რუსეთის ახალი თავის ტკივილი = SCP + TANAP + TAP

ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფანი უკვე რეალობაა

“ევროპის ენერგო ინდუსტრიის ისტორიაში ახალი ეპოქის დასაწყისი“ - ასეთი შეფასება მისცეს ტრანს-ადრიატიკული გაზსადენის (TAP) მშენებლობის დაწყებას საბერძნეთის და საქართველოს პრემიერებმა ციპრასმა და კვირიკაშვილმა, გუშინ თესალონიკში.

867 კმ სიგრძის გაზსადენის მარშრუტი, საბერძნეთის ევროსის პროვინციიდან, იტალიის აპულიას პროვინციამდე იქნება გადაჭიმული. მილსადენის 547 კმ საბერძნეთში გაივლის, 211 - ალბანეთში, 105 კმ ადრიატიკის ზღვის ფსკერზე, 5 კმ კი იტალიაში, ქალაქ სან ფოკამდე, სადაც TAP-ის გაზსადენი, იტალიის გაზგამანაწილებელ ქსელს - Snam Rete Gas-ს შეუერთდება.

TAP-ი (საბერძნეთი-ბულგარეთი-ალბანეთი-იტალია), სამხრეთ კავკასიურ (აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი SCP) და ტრანს-ანატოლიურ (TANAP თურქეთი) გაზსადენებთან ერთად, „სამხრეთის დერეფნის ბუნებრივი აირის“ უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

გაზის სამხრეთის დერეფანი

ამ ურთულესი გეოგრაფიული და პოლიტიკური ჯაჭვის მთავარი ამოცანა კი ევროპის ქვეყნების რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებაა, აზერბაიჯანის „შაჰ დენიზის“ საბადოდან (მომავალში, კასპიის ზღვის აუზის სხვა ქვეყნებიდან - ზ.წ) ბუნებრივი აირის ექსპორტის დაწყების ხარჯზე. თესალონიკში პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა სწორედ ამ მნიშვნელოვან ასპექტს გაუსვა ხაზი.

„თავისი მარშრუტის გაყოლებაზე TAP-ს შეუერთდება სხვა არსებული და დაგეგმილი მილსადენები, რის შედეგადაც ენერგორესურსების ბაზრები ხელმისაწვდომი გახდება სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნისთვის. ეს კი შესაძლებელს გახდის კასპიის ზღვის გაზის მიწოდებას, სამხრეთ-აღმოსავლეთ, ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში.

ეს შესაძლებელს გახდის კასპიის აუზიდან გაზის ევროპაში მიწოდებას
გიორგი კვირიკაშვილი

ამავე დროს, ეს იქნება მომავალში, სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის შემდგომი გაფართოების, თურქმენეთისა და რეგიონში სხვა მიმწოდებელთა გაზის მოზიდვის კარგი შესაძლებლობა.“

TAP-ის გაზსადენის მშენებლობა გუშინ პარალელურად დაიწყო, საბერძნეთსა და იტალიაში. პროექტის ღირებულება 5,7 მილიარდი აშშ დოლარია, მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 10 მლდ კბ/მ იქნება და ის 2020 წლისთვის უნდა ამოქმედდეს.

9,2 მლდ აშშ დოლარი ჯდება TANAP-ის გაზსადენი თურქეთის ტერიტორიაზე. ბოლო მონაცემებით, უკვე გაფორმებულია 4,5 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები. გაზსადენის მარშრუტის სიგრძე 1802 კმ-ია, ყარსი-ერზურუმის მონაკვეთიდან, დარდანელის 18 კმ-ს სრუტის გავლით, თურქეთ-საბერძნეთის საზღვრამდე, სადაც ის TAP-ს მიუერთდება.

TANAP-ის გამტარუნარიანობა თავიდან, წელიწადში 16 მლდ კბ/მ იქნება, აქედან 6 მლდ კბ/მ გაზი ევროპის ბაზრებისთვისაა განკუთვნილი. პროექტის დასრულება 2018 წლის ზაფხულშია ნავარაუდევი.

