სომალელი მეკობრეები მსოფლიოს ეკონომიკას ძვირად უჯდება

სომალელი მეკობრეები მსოფლიოს ეკონომიკას ძვირად უჯდება

ახალი ანგარიშის თანახმად, რომელიც ამერიკაში არსებულმა ორგანიზაციამ „ერთი მსოფლიოს მომავალი“ გამოაქვეყნა ნათქვამია, რომ სომალელი მეკობრეების მიერ წარმოებული საქმიანობა მსოფლიოს ეკონომიკას შარშან 7 მილიარდი დოლარი დაუჯდა. აქედან თანხების უდიდესი ნაწილი გემების უსაფრთხოების გასაძლიერებლად დაიხარჯა.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ მეკობრეები საშუალოდ ერთ გემზე გამოსასყიდის სახით ხუთ მილიონ დოლარს იღებდნენ.

სომალელი მეკობრეების მიერ ედენის ყურესა და ინდოეთის ოკეანეში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ათობით გემი იქნა დაკავებული. ანალოგიური შემთხვევები ბოლო თვეებში შემცირდა, რასაც ანგარიშის ავტორები ბორტზე შეიარაღებული დაცვისა და ეფექტური საზღვაო ოპერაციების არსებობით ხსნიან.