რამდენად მისაღებია ედუარდ სნოუდენისთვის კრემლის მიერ მინიჭებული უფლებები?
Your browser doesn’t support HTML5
ედუარდ სნოუდენს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს რამდენიმე სათვალთვალო პროგრამის დეტალის გამჟღავნებაში ედება ბრალი. სნოუდენი ჰავაიში მუშაობდა. სკანდალის შემდეგ ივნისში თავი ჰონ კონგს შეაფარა, მოგვიანებით კი მოსკოვში ჩაფრინდა. ვიდრე კრემლი ედუარდ სნოუდენს ერთწლიან დროებით თავშესაფარს მისცემდა, მას აეროპორტის ტრანზიტულ განყოფილებაში თვეზე მეტი ყოფნა მოუწია.
ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტი დევიდ ბარეტი ვილანოვას უნივერსიტეტის პროფესორია:
„სნოუდენისთვის რუსეთში დარჩენის უფლება ვლადიმირ პუტინმა იმით ახსნა, რომ იგი იქ წყნარად მოიქცევა. ეს იმას ნიშნავს, რომ სნოუდენი შეწყვეტს ლაპარაკს და ამერიკის დაზვერვის სამსახურების საიდუმლო ინფორმაციაზე არაფერს იტყვის. არა მგონია, ეს რეალურად შესაძლებელი იყოს. სნოუდენი ჟურნალისტებთან ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს საქმიანობაზე საუბარს არასდროს მოერიდება.“
პიტერ სადოვნიკი ექპსერტია ამერიკელების მიერ რუსეთში თავშესაფრის ძიების საკითხებში.იგი ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლება იქ ჩასულ ადამიანებს ნათელი მომავლით ვერ უზრუნველყოფს:
„რუსებს ამის დიდი გამოცდილება აქვთ, მათ კარს ძირითადად ისეთი ადამიანები აღებენ ,ვისაც სხვაგან წასასვლელი არ აქვს. ეს ადამიანები საკუთარ ბედს კრემლს ანდობენ. კრემლმაც მშვენივრად იცის, რომ ისინი თაღლითების და ქურდების კატეგორიიდან არიან.“
სადოვნიკის თქმით, რუსები ასეთ ადამიანებს საშუალებას აძლევენ იფიქრონ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს:
„თუმცა შემდეგ ყველა მათგანი აანალიზებს, რომ ეს ყველაფერი მოჩვენებითია. ასე მოხდა ოსვალდის და ყველა დანარჩენის შემთხვევაშიც, როდესაც მათ რუსეთში თავშესაფარი მიიღეს. ყველა მათგანს ერთი გამოცდილება აქვს. არა მგონია მოიძებნებოდეს თუნდაც ერთი ადამიანი, ვინც იქ თავს ბედნიერად გრძნობს.“
სადოვნიკის თქმით, სნოუდენის შემთხვევა განსხვავებულია. რუსებს არ სურთ, რომ იგი ჟურნალისტებს შეხვდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ქვეყნის შორეულ რეგიონში ცხოვრება მოუწევს.
„ის გასული საუკუნის 60იან წლებში აშენებულ ეგრეთწოდებულ „ხრუშჩოვკის’ ტიპის სახლში იცხოვრებს და სადმე სკოლაში ან ქარხანაში დამლაგებლად იმუშავებს.“
კენანის ისნტიტუტის დირექტორის მეთიუ როჟანსკის განცხადებით, სადაც არ უნდა წავიდეს სნოუდენი, მას უკვე აღარავინ ენდობა:
„სნოუდენის საკითხზე მოლაპარაკებებმა შესაძლოა წლების მანძილზე გასტანოს. მოგვიანებით პრესის მღელვარება დაცხრება, შეერთებული შტატები შეიძლებს რუსეთს სნოუდენის სანაცვლოდ რაიმე მნიშვნელოვანი შესთავაზოს. შემდეგ ის მესამე ქვეყანაში საცხოვრებლად გადავა, სადაც აუცილებლად დააპატიმრებენ.“
ანალიტიკოსების აზრით, ედუარდ სნოუდენს დღესდღეობით ამერიკის გარდა ყველგან უკეთესი ცხოვრება ელის, თუმცა ეს „ყველგან“ სად არის - ჯერჯერობით არავინ იცის.