სანამ, TANAP-დან TAP-მდე მივა, აზერბაიჯანულმა გაზმა, სანგაჩალის საბადოდან, SCP-ი ანუ სამხრეთ კავკასიური გაზსადენი უნდა გაიაროს, რომლის სიგრძე 970 კილომეტრია. ამ გაზსადენის 442 კმ აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, 248 კმ - საქართველოს, 280 კმ კი თურქეთის ტერიტორიაზე გადის.

მეორე წელია, როგორც აზერბაიჯანში, ისე საქართველოში, აქტიურად მიმდინარეობს SCP-ის გაზსადენის გაფართოების სამუშაოები, 48 დიუმიანი პარალელური გაზსადენის მშენებლობა. პროექტის ღირებულება 2 მილიარდი აშშ დოლარია, რომლის დასრულების შემდეგ, სამხრეთ კავკასიური გაზსადენი დამატებით, 16 მლდ კბ/მ აირის გატარებას შეძლებს. ეს სამუშაოები 2018 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე ამბობს, რომ გარდა რუსეთის აქტიური წინააღმდეგობისა, ამ მეგა ენერგეტიკული დერეფნის მშენებლობის გზაზე, მთავარი ხელისშემშლელი, ნავთობსა და გაზზე მსოფლიო ფასების მკვეთრი დაცემა შეიძლება გახდეს.

თუ ფასების დაცემის ტენდეცია მომავალ წლებშიც შენარჩუნდა, 2020 წლისთვის, როცა „ბუნებრივი აირის სამხრეთის კორიდორი“ (SCP+ TANAP+ TAP=ევროპა) ამოქმედდება, შეიძლება, აზერბაიჯანული გაზი, ევროპის ბაზარზე არაკონკურენტუნარიანიც კი იყოს.

გაზზე და ნავთობზე დაბალი ფასები პირდაპირ აისახება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე
ლიანა ჯერვალიძე

„ეს ქვეყნები: აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქმენეთი, თავისი ექსპორტის, დაახლოებით 85-95 პროცენტის ფარგლებში არიან დამოკიდებული ნავთობსა და გაზზე. მათთვის ნავთობის და გაზის დღევანდელი ფასი, ბუნებრივია არის უაღრესად არამომგებიანი. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა არასტაბილურობა შეიძლება გაჩნდეს ჩვენს გარშემო, რომელიც პირდაპირ აისახება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე.“

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლისთვის დაგეგმილი, 10 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი, ევროპაში რუსული გაზის მთლიანი საექსპორტო მოცულობის 10 პროცენტიც კი არ არის (რუსეთი წელიწადში ევროპაში 130 მილიარდ კუბურ მეტრ აირს ყიდის - ზ.წ), მოსკოვში, ევროპის „სამხრეთის დერეფნის გაზსადენის“ მშენებლობის დაწყების გამო, განგაშის ზარები მთელი ძალით ჩამოკრეს.

კრემლში კარგად ესმით, რომ რუსეთის მიერ ლობირებული „სამხრეთის ნაკადისა“ და „თურქული ნაკადის“ პროექტების ჩავარდნის შემდეგ, მათ საზღვრებს მიღმა, „სამხრეთის დერეფნის გაზსადენის“ მშენებლობა, ევროპის ბაზარზე სრულიად ახალ შესაძლებლობებს უჩენს, ისეთ პატარა, მაგრამ ამბიციურ მოთამაშეებს, როგორებიც: აზერბაიჯანი, ყაზახეთი და თურქმენეთი არიან. ხოლო, თუ TANAP+ TAP-ის გაზსადენით, გაზის სუპერ დიდი მოთამაშე - ირანიც დაინტერესდა, რუსეთს თავის ტკივილი ერთი ათად მოემატება.