უკრაინაში შესაძლოა ინტერნეტი გაითიშოს და სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყდეს
Your browser doesn’t support HTML5
უკრაინაში დაძაბულობის მუხტი იზრდება. პრეზიდენტ იანუკოვიჩის პოლიტიკით უკმაყოფილო მოქალაქეები რეგიონებშიც ბარიკადებს აშენებენ და ადგილობრივ ხელისუფალთა გადადგომას ითხოვენ. ზოგ შემთხვევაში კი მათ უკვე გადაყენებულად აცხადებენ. გუშინდელ მოლაპარაკებებს ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის შეთანხმება არ მოჰყოლია. კიევში პერიმეტრი, რაც ბარიკადებს უკავია დღეს უფრო გაიზარდა, ვიდრე ეს გუშინ იყო. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მზად არიან ბოლომდე ბრძოლისთვის. მათი პირველი რიგის მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომა და იმ კანონების გაუქმებაა, რაც უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ ბოლო პერიოდში მიიღო. მათ შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლებმა, რომლებიც დავოსში არიან შეკრებილნი დღეს განაცხადეს, რომ საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არ მოდის. გუშინდელი დღიდან ჩნდება ცნობები იმის თაობაზე, რომ შესაძლოა უკრაინაში ინტერნეტი გაითიშოს და სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყდეს.
უკრაინელ დემონსტრანტებს გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს საქართველოს პარლამენტის წევრი დავით დარჩიაშვილი. ამერიკის ხმასთან საუბრისას იგი ამბობს, რომ ისტორიული კანონზომიერება, რაც განვითარებულობასა და პროგრესს ითვალისწინებს, უკრაინასაც განვითარებისა და პროგრესის, ამ შემთხვევაში კი ევროინტეგრაციის გზით წაიყვანს. დავით დარჩიაშვილთან ჩვენი ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა სოჭის ოლიმპიადის ფაქტორს უკრაინული დემონსტრაციებისა და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის ფონზე.
„სოჭის ოლიმპიადა უკრაინულ მოვლენებთან შედარებით, მეათეხარიხოვანია. მთავარია უკრაინული მოვლენები თავისთავად, რომ ეს იქნება ევრაზიული კავშირის სახით იმპერიის აღდგენის, ამ პროექტის დასასრულის დასაწყისი. დარწმუნებული ვარ, უკრაინულ მოვლენებს გადაყვება რუსული იმპერიალიზმი განახლებული ფორმით. გამორიცხულია უკრაინაში არ დასრულდეს პროცესი უკრაინელი საზოგადოების გამარჯვებით. ამის თქმის საფუძველს ისტორიული კანონზომიერებები მაძლევს, ზოგადად, რადგან პროგრესი ევროინტეგრაციაშია და არა რუსულ ინტეგრაციაში, ეკონომიკური, კულტურული, ვიცილიზაციური. თუკი ეს ფერხდებოდა, ამის მიზეზი ერთადერთი შეიძლება ყოფილიყო საზოგადოების პასიურობა, შიში, ნიჰილიზმი. უკრაინას სწორედ ეს არ აქვს. უკრაინაში სწორედ საზოგადოება დადგა ამ იდეალების დასაცავად და გამორიცხულია, რომ გარედან ან შიგნით, რაღაც ძალოვანმა სტრუქტურებმა მრავალმილიონიანი საზოგადოებრივი მუხტი შეაჩერონ. რა თქმა უნდა, პროცესი შეიძლება დიდხანს გაიწელოს, შესაძლოა ქვეყნის გახლეჩვის საფრთხეც იყოს, თუკი რუსები გაათამაშებენ რუსულ ეთნიკურ კარტას და თუკი გამოუვათ ეს, მაგრამ მთლიანობაში პროცესი უკრაინელი საზოგადოების გამარჯვებით რომ დასრულდება, ამაში ეჭვი არ მეპარება,“- ამბობს დავით დარჩიაშვილი.
ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის სამხრეთ კავკასიის წარმომაგენელი ლევან ცუცქირიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ უკრაინა რუსეთისთვის ძალიან დიდი ფსონია. ამდენად საერთაშორისო საზოგადოების თვალში რუსეთის ხელისუფლება უხერხულობას სულაც არ იგრძნობს ერთის მხრივ ოლიმპიადა ჩაატაროს და მეორეს მხრივ უკრაინაში ბერკუტის გადამეტებულ ძალმომრეობაზე დამოკიდებული ხელისუფლება გაამყაროს და მხარდაჭერა აღმოუჩინოს. ლევან ცუცქირიძე:
„უკრაინა იმდენად დიდი პრიზია, უკრაინის დათმობა, იმის შიშით, რომ ოლიმპიადაზე ნაკლებად მოეწონო ვინმეს, არამგონია. ყველამ კარგად იცის, როგორი სახელმწიფოა რუსეთი. ან ვერ უნდა ხედავდე, ან ძალიან მიამიტი იყო, რომ ვერ შენიშნო, როგორ პირობებში ტარდება ოლიმპიადა. ახალი აქ არავისთვის არაფერი არაა. ეს ასევე ბიზნესია, შიდა მოხმარებისთვისაც ძალიან პოპულარულია, რომ ოლიმპიადა რუსეთში ტარდება. მომგებიანი პოლიტიკაა, თან უკრაინაშიც გავლენას ავრცელებ, რეალურად ხელი შეუშალე ხელმოწერას ევროკავშირთან ხელშეკრულების ტექსტზე. რეალურად, ოლიმპიადა არაა უკრაინის საპირწონე. საქმე სულაც არ დგას ისე, რომ რუსეთში თქვან, კარგით, კარგით, წადით, მოაწერეთ ხელი ევროკავშირთან, ოღონდ სოჭში მშვიდობით ჩამატარებინეთ ოლიმპიადა. ასე არ იქნება. შეიძლება ითქვას, ესაა გეოპოლიტიკური მეტოქეობაც, მაგრამ მაინც მე ვფიქრობ, რომ ესაა მეტოქეობა ისტორიის პოზიტიური მხრივ განვითარებისა და ისტორიის შემობრუნების მცდელობა ავტოკრატიული რეჟიმების მიერ, რაცაა პრინციპში საბაჟო კავშირის და ეს იდეა ევრაზიული კავშირისა. როდის დასრულდება, რთულია ითქვას, მაგრამ მალე რომ არ დასრულდება, ეს ფაქტია და ვხედავთ ყველა, რომ ადამიანები, რომლებიც გამოსულნი არიან კიევში, ლვოვში და სხვა ქალაქებში სულაც არ ფიქრობენ, რომ ესაა ერთჯერადი აქცია. მათ სურთ მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა და საოცარ გამძლეობასა და ნებელობას ავლენენ.“
ნებისმიერ შემთხვევაში, პროგნოზს უკრაინული მოვლენებისას ვერავინ აკეთებს. ვითარების ესკალაციის ჭერი ჯერ არ ჩანს. უკრაინის ელჩმა საქართველოში ვასილ ციბენკომ, რომელმაც დღეს თბილისში პრესკონფერენცია გამართა, ასევე განაცხადა, რომ აქციების მალე დასრულებას და ვითარების სტაბილურ ჩარჩოში მოქცევას ჯერ არავინ ელის.