არავინ იცის, რატომ გადაწყდა ზამთრის ოლიმპიადის ჩატარება რუსეთის სუბტროპიკულ ქალაქში, რომელიც რეკორდული თანხა ჯდება
Your browser doesn’t support HTML5
6 წლის წინ სოჭის ზამთრის 2014 წლის ოლიმპიადის ადგილად გამოცხადებამ დიდი გაკვირვება გამოიწვია. რუსეთის ერთადერთ სუბტროპიკულ ქალაქს არც შესაფერი კლიმატი ჰქონდა და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც არ გააჩნდა. სათხილამურო ტრასების და საციგურაო მოედნების მშენებლობა სოჭში ნულიდან უნდა დაწყებულიყო და მათი პირველი პრეზენტაციაც სწორედ ოლიმპიადაზე იგეგმებოდა. როგორ მიმდინარეობს ზამთრის ოლიმპიადის სამზადისი რუსეთში?
ევროპის ყველაზე დიდი სამშენებლო ობიექტი სოჭში მდებარეობს. სადღეღამისო სამუშაოებზე 100 000 ადამიანი და 500 კომპანიაა დასაქმებული. აქ შენდება სასტუმროები, საციგურაო მოედნები, ტრამპლინები და უამრავი სხვა ობიექტი. შავი ზღვის სანაპიროს სუბტროპიკული კურორტი ზამთრის ოლიმპიადისთვის ემზადება.
პრეზიდენტი პუტინი პირობას დებს, რომ მომავალი წლის თებერვლამდე ყველაფერი მზად იქნება, რასაც რუსეთში ფეიერვერკებით აღნიშნავენ. ოლეკ კრაჩენკოც, საციგურაო მოედნის მენეჯერი, ოპტიმისტურადაა განწყობილი.
„გვინდა ყველას დავუმტკიცოთ, რომ აქ, რუსეთის სამხრეთშიც შეიძლება ზამთრის ოლიმპიადის მოწყობა“- ამბობს ის.
თუმცა, ეს ახირება ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება. 51 მილიარდი დოლარით სოჭის ოლიმპიადა უკვე ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ძვირი ოლიმპიური ტურნირი დედამიწაზე. პირველად ბიუჯეტს ის 5-ჯერ და ვანკუვერის წინა ოლიმპიადას 6-ჯერ აღემატება. თან არავინ იცის, კიდევ სადამდე გაიზრდება ეს თანხა.
გარემოს დამცველ, ვლადიმირ კიმაევს მიაჩნია, რომ კრემლი უაზროდ ფლანგავს თანხებს იმაში, რაც სულ 2 კვირა გასტანს.
„ნორმალურია სახელმწიფო თანხების განიავება პროექტში, რომელსაც აღარასოდეს გამოიყენებ? ტრამპლინები ხომ ოლიმპიადის დასრულებისთანავე ალაგდება“- ამბობს ვლადიმირი.
მასთან ერთად ბევრი თვლის, რომ თანხების უმეტესი ნაწილი კორუფციამ შთანთქა. განსაკუთრებით კურიოზულად მას ახალი გზების ღირებულება მიაჩნია და ერთ-ერთ 48-კილომეტრიან მონაკვეთზე ყვება.
„დაახლოებით, რომ წარმოიდგინოთ, მარსზე მისიის გაგზავნის პროექტი 2 მილიარდნახევარი ჯდება. „კრასნაია პალიანას“ გზა კი სულ ცოტა 3-ჯერ მეტი: 7-ნახევრიდან 10 მილიარდამდე. წესით, მე რომ მკითხოთ, ასფალტის მაგივრად ოქროს უნდა ვაგებდეთ“ - აღნიშნავს გარემოს დამცველი.
ადვოკატი სემიონ სემიონოვი ამბობს, რომ სამშენებლო კომპანიები შუა აზიიდან ჩამოსულ მუშახელს ხშირად ატყუებენ.
„ძალიან ხშირად უცხოელ მუშახელს ქირაობენ. გამოართმევენ დოკუმენტებს, ვითომ ვიზებს უფორმებენ, მაგრამ ამ დროს ატყუებენ. ქვეყანაში არალეგალურად ამყოფებენ და მათი დათხოვნა და რუსეთიდან დეპორტირება ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ“ - ყვება ადვოკატი.
იმიგრანტი მუშახელის დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩიც“ იტყობინებოდა. ჰუსეინ კარიმოვიჩი სოჭში უზბეკეთიდან ჩავიდა.
“მონაცვლეობით ვმუშაობთ, 10 კაცი დღისით და 10 - ღამით. სხვანაირად ტრამპლინის დასრულება არ მოხერხდება“.
ჰუსეინი ყვება, რომ ერთხელ, დღის ბოლოს, მათი დამქირავებელი ოფისიდან გაქრა და 6 500 დოლარი მისი კუთვნილი ხელფასი არ გადაუხადა.
თუმცა, 2014 წლის თებერვალი რომ მოვა, საოლიმპიადო აჟიოტაჟი და აღფრთოვანება მსოფლიოს ამ ყველაფერს გადაავიწყებს. რუსეთი კი ზამთრის პირველი ოლიმპიადის ამაყი მასპინძელი იქნება.