ამერიკელებს აღარ უნდათ მსოფლიოს პოლიციელები იყვნენ

11 სექტემბერის მემორიალი ნიუ იორკში

11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ 12 წელი გავიდა. როგორ შეიცვალა ამერიკული პოლიტიკა და საზოგადოება ამ ხნის განმავლობაში? რა გავლენა იქონია ამ ტრაგიკულმა დღემ ამერიკელების შეხედულებებზე? ამ თემებზე ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორ ლერი საბატოს ვესაუბრეთ. პროფესორმა საბატომ ცოტა ხნის წინ გამოსცა წიგნი, სახელწოდებით "კენედის ნახევარი საუკუნე."

ბატობო სობატო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. როგორ დაახასიათებდით 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების გავლენას ამერიკის პოლიტიკაზე და რას ნიშნავს 11 სექტემბსერი ამერიკის ისტორიაში?

11 სექტემბრის მოვლენებს ამერიკელ ხალხზე დიდი გავლენა ჰქონდა. უკანასკნელი 70 წლის მოვლენებს რომ გადავავლოთ თვალი სულ 3 შემთხვევაა ისეთი, რომლის დროსაც თითოეულ ამერიკელს ახსოვს სად იყო და რას აკეთებდა იმ მომენტში. პირველი 1941 წლის 7 დეკემბერი იყო, როცა იაპონია ამერიკას დაესხა თავს, რასაც ამერიკის მეორე მსოფლიო ომში ჩართვა მოჰყვა. მეორე 1963 წლის 22 ნოემბერი იყო, როცა პრეზიდენტი ჯონ კენედი მოკლეს და მესამე 2001 წლის 11 სექტემბერი იყო. როცა ქვეყანაში ხდება ინციდენტი, რომელიც თითოეულ ზრდასრულ მოქალაქეზე და ბავშვებზეც კი დიდ ზემოქმედებას ახდენს, ჩვეულებრივ გრძელვადიან გავლენას ახდენენ ერის ცხოვრებაზე.

რა არის ზოგიერთი ეს გავლენა?

ერთი იყო ის, რომ ამერიკელებს დაემსხვრათ შეხედულება, რომელიც მსოფლიოზე მანამდე ჰქონდათ. ცივი ომის დასრულების შემდეგ ამერიკელები ფიქრობდნენ, რომ მსოფლიოში მშვიდობა დამყარდებოდა, რომ ამერიკას აღარ დასჭირდებოდა ზედმეტი ძალისხმევა ეროვნულ უსაფრთხოებასა და ეროვნულ თავდაცვაზე, რომ ადგილობრივი საკითხები ყურადღების ცენტრი გახდებოდა. ასეთმა მიდგომამ სხვა მნიშვნელოვანი საკითხებისადმი ყურადღების მოდუნება გამოიწვია. ეს კი საბოლოო ჯამში ძალიან ძვირი დაგვიჯდა. ჩვენ სინამდვილეში არ ვიცოდით რა იყო ტერორიზმი, ვიცოდით, რომ ის არსებობდა, სადღაც შორს და ვერასოდეს წამოვიდგენდით, რომ ეს საფრთხე ოდესმე ამერიკამდე მოაღწევდა. 11 სექტემბრამდე მიამიტები ვიყავით. დღეს ამერიკელებმა იციან, რომ ეროვნული თავდაცვა ძალიან მნიშვნელოვანია და ზოგჯერ ქვეყნის გარეთ სამხედრო ოპერაციებიც საჭიროა, გვინდა ეს თუ არა.

სირიაში სამხედრო ინტერვენციის დაწყებაზე ამერიკელების მიერ გამოხატული წინააღმდეგობა მიუთითებს თუ არა იმაზე, რომ ქვეყანას აღარ სურს უცხოეთში სამხედრო ოპერაციების წარმოება?

