ენერგეტიკის მინისტრის საფეხბურთო "ქამბექი"

ლევან კობიაშვილი და კახი კალაძე სააგენტო "პირველის" ფოტო

ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე პრემიერმა, წარსულში ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა ფეხბურთელმა კახი კალაძემ, ყველაფერი გააკეთა, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, მისი მეგობარი, ასევე ყოფილი ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი, 38 წლის ლევან კობიაშვილი გამხდარიყო.

მიუხედავადა იმისა, რომ როგორც ეროვნული ფედერაციის, ისე უეფასა და ფიფას წესდებები, ცალსახად კრძალავს სახელმწიფოს ჩარევას ფეხბურთის საქმეებში, ენერგეტიკის მინისტრმა ფილიგრანულად გამოიყენა, მისი პირადი მეგობრის, უეფას ვიცე-პრეზიდენტის, უკრაინელი გრიგორი სურკისის ფაქტორი.

თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს უეფას იურიდიული სამსახურის უფროსი ჟაკ ბონდალეზი დააკვირდებოდა. თუმცა არჩევნების წინა დღეს, თბილისს, მოულოდნელად, უეფას ვიცე-პრეზიდენტი სურკისიც ეწვია. კიევის „დინამოს“ ყოფილი მეპატრონე, სადაც 1998 წელს, კახი კალაძის ვარსკვლავური საფეხბურთო კარიერა დაიწყო.

გრიგორი სურკისი მთავარი მედიატორი იყო 7 საათიანი, უმძიმესი მოლაპარაკების დროს, ორ უკიდურესად დაპირისპირებულ, საფეხბურთო ბანაკს შორის, რომელთა კანდიდატებიც არჩევნებზე : ლევან კობიაშვილი და რეზი არველაძე იყვნენ. გადამწყვეტი კენჭისყრის წინ, უეფას ვიცე-პრეზიდენტმა მხარეებს ამ სიტყვებით მიმართა:

„მე გთხოვთ ყველას, რომ ამ დარბაზიდან, არჩევნების შედეგების მიუხედავად, გახვიდეთ არა, როგორც მტრები, არამედ როგორც მეგობრები, გაერთიანდით იმ თამაშის ირგვლივ, რომელიც მილიონებს უყვართ. მხოლოდ ერთად შეგვიძლია ჩვენ შევინარჩუნოთ, ფეხბურთის უნიკალური თვისება - გააერთიანოს ადამიანები.“

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, რეზი არველაძე დარწმუნებით ამბობდა, რომ პრეზიდენტი, ნებისმიერ შემთხვევაში ის გახდებოდა. ამ თვითდაჯერებულ ტონს საფუძველი მართლაც ჰქონდა. ფედერაციის გენმდივნობის პერიოდში, არველაძემ, საკუთარ თავზე მოირგო წესდება, რამაც საშუალება, მისცა მისი მეგობრები, ხელქვეითები და ნათესავებიც კი ხმის უფლების მქონე დელეგატები გამხდარიყვნენ.

არველაძეს ჰქონდა მხარდაჭერა მმართველი გუნდიდანაც, მისი პროგრამის პრეზენტაციას ესწრებოდა ყოფილი პრემიერის, ივანიშვილის უახლესი გარემოცვის წევრი, ტრიპოლსკი. ასევე, ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელები და ე.წ „შემოქმედებითი ინტელიღენციის“ სოლიდური ნაწილი, რომელიც, ტრადიციულად, „ქართული ოცნების“ დასაყრდენია. ამავე დროს, არველაძეს, საკუთარი გათვლებით, თანაუგრძნობდნენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც.“ საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ, არჩევნების წინ, არველაძეს სერიოზული ფორა - ჰანდიკაპი ჰქონდა.

