რამდენ ხანს გასტანს ესპანეთის დახმარება?

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს 125-მილიარდიანი კრედიტი სთხოვა. ქვეყნისთვის მოსალოდნელზე მეტი ფინანსური მასტიმულირებელი პაკეტის გაცემის შემდეგ ორშაბათს საფონდო ბირჟებზე პოზიტიური ცვლილებები აღინიშნა. მაგრამ სპეციალისტები მაინც შიშობენ, რომ გაუმჯობესება დროებითია და შოკისშემდგომი ბიძგები ფინანსურ ბაზრებს ჯერ წინ აქვთ.

ევრო-2012-ზე კვირას ესპანეთს და იტალიას, ევროპის ორი არაჯანსაღი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ნაკრებს, შორის გამართულ მატჩს „მოვალეთა შეჯიბრიც“ კი უწოდეს. მსოფლიო ჩემპიონებისთვის პირველი მატჩის ფრედ დამთავრება დიდ წარმატებად არ ითვლება და ესპანელი გულშემატკივრებიც იმედგაცრუებულნი დარჩნენ. ესპანეთის პრემიერი -მარიანო რახოი- კი პოზიტიურად არის განწყობილი. მას იმედს ევროკავშირის განცხადება აძლევს, რომელიც ესპანურ ბანკებს ფინანსური კრიზისისგან იხსნის.
ფინანსური კრიზისი ესპანეთშიც უძრავ ქონებაზე ფასების სენსაციური ზრდით დაიწყო.
.

ბატონმა რახოიმ დახმარება „საკრედიტო ხაზად“ მოიხსენია, თუმცა მოსწონს მას ეს თუ არა, სპეციალისტები მას მაინც ფინანსურ მასტიმულირებელ პაკეტს უწოდებენ. ვინჩენცო სკარპეტა დამოუკიდებელ ანალიტიკურ ჯგუფს „ღია ევროპას“ წარმოადგენს.
როდესაც ხელისუფლება დაფინანსებას ვერ უზრუნველყოფს, ბიუჯეტში გარღვევა აქვს და დახმარებისთვის სხვას მიმართავს, ამას ფინანსური მასტიმულირებელი პაკეტი ჰქვია“ - აღნიშნავს ის.

ფინანსური კრიზისი ესპანეთშიც უძრავ ქონებაზე ფასების სენსაციური ზრდით დაიწყო. არაადეკვატური ფასები მოულოდნელად საპნის ბუშტივით გასკდა, სამშენებლო ფირმები გაკოტრდნენ და ბანკები გაცემული უზარმაზარი კრედიტების და ნახევრად აგებული შენობების ამარა დარჩნენ.
ფინანსური მასტიმულირებელი პაკეტის არც ზუსტი თანხა და არც წყაროები ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ბატონი სკარპეტას თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ევროკავშირის ფული ესპანეთის ფინანსურ პრობლემებს ვერ გადაწყვეტს:
თუკი ვსაუბრობთ 100 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებაზე, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ესპანეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 10 პროცენტს შეადგენს. ასე რომ, თეორიულად, ესპანეთის შიდა პროდუქტის დავალიანებაც 10 პროცენტით გაიზრდება“.
გერმანია ამჯერადაც ევროზონის ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად მოიაზრება. გერმანული რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა, ვოლფგანგ შაუბლემ განაცხადა, რომ ესპანეთის დახმარება საბერძნეთის, პორტუგალიის და ირლანდიის მსგავსად მხოლოდ რამდენიმე პირობის შესრულების შემთხვევაში მოხდება.
„საუბარია ისევ წინაპირობების ე.წ. „სამეულზე“. და რა თქმა უნდა, შემოწმდება მათი თანმიმდევრული შესრულება. განსხვავება ამჯერად მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს მიერ წაყენებული პირობები მხოლოდ საბანკო სექტორის რესტრუქტურიზაციას ეხება“ - აცხადებს გერმანიის ფინანსთა მინისტრი.
ანალიტიკოსი მიგელ მურადო ამბობს, რომ ევროპელებში ერთგვარმა უკონტროლობის შეგრძნებამ იჩინა თავი:

კრიზისის მამოძრავებელ ძალად მოვლენები იქცა. რაციონალურმა გათვლებმა და გადაწყვეტილებებმა რიგ ქვეყნებში უკანა პლანზე გადაინაცვლა“ .
ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მიერ ესპანეთისთვის ფინანსური მასტიმულირებელი პაკეტის გაცემა პრობლემის გადავადებისთვის მცირე დროის ყიდვის ტოლფასია. შეიძლება - მხოლოდ რამდენიმე დღისაც კი. რადგან საბერძნეთის არჩევნებმა, რომელიც 17 ივნისსაა დაგეგმილი, მოვლენების განვითარების მიმართულება შეიძლება სრულიად საპირისპიროდ შეცვალოს.