მზის ენერგიის სისტემებზე ფასის ვარდნა ამერიკელ მესაკუთრეებში ინტერესს აღვივებს

აშშ-ში 16 კომპანია მზის პანელებს მესაკუთრეებზე იჯარით გასცემს
წლების მანძილზე, მზის გამოსხივების ელექტროენერგიად გადაქცევის მეთოდთან, ეგრეთ წოდებულ ფოტოელექტრულ სისტემასთან დაკავშირებული მაღალი ხარჯები ნიშნავდა, რომ მასზე მხოლოდ მდიდრებს მიუწვდებოდათ ხელი. თუმცა, ფასი მზის ენერგიაზე მუდმივად ეცემა, რაც, შესაძლოა, გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს: ფოტოელექტრული პანელების მონტაჟის მაჩვენებელმა შეერთებულ შტატებში გასულ წელს 31 პროცენტით მოიმატა. ამ პანელების დიდი ნაწილი საშუალო შემოსავლიან ამერიკელთა სახლებში მოხვდა. რებეკა უიდისი მოგვითხრობს იმ მიზეზებზე, რამაც ვაშინგტონის სახლების მფლობელებს მზის ენერგიის გამოყენების გადაწყვეტილება მიაღებინა.

გრეგ უოტსონის სამუშაო მსოფლიოს მასშტაბით მზის ენერგიის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. წლეულს, მან გადაწყვიტა, რომ საკუთარ რჩევას თავადვე მიჰყვეს.

„საერთაშორისო განვითარების ბანკში მწვანე ტენოლოგიებზე ვმუშაობ… ყოველთვის ვამბობ, ‘შეხედეთ, ფასები ეცემა. მრავალი წამახალისებელი საშუალება არსებობს. მართლაც: თქვენთვის ამას ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს.’ სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ეს მეც შემეხო შეერთებულ შტატებში,” - ამბობს გრეგ უოტსონი.

მზის ენერგიაზე გადასასვლელად უოტსონს მცირედი დახმარება აღმოუჩინეს. ის იმ ქსელში ჩაერთო, რომელშიც მისი ვაშინგტონელი მეზობლები იყვნენ გაწევრიანებულნი და რომელთაც უკვე დამონტაჟებული ჰქონდათ ფოტოელექტრული პანელები. მეზობლები უოტსონს ფედერალური შეღავათიანი კრედიტის მისაღებად განაცხადის გაკეთებაშიც დაეხმარნენ, რაც მას მთლიანი თანხის მესამედის წინასწარ დაფარვის საშუალებას მისცემს. უკანასკნელი ექვსი წლის მანძილზე შეერთებული შტატების დედაქალაქში ჩვიდმეტი სამეზობლო ქსელი, ე.წ. მზის ენერგიის კოოპერატივები ჩამოყალიბდა. მაიკ ბარეტმა ერთ-ერთი ასეთი კოოპერატივი შეერთებული შტატების კონგრესთან ახლოს მდებარე ქუჩაზე შექმნა.

„ჩვენ გავესაუბრეთ მოვაჭრეებს (და) ამ საქმეში ექსპერტები ჩავრთეთ. ამ ენაზე დავიწყეთ საუბარი, ვსწავლობდით აკრონიმებს. 2010 წელს 4.4 კილოვატის სიმძლავრის სისტემა დავამონტაჟე და ამ ორიგინალური გადაწყვეტილების შემდეგ მზის ენერგიაზე ფასები მნიშვნელოვნად, დაახლოებით 30 თუ 40 პროცენტით დაეცა,” - ამბობს მაიკ ბარეტი.

ფასის ვარდნა, ფასდაკლებებთან, შეღავათიან კრედიტებთან და კომუნალურ გადასახადებზე გაკეთებულ დანაზოგებთან ერთად, იმას გულსიხმობს, რომ ტიპიური საცხოვრებელი სახლის მზის ენერგიის სისტემა თავის ხარჯს საკმაოდ მალე ამოიღებს. ამ ყველაფერმა ვაშინგტონის კიდევ ერთი მაცხოვრებელი, შონ ქეროლი დაარწმუნა იმაში, რომ მზის ენერგიით ესარგებლა.

