რამდენად უსაფრთხო შეიძლება იყოს სოჭის ოლიმპიადა?

ამერიკელი კანონმდებლები, თუ ოფიციალური პირები ოლიმპიადამდე 3 კვირით ადრე შეშფოთებას გამოხატავენ
შეერთებული შტატების ოფიციალური პირები სოჭის ოლიმპიადაზე უსაფრთხოების დაცვის შესაძლო პრობლემებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ. დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის ყოფილი მოადგილის, მაიკ მორელის თქმით,

„ოლიმპიადის მასპინძელ ქვეყნებთან შეერთებული შტატების მთავრობას და დაზვერვას ურთიერთთანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებს. თუმცა, ჩვენ მსგავს თანამშრომლობას რუსებთან ვერ მივაღწიეთ“. რაც მორელის აზრით, მიუთითებს იმაზე, რომ რუსებს არ სურთ აღიარონ, რომ სიტუაციის სრული კონტროლის პრობლემა აქვთ და შესაძლოა სხვისი დახმარება ესაჭიროებოდეთ.

ანალოგიურ განცხადებას აკეთებს კონგრესმენი მაიკ როჯერსი, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარეა. „ისინი თვლიან, რომ ეს მათთვის პოლიტიკურად სამარცხვინო სიტუაციაა... ეს არასწორი პოზიციაა, როცა საუბარია საერთაშორისო ღონისძიებაზე“ - აცხადებს კონგრესმენი.

კვირას ჩრდილოეთ კავკასიის ისლამისტმა ამბოხებულებმა სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით ახალი მუქარა გაავრცელეს. ჩეჩენი ექსტრემისტების მიერ ინტერნეტში განთავსებული ვიდეოფირის მიხედვით, რუსები და ოლიმპიადაზე ჩასული სტუმრები სოჭში უსაფრთხოდ ვერ იქნებიან მანამ, სანამ ახლომდებარე ტერიტორია პუტინის და მის ძალების მიერ არის ოკუპირებული.