შანხაი, ტოკიო და ნიუ-იორკი დედამიწას ყველაზე მეტად აბინძურებენ

აზიისა და შეერთებული შტატების ქალაქები დედამიწაზე ყველაზე მეტ მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს, რაც ხელს უწყობს გლობალურ დათბობასა და პლანეტაზე მიმდინარე კლიმატის ცვლილებებს. ახალი ანგარიშის მიხედვით, დიდ ქალაქებს შორის, გარემოს მთავარი დამაბინძურებელი შანხაია - ჩინეთის უდიდესი ქალაქი.

256 მილიონი მეტრული ტონა სითბური აირების გამოყოფით, შანხაი სიის სათავეში მოექცა. ტოკიოს (იაპონია) 250 მილიონი მეტრული ტონა გამონაბოლქვი აქვს. ნიუ-იორკს (აშშ) - 160 მილიონი და ჰიუსტონს (აშშ) - 150 მილიონი. მეხუთე ადგილზეა სეული, სამხრეთ კორეის დედაქალაქი, 142 მილიონი ტონა ემისიების გამოყოფით.

ასევე ნახეთ: გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე, აზერბაიჯანმა დასავლეთი გააკრიტიკა

ანგარიში აერთიანებს და აანალიზებს ადგილობრივ დონეზე, სატელიტებითა და ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შეკრებილ მონაცემებს.

კვლევის ავტორია ორგანიზაცია "კლიმატის კვალი" (Climate Trace), რომლის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ალ გორია. გარემოს დაბინძურებაზე ახალი ანგარიში,15 ნოემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში წარადგინდეს, სადაც კლიმატის საკითხებზე გაეროს მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ბაქოში მოლაპარაკებაზე მყოფი ქვეყნები ცდილობენ ახალი მიზნები დასახონ, რათა მაქსიმალურად შეამცირონ გლობალური დათბობის ხელშემწყობი ემისიების გავლენა დედამიწაზე. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ასევე ცდილობს გაარკვიოს, თუ რა წვლილს შეიტანენ კლიმატის ცვლებებთან ბრძოლის საქმეში მდიდარ სახელმწიფოთა მთავრობები, ამ ამოცანის შესრულებაში ღარიბი ქვეყნების დახმარების მიზნით.

რაც შეეხება ემისიების გამოყოფაში დაწინაურებულ რეგიონებს, ანგარიშის მიხედვით, შვიდი პროვინცია ჩინეთშია. ერთი კი ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა და ეს არის მე-6 ადგილზე მყოფი ტეხასი.

ასევე ნახეთ: SOS - წყლის დონე 2023 წელს რეკორდულად გაიზარდა - გაერო