საბჭოთა ოკუპაცია და ამერიკული მისია ავღანეთში: მსგავსება თუ განსხვავება?

2014 წელს, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომის შემდეგ, ამერიკული საბრძოლო დანაყოფები შინ დაბრუნდებიან. მაგრამ ჯარების ავღანეთიდან გამოსაყვან მზადებასთან ერთად, იმის შიში კვლავ რჩება, რომ ომით გაჩანაგებული ქვეყანა ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც 25 წლის წინ, როცა საბჭოთა საოკუპაციო ჯარები ავღანეთიდან გავიდნენ. თუმცა, მაიკლ ო’ჰანლონი ბრუკინგსის ინსტიტუტიდან ამბობს, რომ ჯარების ამ ორ გასვლას შორის პარალელები არ უნდა გავავლოთ.

„არ არსებობს პარალელის გავლების საშუალება იმასთან მიმართებაში, თუ თავიდან როგორ ჩავებით და როგორ ვაწარმოებდით ამ ომს. ახლა კი, შეერთებული შტატები, როგორც კოალიციის წევრი, ხუთ წელს ხარჯავს ავღანეთში საკუთარი ძალების თანდათან შემცირების პროცესზე. საბჭოთა კავშირში კი რაღაც მომენტში გადაწყვიტეს, რომ წააგეს და ქვეყანა დატოვეს.“

საბჭოთა კავშირის გასვლის შემდეგ ავღანეთი სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომში ჩაეფლო, მაგრამ დღევანდელი ავღანეთი ბევრად უკეთესად გამოიყურება, ვიდრე ის 25 წლის იყო, ამბობს აჰმად მაჯიდიარი, რომელიც ვაშინგტონის „ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტში“ მუშაობს

„ავღანელებს პირველად ჰყავთ არჩეული მთავრობა. საბჭოთა ეპოქაში კი ავღანელ ლიდერებს კრემლიდან ნიშნავდნენ. მეორე ძირეული განსხვავება კი ისაა, რომ მთავრობის საწინააღმდეგო მოძრაობა ბევრად უფრო შეზღუდულია იმასთან შედარებით, რაც 80-იან წლებში მუჯაჰედების მხრიდან არსებობდა. ამჟამად ალბათ 20 ან 25 ათასი აქტიურად მოქმედი თალიბი მებრძოლი არსებობს, 80-იან წლებში კი მათი რიცხვი 100 ათასს აჭარბებდა.“

მაიკლ ო’ჰანლონი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა ავღანეთი დატოვა, მსოფლიომ ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი მიიღო:

„ვფიქრობ, პირველი გაკვეთილი ამერიკამ 9/11-ის შემდეგ მიიღო. ჩვენ გავიგეთ, რომ ავღანეთის იგნორირება ან მიტოვება არ შეგვიძლია. იმიტომ, რომ, საბჭოთა კავშირის დამარცხების შემდეგ, ყურადღების მიქცევა ჩვენ ძირითადად შევწყვიტეთ. მთელი 90-იანების განმავლობაში, შეერთებული შტატები ავღანეთს უბრალოდ იგნორირებას უწევდა. ამერიკამ ხელი არ შეუშალა ქვეყნის რელიგიურ კონფლიქტებში და ანარქიაში ჩაძირვას, რა თქმა უნდა თალიბანის აღზევებას და აქედან გამომდინარე : უკონტროლო ტერიტორიების წარმოქმნას.“

იმ დროს, როცა საერთაშორისო საზოგადოების მიერ, ავღანეთის მთავრობის დასახმარებლად აღებული ვალდებულებები კვლავინდებურად მნიშვნელოვანია, მაჯიდიარის თქმით: დღეს არსებული პოლიტიკური სტრუქტურის შესანარჩუნებლად თვითონ ავღანელი ხალხი უნდა გაერთიანდეს.

„თალიბანს საკუთარი თავის ხელახლა დამკვიდრების და ქაბულის ხელახლა დაპყრობის საშუალება არ გააჩნია. ამიტომ, ნატოს ჯარების გასვლის შემდეგ, ნამდვილ საფრთხეს თალიბანის სამხედრო შეტევა კი არა, ავღანური ინსტიტუტების სიცოცხლისუნარიანობის საკითხი ქმნის.“

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ექსპერტი ვერ ხედავს მსგავსებას ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გასვლასა და ამერიკული ჯარების ახლანდელ გასვლას შორის, ისინი თანხმდებიან იმაზე, რომ მსოფლიო თავს უფლებას ვერ მისცემს, რომ ამ ქვეყნის კვლავ ტერორისტების თავშესაფრად გადაქცევა დაუშვას.