„იცით, თავიდან ხალხს ეგონა, რომ ხარჯების ამოღებას ხუთი, ექვსი, შვიდი წელი დაჭირდებოდა. ახლა, ამ ფასდაკლებებითა და შეღავათიანი კრედიტებით, ეს ვადა ერთიდან წელიწადნახევრამდე შემცირდა. როგორც კი დაინახავ, რომ მოგება ხარჯის პროპორციული ძალიან სწრაფად ხდება, ამბობ, „საოცარია. რა თქმა უნდა, გავაკეთებ ამას,” - ამბობს შონ ქეროლი.

ჯგუფურ ფასდაკლებებზე მოლაპარაკების წყალობით, ქეროლმა და კოოპერატივის სხვა წევრებმა ფოტოელექტრული პანელების შეძენასა და დამონტაჟებაზე თანხების დაზოგვა შეძლეს. უოტსონის თქმით, მისი კოოპერატივის ხელმძღვანელმა შეთანხმებას მიაღწია ადგილბრივ მზის ენერგიის კომპანიებთან.

ის ვაშინგტონის რამდენიმე პროვაიდერს ესაუბრა და თქვა, რომ „თუ ხუთი ან ათი სახლი ერთდროულად გააკეთებდა შენაძენს, უკეთესი ფასის შემოთავაზება იქნებოდა შესაძლებელი.”

მზის ენერგიის სისტემაზე საუკეთესო შემოთავაზების მისაღებად მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებში ჩვეული ამბავი გახდა. მასაჩუსეტსის შტატის ქალაქი ბოსტონი, მაგალითად, 17 ქალაქიდან ერთ-ერთია, სადაც [კოოპერატივების] ხელმძღვანელები თავიანთი რეზიდენტებისთვის ფასდაკლების მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამჟამად, 16 კომპანიაა, რომლებიცც მზის პანელებსმესაკუთრეებზე იჯარით გასცემენ, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ადამიანებსაც შეუძლია მზის ენერგიის პანელებით სარგებლობა, რომელთაც წინასწარ გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ. ამავე დროს, ამ ხალხს შესაძლებელობა უჩნდება, ელექტროენერგიის ყოველთვიური გადასახადიც მნიშვნელოვნად შეიმცირონ. მონინა დორსმა მზის ენერგიის პანელებზე იჯარის ხელშეკრულებას გასულ აპრილში მოაწერა ხელი.

„დაახლოებით 18 პანელი მაქვს სახლის სახურავზე. გასულ წელს, ელექტროენერგიის გადასახადი (თვეში) 375 დოლარი იყო. ჩემს პროვაიდერთან - „Solar City”-თან შეთანხმების პირველ თვეში ჩემი გადასახადი 29 დოლარი იყო. ჩემთვის, ამ სისტემამ თავისი ხარჯი უკვე ამოიღო!” - ამბობს მონინა დორსი.

არავინ იცის დანამდვილებით გაგრძელდება თუ არა ფასების ვარდნა მზის სისტემებზე. სილიკონის ვაფლები ეფექტურია ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად და ამასთან ყველაზე იაფო საშუალებაა. თუმცა, ამჟამად, ფასის ვარდნა ფოტოელექტრულ პანელებზე გლობალური ნამატით არის განპირობებული. ეს ნამატი, შესაძლოა, შეჩერდეს ისევე, როგორც სახელმწიფოს სტიმულირება და საგადასახადო შეღავათები. კრიტიკოსების რწმენით, მზის კერძო ინსტალაციების სუბსიდირება არ უნდა ხდებოდეს ხალხის მიერ. სხვები აღნიშნავენ, რომ ელექტროენერგიის ნებისმიერი წყარო ამ თუ იმ გზით მაინც განიცდის სუბსიდირებას.

მონინა დორსის რაც შეეხება, მისი ერთადერთი საზრუნავი ინფორმაციის გავრცელებაა.

„ჩემი კარის მეზობელს ვუთხარი ამის შესახებ. აღტაცებულია. სადილად უნდოდა ჩემი დაპატიჟება! მეუბნებოდა, ‘გადასახადი მკლავს!’-ო” - ამბობს მონინა.

დორსიმ დედაც გადაარწმუნა, რომ მზის ენერგიის სისტემაზე გადასულიყო.

„ძალიან რთული იყო მასთან მოლაპარაკება. ასაკშია. თუმცა, მაშინვე გადავარწმუნე, როდესაც ჩემი გადასახადის ქვითარი ვაჩვენე. თანახმა გახდა!”