ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის - სომხეთი მოლაპარაკებებისთვის მზად არის 

სომხეთი მზად არის მოლაპარაკებების დასაწყებად - განცხადება ოფიციალურ დონეზე ერევანში მას შემდეგ გაკეთდა, რაც 5 დღიანი ომის შემდეგ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ათობით ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა. ერევანი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ითანამშრომლოს ეუთოსთან, რათა კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს.

ასევე ნახეთ: რუსეთი, საფრანგეთი და ამერიკა მხარეებს ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკვე მეორე დღეა არაფერს ამბობს აზერბაიჯანი, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს მოლაპარაკებებისკენ და დაუყონებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ ჯერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის პირველმა პირებმა მოუწოდეს.

მაშინ, როცა აზერბაიჯანი დუმს, სომხეთს მოლაპარაკებებისთვის საკუთარი პირობები აქვს. ერევანში ამბობენ, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ ეუთოს ორგანიზებით უნდა შედგეს. მეტიც, სომხეთი ამბობს, რომ რუსეთის შუამავლობით მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება.

ასევე ნახეთ: გაეროს უშიშროების საბჭომ დახურულ კარს მიღმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე იმსჯელა

სამხედრო დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ამ დრომდე გრძელდება. ბაქო ამბობს, რომ ყარაბაღის ე.წ. დედაქალაქი დაბომბა, მეტიც, ოფიციალური პირები მოუწოდებენ სომხეთს გაიყვანონ ტერიტორიიდან სამხედრო შეიარაღება.

ამ დრომდე მხარეები ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ და ამბობენ, რომ შეიარაღებული დაპირისპირება მათ არ დაუწყიათ და ისინი მხოლოდ თავს იცავენ. ორივე ქვეყანაში მოქმედებს საომარი მდგომარეობა.

Your browser doesn’t support HTML5

სამხედრო დაპირისპირება ყარაბაღში

დასავლეთის მოწოდებებს, რომ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები ყარაბაღში, თურქეთი ეხმაურება. ანკარაში ამბობენ, რომ სამ დიდ სახელმწიფოს (ამერიკის შეერთებულ შტატებს, საფრანგეთს და რუსეთს) არ უნდა ჰქონდეს რაიმე როლი სამშვიდობო პროცესში.

ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებული შტეტები და რუსეთი ეუთოს მინსკის ჯგუფის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები არიან და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებებს უძღვებიან. ეს პროცესი 1992 წლის შემდეგ მიმდინარეობს.

ასევე ნახეთ: სამხედრო დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ბოლო დღეებთან შედარებით, განსაკუთრებით რთული იყო გასული ღამე, მნიშვნელოვნად გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა როგორც სომხეთში, ასევე აზერბაიჯანში.