ნაღმები, რაც დრო და დრო ფეთქდება და რასაც ხან არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის, ხან შშმ ბავშვებსა და ქალებზე სექსუალური ძალადობის, ხანაც ბავშვთა სახლებში არასათანადო და ღირსებისშემლახავი მოპყრობის შინაარსი აქვს, ფორმირდება კოორდინირებული სისტემის არ არსებობით სახელმწიფოში. ასე მიიჩნევენ სპეციალისტები, ვინც ბავშვთა და ქალთა უფლებებს იცავენ და რომელთა ყოველდღიური საქმიანობაც ძალადობის შემცველი საქაღალდეებითაა სავსე.
5 ივნისს საქართველოში ახალი საქმე „გასკდა“, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულებსა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებასა და გავრცელებას მოიცავს. დანაშაულის მასშტაბებზე, ამ ეტაპზე საუბარი უჭირთ იმ ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც კი, ვინც ზოგიერთი მსხვერპლი ბავშვისა თუ ქალის უფლებას იცავს ამ საქმეში. უჭირთ იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში სულ ახალი და ახალი ამბავი „ამოდის“. ერთ საქმეს მეორე ებმის და ბოლო ჯერ არ ჩანს. ისიც, კი რაც ამ ეტაპისთვის არის ცნობილი, ვერავინ იტყვის, რომ ამომწურავია.
ასეა, თუნდაც მომხდარი დანაშაულის ლოკაციის საკითხი. თავდაპირველად, გავრცელდა ცნობა იმის თაობაზე, რომ შშმ ბავშვებისა და გოგოების მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაული, მათ შორის არა მხოლოდ გარყვნილი ქმედება, გაუპატიურებაც სამ ქალაქში, ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში ხდებოდა. ითქვა იმის თაობაზეც, რომ ეს იყო ერთგვარი ქსელი, რომლის მონაწილეები ერთმენეთს ელექტრონულად უცლიდნენ დანაშაულებრივი ხასიათისა და უკანონო შინაარსის ფაილებს, სადაც ბავშვთა პორნოგფრაფია და ძალადობა იყო ასახული, თუმცა ანა არგანაშვილი, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი „ამერიკის ხმასთან“ როგორც ამბობს, ეს არ შეიძლება სრულფასოვან ინფორმაციად ჩავთვალოთ, ამ დროისთვის.
„ჩვენი ორგანიზაცია, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, სამართლებრივად იცავს რამდენიმე დაზარალებულს. ამ დანაშაულის თავისებურება ისაა, რომ ვინაიდან დაზარალებულები არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები და გოგოები, პროცესი უნდა იყოს მათ საჭიროებებზე მორგებული. ჩვენ დიდი სიფრთხლით ვეკიდებით, რომ მათ არ დაკარგონ ნდობა სახელმწიფო სამართალდამაცვი სისტემის მიმართ და განაცხადონ დანაშაულებზე. ჯერ არ დასრულებული ფაზა, როდესაც ვარკვევთ, რამდენი შესაძლო მსხვერპლი შეიძლება იყოს კიდევ. რეტრავმატიზაციისგან დაცვის პრინციპით ვმოქმედებთ ყველა, მათ შორის, სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლები“,- გვეუბნება ანა არგანაშვილი.
Your browser doesn’t support HTML5
გამომდინარე იქიდან, რომ საქმე, გარკვეულწილად, გვაქვს კიბერ დანაშაულთანაც, მისი ლოკალურობის ჩარჩოებში მოქცევა შეუძლებელია. ამ ეტაპზე უცნობია მსხვერპლთა ან სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობაც კი. მათგან ბავშვი არც თუ მცირე რაოდენობითაა. პოლიცია პროცესში ჩართულია. თუმცა „ამერიკის ხმამ“ სამართალდამცავი სტრუქტურებისგან, რაიმე ტიპის სიახლის თაობაზე ინფორმაციის მიღება ვერ შეძლო.
იურისტი, უფლებადამცველი, გოგა ხატიაშვილი, რომელიც შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ყოფილი უფროსია, „ამერიკის ხმასთან“ იმ მიზეზების შესახებ საუბრობს, რაც ხელს უშლის სისტემას იყოს უფრო ეფექტიანი ქალებისა და ბავშვების მიმართ ჩადენილი დანაშაულის როგორც პრევენციაში, ისე ადექვატური სასჯელის დადგომაში, დამნაშავის მიმართ. მისი განმარტებით,
ყველა სხვა ძალადობის ფორმასთან შედარებით, ქალთა მიმართ სექსუალური დანაშაული არის ყველაზე დაფარული ფორმა. „ეს საქმეც სწორედ ამაზე მეტყველებს. ეს დანაშაული წლების განამვლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა. ბოლო პერიოდის ტენდენცია მიუთითებს, რომ დროული რეაგირება სახელმწიფოსთვის არაა პრიორიტეტული. პრიორიტეტულობა უნდა დამტკიცდეს საქმით. სახელმწიფო არ ხედავს ამ პრობლემას მასშტაბურად. სექსუალურ ძალადობას ქვეყანაში აქვს სისტემური ხასიათი. მხოლოდ ცალკეულ საქმეებზე რეაგირება ვერ შეძლებს ამ პრობლემის შესუსტებას,“- გვეუბნება გოგა ხატიაშვილი.
