კონსულტაციებთან ერთად, ნაომარ ჯარისკაცებს ინტერაქტიული ფილმის ჩამოტვირთვას ურჩევენ, რომელიც ტრავმისშემდგომ სტრესთან გამკლავებაში ეხმარება
Your browser doesn’t support HTML5
საომარი ზონიდან შინ დაბრუნებულ ნებისმიერი ქვეყნის ჯარისკაცებს ხშირად უჭირთ ჩვეულებრივ, ყოველდღიურ რუტინასთან შეგუება. ზოგიერთ მათგანს ტრავმისშემდგომი სტრესის სიმპტომები აღენიშნება, რამაც შესაძლოა ადამიანი სუიციდამდეც კი მიიყვანოს. ფსიქოლოგის კონსულტაციებთან ერთად, მეცნიერები ჯარისკაცებს ინტერაქტიული ფილმის ჩამოტვირთვას ურჩევენ, რომელიც სტრესის მოხსნას უწყობს ხელს.
ვეტერან რობერტ მენენდესისთვის სცენარი ზედმიწევნით ნაცნობია. ვიდეო-სიმულაცია მას ავღანეთის და ერაყის მოგონებებში აბრუნებს.
„მუდმივად მესიზმრება ის დღეები, ომის სცენები... განსაკუთრებით ხშირად მაღვიძებს პანიკა: ჩემი მეგობრები არ ჩანან და მეშინია, რომ ისინი შესაძლოა ავღანეთში დავკარგე“- ამბობს ის.
როგორც ფილმის გმირი, რობერტიც ხშირად კარგავდა წონასწორობას და ბრაზს ვერ ერეოდა. მეგობრებს და ოჯახსაც თანდათან სცილდებოდა.
„მათ მხოლოდ იმას ვეუბნებოდი, რომ მირჩევნია ჩემნაირ ადამიანებთან ვიყო, რომლებიც იგივეს განიცდიან“ - ყვება რობერტი.
სწორედ მეგობრებმა ურჩიეს უფასო, ინტერაქტიული ფილმი ჩამოეტვირთა, სახელწოდებით „შინაგანი ომი“. ის დრამატულად აღწერს ომიდან შინ დაბრუნებული ჯარისკაცის წინაშე მდგარ გამოწვევებს. რობერტს ბევრი საერთო ჰქონდა ფილმის გმირთან, რომელიც ტრავმისშემდგომ სტრესთან გამკლავებას და ემოციების კონტროლს ცდილობს.
„მას შემდეგ, რაც გავიაზრე, რომ პრობლემა მაქვს, მასთან მორევა გამიადვილდა“ - ამბობს ის.
ფილმი კომპანია „უილ ინტერაქტივმა“ გადაიღო. მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი, შარონ სლონი ამბობს, რომ სცენარი რეალურ ფაქტებს ეყრდნობა.
“ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ისინი ანალოგიურ სიტუაციაში მყოფი ადამიანების ცხოვრებას გაეცნონ. საკუთარი სახლის მყუდროებაში გაიაზრონ თავისივე განცდები და იფიქრონ იმ არჩევანზე, რომელიც მათ პრობლემასთან გამკლავებაში დაეხმარება“- აღნიშნავს კომპანიის ხელმძღვანელი.
არჩევანი ფილმის მსვლელობისას კითხვარის სახით ეკრანზე ჩნდება. მაყურებელს დრო აქვს მოსაფიქრებლად, თუ როგორ უპასუხოს. რობერტი ამბობს, რომ იმის მიხედვით, თუ რა პასუხს აირჩევს, ფილმი სხვადასხვანაირად ვითარდება.
„რამდენიმე ვარიანტი აქვს ხოლმე. გაჩვენებს, რა შეიძლება მოხდეს, თუკი არასწორ არჩევანს გააკეთებ. მეც ავდექი და თითოეული მათგანი ცალ-ცალკე ვცადე. მინდოდა მენახა, თუ როგორ ჯობდა მოვქცეულიყავი ამა თუ იმ სიტუაციაში“ - ამბობს რობერტი.
„შინაგანი ომი“ (War Inside) ათობით ათასმა ჯარისკაცმა ნახა. ინდივიდუალურად და ჯგუფებშიც. ფსიქიატრ ელსფეტ კამერონ რიჩის, რომელიც თავადაც გადამდგარი პოლკოვნიკია, მიაჩნია, რომ ის ძალზე ეფექტურია.
„ზოგჯერ ეს საჭიროა, მათ საომარ გამოცდილებას ეხმიანება და რეალურიცაა. თითქოს მათ ერაყში ან ავღანეთში აბრუნებს და ემოციურად სიუჟეტურ განვითარებაში ჩაითრევს ხოლმე“ - აღნიშნავს ფსიქიატრი.
რობერტს ტრავმისშემდგომი სტრესით გამოწვეულ დარღვევებთან გამკლავება უწევს. მისი თქმით, ვიდეო სიბრაზის კონტროლში და ურთიერთობების დარეგულირებაში ეხმარება.
„სადმე რომ მპატიჟებენ და უარს ვეუბნები, როგორც წესი, თხოვნას მიმეორებენ. ფილმის ნახვის შემდეგ, იმის მაგივრად, რომ კარი ცხვირწინ მივუჯახუნო, ვეუბნები: ბოდიში, არ მინდა წამოსვლა და ვერ მოვალ“- ამბობს რობერტი.
არ არსებობს ფილმი, რომელიც ომისდროინდელ ტრავმას არჩენს. თუმცა, „შინაგანი ომი“ ჯარისკაცებს მტანჯველ მოგონებებთან გამკლავებაში დიდ დახმარებას უწევს.