კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon Heavy, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მძლავ რაკეტად მიიჩნევა, კოსმოსში უკვე მეორედ გაფრინდა წარმატებით.
Falcon Heavy-ისთვის ეს პირველი კომერციული მისიაა, რომელიც ხუთშაბათს საღამოს ფლორიდის შტატში მდებარე კენედის სახელობის ნასას კოსმოსური ცენტრიდან გაფრინდა. რაკეტამ ამჯერად კოსმოსში საუდის არაბეთის კომერციული სატელიტი წაიღო.
SpaceX ელონ მასკის კუთვნილი კომპანიაა. მასკია ასევე ელექტრომანქანების მწარმოებელი კომპანიის "ტესლას" აღმასრულებელი დირექტორი. გასულ წელს, პირველ წარმატებით გაშვებულ რაკეტაში სწორედ "ტესლას" ავტომობილი იდგა.
"SpaceX"-ის ფინანსური მოდელი რაკეტების "ბუსტერების" ხმელეთზე წარმატებით დაუზიანებლად დაშვებას გულისხმობს, რათა მათი გამოყენება თავიდან იყოს შესაძლებელი. გუშინდელი მისიის დაწყებიდან რამდენიმე წუთში სამივე ბუსტერი დედამიწაზე დაბრუნდა.
"Falcon Heavy" თავდაპირველად მთვარესა და მარსზე ადამიანების გასაგზავნად შეიქმნა, თუმცა მოგვიანებით ელონ მასკის ინიციატივით ის შორეულ კოსმოსურ ადგილებში მძიმე აღჭურვილობის, ტექნიკისა და სხვა მარაგების გადასაზიდად გადაკეთდა.