ამერიკაში, ჯორჯიის შტატში, რასობრივ ნიადაგზე 21 წლის მამაკაცმა 6 აზიელი ქალი და 2 კაცი მოკლა, შემთხვევა ღამის საათებში ატლანტაში და მის შემოგარენში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, სხვადასხვა რაიონში თავდამსხმელმა რამდენიმე სალონში და სპა ცენტრში მიზანმიმართული ცეცხლი გახსნა აზიელი ადამიანების წინააღმდეგ. პოლიციამ უკვე ამოიღო კამერის ჩანაწერები, რომელიც ადასტურებს რომ 21 წლის რობერტ აარონ ლონგი, სამივე თავდასხმის ადგილზე იმყოფებოდა. შესაბამისად პოლიცია ამბობს, რომ სამივე თავდასხმაზე პასუხისმგებელი აარონ ლონგია. თავდასხმა სხვადასხვა ლოკაციაზე დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ხდებოდა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დაღუპულებს შორის ოთხი ადამიანი სამხრეთ კორეიდან არის. ინფორმაცია ამის შესახებ უკვე დაადასტურა სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
მომხდარზე განცხადება გაკეთდა თეთრ სახლშიც. პრესსპიკერ ჯენ ფსაკის განცხადებით ჯო ბაიდენი მთელი ღამის განმავლობაში კონტაქტზე იმყოფებოდა შტატის წარმომადგენლებთან და მიიღო დეტალური ინფორმაცია განვითარებული პროცესების შესახებ. გამოძიებაში შესაძლოა გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთოს.
21 წლის ეჭვმიტანილი პოლიციამ ჯორჯიის შტატში მაშინ დააკავა, როცა ის მიმალვას ცდილობდა. ის ამ დროისთვის საპატიმროში იმყოფება.
Your browser doesn’t support HTML5
ბოლო პერიოდში, ამერიკაში აზიელების წინააღმდეგ აგრესია მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2020 წლის მარტიდან დღემდე 3 800 ასეთი შემთხვევა ფიქსირდება. ეს მხოლოდ იმ შემთხვევების ნაწილია, რომლის დარეგისტრირებაც მოხდა. აზიელი ამრიკელების ცენტრში ამბობენ, რომ აზიელი ამერიკელების დასაცავად საკმარისი ზომები არ ყოფილა მიღებული, რის გამოც სიძულვილი და ძალადობა მათ მიმართ ხშირია.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა კონგრესში პრამილა ჯაიპალმა, რომელიც აზიური წარმოშობის კონგრესმენია, მან თქვა, რომ როცა ამ ამბის შესახებ გაიგო, გული საშინლად ეტკინა.
"აზიელი ამერიკელები ხდებიან ძალადობის სამიზნეები, მათ ავიწროვებენ, თავს ესხმიან როგორც ჯორჯიის შტატში, ასევე მთელს ამერიკაში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ძალადობა დასრულდეს,"- წერს კონგრესმენი "ტვიტერში"
ამ დრომდე, უცნობია აღიარებს, თუ არა დანაშაულს 21 წლის რობერტ აარონ ლონგი. პოლიცია ამ დრომდე იკვლევს მის ქმედებებს, სამართალდამცავებს აინტერესებთ ის მარტო მოქმედებდა თუ არა. ასევე უცნობია მოტივი.
არსებული ინფორმაციით 21 წლის ახალგაზრდამ 8 ადამიანი მოკლა, 3 კი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.