდილობს და ამ მიზნისთვის კატალონიას, მეამბოხე განწყობის მქონე ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონს იყენებს. რუსეთი ამ პოლიტიკის გასატარებლად ჰაკერებს იყენებს, რომლებიც ცდილობენ „სოციალური მედიის საშუალებით გაზარდონ დაბნეულობა“ ესპანეთის მოსახლეობაში.
რუსეთის საეჭვო ჩართულობა კატალონიის პროცესებში ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, თუ ევროპის კავშირის და ნატოს ანალიტიკოსებმაც აქამდე არაერთხელ გააჟღერეს. პასუხად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ესპანეთი „საკუთარი შიდა სისუსტეების რუსეთზე გადაბრალებას“ ცდილობს.