„საბჭოთა კავშირი „ბანქოს სახლივით დაიშალა... ვინაიდან ის ყოველთვის ბანქოს სახლი იყო “ წერდა ისტორიკოსი მარტინ მალია. შვიდი ათწლეულის მანძილზე არსებული წყობა რამდენიმე წელში ჩამოინგრა და ცოტა თუ ვარაუდობდა მის აღსასრულს. თხუთმეტმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ინტიტუტების მშენებლობა დაიწყო. საბჭოთა ძალადობრივი სისტემის დასასრულს, დასავლეთში ცოტა რამ თუ იყო ცნობილი მის შემადგენლობაში არსებულ ერებზე.
საბჭოთა კავშირის არსებობის მანძილზე, მისი პოლიტიკა კავშირში შემავალი ხალხებისადმი ერთგვაროვანი არ ყოფილა და გარკვეულ ეტაპებს მოიცავდა ნატივიზაციიდან რუსიფიკაციამდე. ამ მხრივ, სამხრეთ კავკასია კომუნისტი ლიდერებისთვის იყო ლაბორატორია, სადაც პირველად მოხდა მათი იდეების გამოცდა. საბჭოთა იმპერიის აღზევებასა და დაცემაში, სხვადასხვა ქვეყნებმა განსხვავებული როლი ითამაშეს. კენანის ინსტიტუტში პროფესორმა ერიკ სკოტმა, საქართველოს მაგალითი მიმოიხილა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა საბჭოთა კავშირს, ოკუპაციის შემდგომ როგორც უცხო სხეულს და „სხვას“ ისე აღიქვამდა. წიგნში, „ახლობელი უცნობები“ რომლის პრეზენტაციაც ვაშინგტონის კენანის ინსტიტუტში გაიმართა, ავტორი საქართველოს საბჭოთა წარსულს მიმოიხილავს.
„ქართველები ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეები იყვნენ ბოლშევიკური რევოლუციის წამოწყებაში, თუმცა სტალინის სიკვდილის შემდეგ შევარდნაძის საგარეო მინისტრად დანიშვნამდე მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე მათ ცენტრში აღარ წყალობდნენ“, - ამბობს სკოტი.
დასავლეთში, საქართველოს და სამხრეთ კავკასიის განხილვა ხშირად მხოლოდ ცენტრთან მიმართებით, „ორიენტალურ“ ჩარჩოში ხდება. სადაც ეს ქვეყნები რუსეთის გავლენის სფეროდ აღიქმება და მათთან დაკავშირებული მოვლენები მხოლოდ ამ პრიზმაში განიხილება. საქართველოს „ორიენტალური“ ხედვა მოსკოვის მიერ მისი ეთნო-კულტურული მახასიათებლების რომანტიზაციისა და ეგზოტიკურად წარმოდგენისგან შედგება. „ამის ფესვები პირველ რიგში რუსულ ლიტერატურაში უნდა ვეძიოთ, პუშკინთან და ლერმონტოვთან“, - ფიქრობს ერიკ სტოკი. „ქართველები საბჭოთა კავშირში, მოგვაგონებენ იტალიელებს ამერიკაში“, - თქვა მან.
“ქართველები სტალინს ხელისუფლებაში მოსვლაში და სოციალისტური ქვეყნის მშენებლობაში დაეხმარნენ. ისინი კულინარიის სპეციალისტები იყვნენ, შექმნეს რეპერტუარი, რომელიც მულტიეთნიკურ საზოგადოებას სცენიდან და ეკრანებიდან ართობდა, არაფორმალური ეკონომიკა საქართველოში ყვაოდა, და საქართველოს ყავდა ინტელექტუალები, რომლებმაც 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა ხელისუფლების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს“, - ამბობს სკოტი.
სკოტი საბჭოთა კავშირს ქართული პერსპექტივიდან უყურებს, და მულტიეთნიკურ იმპერიაში უმცირესობის გამოცდილებაზე საუბრობს.
ამერიკისთვის საბჭოთა ცხოვრების და იმპერიის შესწავლის ერთ-ერთი წყარო, ამერიკელი დიპლომატის ჯორჯ კენანის „გრძელი ტელეგრამა“ გახდა. კენანი საკუთარ დიპლომატიურ ტელეგრამებში ქართველებზე საუბრობდა, როგორც „ზარმაც, ჭუჭყიან, გაქნილ, ძალიან ამაყ და თავზეხელაღებულ“ ადამიანებად. მისი თქმით, „ქართველები თითქოს არასოდეს მუშაობდნენ, მხოლოდ მაშინ როდესაც მათგან ამას მოითხოვდნენ“.
სკოტი, საარქივო მასალაზე დაყრდნობით, წიგნში საქართველოს უახლეს ისტორიას მიმოიხილავს, მისი თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად, საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ევროპისკენ მიისწრაფის და საბჭოთა წარსულისგან გათავისუფლებას ცდილობს, და ეს ქართველებისთვის, საკუთარი თავის განსაზღვრისთვის, ამოსავალი წერტილია.