გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინულ ქალაქებზე რუსეთის მიერ მიტანილ იერიშებს 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 70-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვი.
კიევის ცნობით, რუსული იერიშების მთავარი სამიზნე ქალაქი ხარკივი იყო, სადაც სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 51-ს მიაღწია. ხარკივის მერი იჰორ ტერეხოვი ამბობს, რომ იერიშების დროს საერთო ჯამში 30 კორპუსი დაზიანდა.
საჰაერო იერიშებისა და მისგან გამოწვეული ნგრევის შედეგად ხარკივში გაზსადენი დაზიანდა, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები და სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურა. ათასობით ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ხარკივთან ერთად რუსეთის კიდევ ერთი სამიზნე უკრაინის დედაქალაქი იყო. კიევში, საჰაერო თავდაცვითმა სისტემებმა იერიშების მოგერიება შეძლო, თუმცა რაკეტების ნარჩენებმა რამდენიმე შენობა მნიშვნელოვნად დააზიანა.
„ძალიან ძლიერი ხმა იყო.. გარეთ როცა გავედით დავინახეთ, როგორ იწვოდა შენობები ჩვენს ირგვლივ“, - უყვება სააგენტო „როიტერს“ დენის ბრაუნი, რომელიც კიევში ცხოვრობს. კიეველები ამბობენ, რომ ერთ-ერთი რაკეტა უკრაინის დედაქალაქში გაეროს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
უკრაინული ქალაქებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა უკრაინაში რუსეთის ომის თანმდევი პროცესია. ანალიტიკოსების შეფასებით რუსეთი აღმოსავლეთ ფრონტზე ინიციატივის მოპოვების მცდელობის პარალელურად უკრაინელების დაშინებას აგრძელებს და მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ცდილობს.