საფრანგეთმა ოსამა ბინ ლადენის ვაჟის დეპორტაცია გადაწყვიტა

ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ყაიდას" დამფუძნებლის, ოსამა ბინ ლადენის ვაჟს საფრანგეთი იძულებით დაატოვებინეს და ქვეყანაში დაბრუნება აუკრძალეს. ომარ ბინლადენი წლების განმავლობაში ნორმანდიის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა და პეიზაჟებს ხატავდა. მისი დეპორტაცია სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა კომენტარებმა განაპირობა, რომლებითაც, პოლიციის თანახმად, ის ტერორიზმს იწონებდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბრუნო რიტეილო ამბობს, რომ ბინლადენის საფრანგეთში დაბრუნების აკრძალვის ბრძანებას ხელი მან მოაწერა. თუმცა დეპორტაციის ადგილის ან დროის შესახებ დეტალები არ გაუმხელია.

"ბატონმა ბინლადენმა, რომელიც ორნის რეგიონში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა, როგორც ბრიტანეთის მოქალაქის მეუღლე, სოციალური მედიის ქსელებში 2023 წლის შემდეგ დაწერა კომენტარები, რომლებითაც ის ტერორიზმით აღტაცებას გამოხატავდა", - დაწერა შინაგან საქმეთა მინისტრმა "X"-ზე და დასძინა, რომ ადმინისტრაციული აკრძალვის საფუძველზე, ბინლადენი საფრანგეთში ვერანაირი მიზეზით ვეღარ დაბრუნდება.

ომარ ბინლადენს ამ თემაზე კომენტარი არ გაუვრცელებია და მასთან დაკავშირება ვერც ჟურნალისტებმა მოახერხეს.

ადგილობრივი ყოველკვირეული გამოცემის Le Publicateur Libre-ს თანახმად, ბინლადენმა ფრანგი სამართალდამცავების ყურადღება მაშინ მიიპყრო, როცა მამამისის დაბადების დღეზე სოციალურ მედიაში პოსტი გამოაქვეყნა. ამავე გამოცემის მტკიცებით, 2023 წელს პოლიციამ სოფელ დომფორტში, ნორმანდიაში მისი სახლი გაჩხრიკა კიდეც.

ოსამა ბინ ლადენი ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა 2011 წელს მოკლეს. ის 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების ორგანიზატორად მიიჩნევა.