ეს ძალიან კარგი შეკითხვაა. ჩემი აზრით, ჩვენ, ამერიკელი ხალხი და არა ამერიკის ადმინისტრაცია, თავს იკავებს სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებისგან იმის გამო, რომ ქვეყანა 2001 წლის შემდეგ ორ გრძელვადიან ომშია იყო ჩართული - ავღანეთსა და ერაყში. ეს ქვეყნის ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვა. ამასთან, დაიღუპა დიდი რაოდენობით ამერიკელი ჯარისკაცი. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ყოველდღიური შეხება გვაქვს ომთან. ეს ერთი ასპექტია. მეორე ის არის, რომ სირიის, ისევე როგორც ეს ლიბიის შემთხვევაში, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყნებში სამხედრო ჩარევა ამერიკის ეროვნულ ინტერესებში შედის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან ვწუხვართ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამერიკელებს ასევე სჯერათ, რომ ჩვენი ქვეყნის მოვალეობა მსოფლიოში პოლიციის როლის შესრულებაა.

როგორ შეიცვალა საარჩევნო კამპანიები 2001 წელის შემდეგ? არის თუ არა ამომრჩეველი დღეს უფრო დაინტერესებული საგარეო პოლიტიკით?

დიახ, კამპანიები ნამდვილად შეიცვალა. ამომრჩეველს აინტერესებს თუ რა იცის კანდიდატმა ტერორიზმზე, როგორ შეიძლება მისგან საზოგადოების დაცვა, ტერორიზმთან ბრძოლით ხომ არ ვარღვევთ ადამიანის უფლებებს, რაც ამერიკელებისთვის ძალიან მნიშვნელოომლოვნია. ჩვენთვის ამ უფლებების გარანტია კონსტიტუციის პირველი 10 დამატებაა. ამერიკელებს სურთ იცოდნენ თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ტერორიზმის აღსაკვეთად, რისი გაკეთება შეუძლიათ ამ მიზნის მისაღწევად კანდიდატებს და როგორ აპირებენ ისინი ამ პროცესში ჩვენი უფლებების დაცვას. ეს საკითხები არა მხოლოდ საპრეზიდენტო, არამედ კონგრესის არჩევნებზეც აქტუალურია.

ჟურნალ „ტაიმ“-მა ერთხელ დაწერა, რომ 21-ე საუკუნეში ამერიკის ცხოვრებას თემა რომ ჰქონოდა, ის შეუდრეკელობა იქნებოდა. თქვენთვის, როგორც ისტორიკოსისთვის, 11 სექტემბრის დილის შემდეგ მომხდარი მოვლენებიდან, რა იყო ყველაზე შთამბეჭდავი?

ერთმანეთისგან გამოვყოფდი პოლიტიკურ და პერსონალურ შთაბეჭდილებებს. დღეს ამერიკაში ხშირად გვესმის კრიტიკა იმის გამო, რომ ქვეყანაში პოლიტიკა უკიდურესად პოლარიზირებულია. რესპუბლიკელები არ აღიარებენ, რომ დემოკრატებს შიძლება კარგი იდეები ჰქონდეთ და დემოკრატები კი რესპუბლიკელების კარგ იდეებს უარყოფენ. 11 სექტემბრის შემდეგ, ამერიკაში ნამდვილად იყო ეროვნული ერთობა. ყველაზე თბილად ერთი დღე მახსენდება, როცა რესპუბლიკელები და დემოკრატები თითქმის მთელი კონგრესი კონგრესის შენობის წინ კიბეებზე ერთად იდგა და „ღმერთმა დალოცოს ამერიკას“ მღეოდა. ეს ძალიან სევდიანი სიმღერა იყო, იმის გამო, რომ ეძღვნებოდა 3000 ადამიანს, რომელიც 11 სექტემბერს დაიღუპა. ზოგჯერ ტრაგედია უნდა მოხდეს იმისთვის, რომ გავიხსენოთ, თუ რა გვაერთიანებს.

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.