თუმცა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ, რომელიც პირადად ლობირებდა ლევან კობიაშვილს, საარჩევნო პროცესში, ისეთი ხისტი პრესინგით „ითამაშა“, როგორც საფეხბურთო კარიერის საუკეთესო წლებში. მან პირველ რიგში, მიიმხრო ქართული ფეხბურთის ფლაგმანი - თბილისის „დინამო“, არველაძეს აუმხედრა საბიუჯეტო დაფინანსების მქონე კლუბები, ბოლოს კი რამდენიმე ხმა რეგიონალურ ფედერაციებშიც „იშოვა.“

გადამწყვეტი მაინც, საარჩევნო პროცესში, უეფას ვიცე-პრეზიდენტ სურკისის ჩართვა და დელეგატ გობეჯიშვილის დაპატიმრება გახდა. ინვალიდ ფეხბურთელთა ლიგის წარმომადგენელი პოლიციამ ნარკოტიკების მოხმარებისთვის. მაინც და მაინც, არჩევნების ღამეს დააკავა. ამ ფაქტზე, ვიცე-პრემიერმა ბრძანა, რომ ქართული ფეხბურთის ბედს ნარკომანები არ უნდა წყვეტდნენ.

უეფას ვიცე-პრეზიდენტმა სურკისმა კიმოახერხა და კენჭისყრაზე გაიტანა, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატების სადაო საკითხი, რითაც აშკარად კალაძე-კობიაშვილის ბანაკი ახეირა. დელეგატ გობეჯიშვილს კი მოაშარდვინეს, დააჯარიმეს, იზოლატორიდან გამოუშვეს და სხვა დელეგატით ჩაანაცვლეს, თუმცა მის დაკავებას უკვე „დომინოს ეფექტი“ ჰქონდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი ზურაბიშვილმა თქვა, რომ ეს ხელების გადაგრეხვის არჩევნები იყო:

„ფაქტია, რომ პოლიტიკა უფრო არის ეს, ვიდრე ფეხბურთი. აქ, პროგრამაზე და ხედვაზე ზოგადად საუბარი არსად ყოფილა, ვინ მოერეოდა იმაზე იყო საუბარი და საბოლოოდ გამოვიდა, რომ ერთი მოერია მეორეს.“

საფეხბურთო მინდორზე ასეთი ხისტი თამაშისთვის კახი კალაძე წითელ ბარათს ვერ გადაურჩებოდა. თუმცა, ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, დღეს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე პრემიერია, რომელმაც ისევ, საფეხბურთო ტერმინს თუ გამოვიყენებთ, ჰანდიკაპიან მოწინააღმდეგეებს, საოცარი ქამბექი შეუსრულა.

საბოლოოდ, კენჭისყრაზე, 33 დელეგატიდან, მხოლოდ 15-მა დაუჭირა მხარი რეზი არველაძეს, 18-ი ხმა კი ლევან კობიაშვილს ერგო. მან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სავარძელი 2019 წლამდე დაიკავა. მანამდე კი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებია, რომელზეც ამომრჩეველი თავად გადაწყვეტს, ენერგეტიკის მინისტრი და მმართველი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის „თამაში“, რომელი ბარათით შეაფასოს.

სამართლიანობისთვის კი უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 25 წლის მანძილზე, ფეხბურთის ფეედრაციის პრეზიდენტის არჩევნებზე: არაერთი „ავტოგოლი,“ „უხეში ვარდნა“(პატკატი), „ხელოვნური ოფსაიდი“ და „ტექნიკური დამარცხება“ გვახსოვს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები:
ნოდარ ახალკაცი უფროსი 1990-1998 (გარდაიცვალა)
მერაბ ჟორდანია 1998 – 2005 (დააპატიმრეს)
ნოდარ ახალკაცი უმცროსი 2005-2007 (დამარცხდა)
გიორგი ნემსაძე 2007 (აირჩიეს და 30 წუთში გადააყენეს)
ნოდარ ახალკაცი უმცროსი 2007-2009 (გადადგა)
ზვიად სიჭინავა 2009-2015 (გადადგა)
ლევან კობიაშვილი 2015-დან