ექსპერტები სოლეიმანის ლიკვიდაციას აფასებენ

იმ დროს, როდესაც ამერიკის ევროპელ მოკავშირეებს ირანის უმაღლესი რანგის გენერალზე თავდასხმის შესახებ წინასწარი გაფრთხილება არ მიუღიათ...

...ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ მისი ქვეყანა სოლეიმანის სიკვდილის გამო „გოდებას ვერ დაიწყებს“.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შეერთებული შტატების მსგავსად, ბრიტანეთიც იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც მისგან ზიანი მიადგა.

კარენ ვონ ჰიპელი, გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი:

„ყასემ სოლეიმანი, ასობით ამერიკელი სხვა დასავლელი ჯარისკაცის, მათ შორის ბრიტანელი ჯარისკაცების სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი.“

იმ დროს, როდესაც ირანში ათასობით ადამიანი გლოვობს, ბრიტანეთმა საფრანგეთმა და გერმანიამ გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც ყველა მხარეს მოუწოდებენ „უკიდურესი თავშეკავება და პასუხისმგებლობა გამოიჩინონ“.

ევროკავშირმა, დაძაბულობის შემცირების მიზნით, თეირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში მიიწვია.

პიტერ სატანო, ევროპის საბჭოს პრესსპიკერი::

„არსებობს საერთო მოსაზრება, რომ ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს, თუმცა ირანმა უნდა გაგვაგებინოს, თუ როგორ აპირებს მოქმედებას.“

ევროპა იმედოვნებს, რომ 2015 წელს დადებული ირანის ბირთვული შეთანხმების გადარჩენა შესაძლებელია, მიუხედავად თეირანის განცხადებისა, რომ ახლა, ბირთვული მასალის გამდიდრებაზე არცერთ შეზღუდვას აღარ გაითვალისწინებს.

ჰოლი დეიგრისი, "ატლანტიკური საბჭო":

„ჩემი შეხედულებით, არ ვფიქრობ, რომ ბირთვული შეთანხმება მკვდარია, სანამ არ იქნება ისეთი გამწვავება, რომელიც ომისკენ უბიძგებს.“

ირანმა სამხედრო ძალებით შურისძიების პირობა დადო და შეერთებული შტატების მოკავშირეები შიშობენ, რომ ისინიც სამიზნე იქნებიან.

ნატომ ერაყში წვრთნის მისია შეაჩერა, რომელშიც რამდენიმე ასეული სამხედრო, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ დასამარცხებლად შექმნილი კოალიციის ნაწილი მონაწილეობს.

ორშაბათს, ალიანსის გენერალურმა მდივანმა უარი თქვა კომენტარზე იმის თაობაზე, ირანთან რაიმე კონფლიქტის შემთხვევაში, მოკავშირეები შეერთებულ შტატებს დაეხმარებიან თუ არა.

იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი

„ბოლო დროს, ირანის მხრიდან ვითარების გამწვავება ვიხილეთ. ამაში შედის საუდის არაბეთის ენერგო-ობიექტზე დარტყმა და ამერიკული დრონის ჩამოგდება. ჩვენს დღევანდელ შეხვედრაზე, მოკავშირეებმა თავშეკავებისკენ და დაძაბულობის განმუხტვისკენ მოვუწოდეთ. ახალი კონფლიქტი არავის ინტერესებს არ წაადგება.“

რუსეთმა და ჩინეთმა სოლეიმანის მოკვლა დაგმეს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შეიძლება თეირანმა მოკავშირეებისგან მეტი მხარდაჭერა ეძიოს.

ჰოლი დეიგრისი:

„ამ გამწვავებამდე, ჩინეთმა, რუსეთმა და ირანმა, სპარსეთის და ომანის ყურეებში სამხედრო ფლოტების ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს.“

ახლო აღმოსავლეთში - ირანიდან და ერაყიდან თურქეთამდე, პალესტინურ ტერიტორიებზე და ლიბანში - ანტი-ამერიკული პროტესტები გავრცელდა.

დემონსტრანტები პაკისტანის ქუჩებშიც გამოვიდნენ.

იმავდროულად, ირანის ძველმა მტერმა ისრაელმა შეერთებული შტატების ქმედება შეაქო.

ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ მინისტრი

„პრეზიდენტი ტრამპი, ძლიერი და დაუყოვნებელი, გადამჭრელი ქმედებისთვის, აღიარებას იმსახურებს.“

ახლა ყველა ირანს შეჰყურებს, გაითვალისწინებს ის მსოფლიოს მოწოდებას თავშეკავებისკენ თუ შურისძიების დაპირებას შეასრულებს.