აშშ-ი ჩინეთს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩინეთს ჩრდილოეთ კორეის პრობლემასთან დაკავშირებით თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. ჰილარი კლინტონმა პეკინს ფხენიანის წინაარმდეგ დამატებითი სანქციების შემოღების მხარდაჭერისკენ მოუწოდა:

„დღეს ჩვენ სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ. ეს პრობლემა ჩრდილოეთ კორეის მიერ სამხრეთ კორეული ხომალდის ჩაძირვამ წარმოშვა. ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ ამ სიძნელის გადასალახავად და კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის შესანარჩუნებლად“. განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

მისი თქმით, ორი ქვეყანა ყველა საკითხთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდება, მაგრამ ღია დისკუსიებს მაინც გამართავს. აღსანიშნავია, რომ მანამდე ამერიკამ რამდენჯერმე მოახერხა პეკინის გადაბირება, რასაც ფხენიანის წინაარმდეგ სანქციების შემოღება და ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღების შესაძლებლობა მოყვა.