დანაშაულის სისტემურობის თაობაზე ყურადღებას ამახვილებს ანა არგანაშვილიც. ის აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს შორის კოორდინაციის არარსებობა ნოყიერ ნიადაგს ქმნის სექსუალური ხასიათის დანაშაულის გაუმჟღავნებლობისთვის, წლების მანძილზე.
„სქესობრივი დანაშაულების დროს, როდესაც საქმე ეხება მოწყვლად ჯგუფებს, შშმ პირებს, ქალებს, ბავშვებს, მანამ, სანამ საქმე მოვა განცხადების გაკეთებამდე, შეტყობინებამდე, არის მნიშვნელოვანი რგოლები, რომლებმაც უნდა დაიცვან ეს ქალები. სანამ პოლიციამდე მოვა საქმე, ამ ქალებს უნდა ამჩნევდნენ სოციალური სამსახურები, ფსიქოლოგები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია, ყველა ის უწყება და ინსტიტუტი, რომელსაც შეხება აქვთ შშმ ქალებთან და ბავშვებთნ. როდესაც პოლიცია ერთვება, უკვე არის დაგვიანებული. ქალებს ძალიან უჭირთ შეტყობინება,“- გვეუბნება ანა არგანაშვილი.
ძალადობის მსხვერპლთა ადვოკატირებისა თუ რეაბილიტაციის პროცესის მონაწილე სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ სქესობრივი დანაშაულის გამოძიება, დასჯა სახელმწიფომ მთლიანად დაუტოვა სამართალდამცავ ორგანოებს - შსს-სა და პროკურატურას, რაც არასწორია. „ამ პროცესში არაა ჩართული ჯანდაცვის, სოციალური დაცვის სამინისტრო. იქ საერთოდ ვერ ხედავენ ამ პრობლემას და არ მონაწილეობენ. ასევეა განათლების სამინისტრო. დღეს ქვეყანაში არ გვაქვს ერთიანი ხედვა ან სამოქმედო გეგმა, როგორ აგვარებს სახელმწიფო შშმ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრობლემას. შსს და პროკურატურა თავისი ინიციატივით, ცდილობს რაღაცის განვითარების, მაგრამ კოორდინაციის, მონაცემთა სრული არარსებობა ამას ხელს უშლის,“- გვეუბნება ანა არგანაშვილი და ამატებს, რომ თბილისში არ მოიძებნება ფსიქოლოგი, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან იმუშავებს, ღამის საათებში შეუძლებელია სოციალური მუშაკის პოვნა, რომელიც მსხვერპლს შეხვდება და არც სხვა სარეაბილიტაციო სერვისები არსებობს.
Your browser doesn’t support HTML5
სექსუალური დანაშაულის პრევენცია, ასევე, პრობლემური საკითხი და სისტემის აქილევსის ქუსლია. „ქალთა მიმართ, ოჯახში ძალადობაზე საუბრისას აქცენტი კეთდება მომხდარ დანაშაულზე რეაგირებაზე და ძალიან სუსტია პრევენციული პოლიტიკა. მნიშვნელოვანია რისკებისა და საფრთხეების სწორი შეფასება. არსებული მძიმე შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ ძალადობის რისკები და საფრთხეები სათანადოდ ვერ ფასდება. დაწყებული შსს-დან, გაგრძელებული პროკურატურით და დასრულებული სასამართლოთი. საქართველოში მომხდარი ფემიციდის საქმეები ადასტურებს, რომ მამაკაცმა ჩაიდინა დანაშაული, სასამართლომ გამოიყენა გირაო, რის შემდეგაც მამაკაცმა განმეორებით ჩაიდინა დანაშაული. ან პირი იყო საპატიმროში, მაგრამ მისი დატოვების შემდეგ ჩაიდინა დანაშაული. ეს მეტყველებს ლოიალური და ზოგ შემთხვევაში, ხანმოკლე სასჯელის გამოყენების ტენდენციაზე. პრობლემებია პრევენციის მიმართულებით, პრობლემებია მართლმსაჯულების სისტემაში,“- ამბობს გოგა ხატიაშვილი.
სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო დამოკიდებულება არის ერთგვარი ბარიერი იმისთვის, რომ მსხვერპლებმა მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს. „ამ სფეროში მოქმედებს დუმილის კულტურა“,- გვეუბნება გოგა ხატიაშვილი. ძალადობა გამოვლილი ქალები მიუთითებენ პოლიციელების მხრიდან არასათანადო დამოკიდებულბაზე.
„ხშირ შემთხვევაში, რჩება შთაბეჭდილება, რომ სამართალდამცავი სისტემა უფრო მეტ ემპათიას ავლენს მოძალადის მიმართ, ვიდრე მსხვერპლის. ეს არის დამაზიანებელი ფაქტორი, რაც ხელს უშლის მიმართვიანობის გაზრდას და მსხვერპლის სამართალდამცავებთან თანამშრომლობას,“- ამბობს გოგა ხატიაშვილი.
ბავშვების მიმართ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში ინფორმირებულობა, განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი დანაშაულის პრევენციისთვის. ბავშვებს ამ ტიპის ინფორმაციზე ხელი არ მიუწვდებათ. ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ზოგჯერ ბავშმა არ იცის, რომ მის მიმართ დანაშაულს სჩადიან, რადგან მას ამის შესახებ არავინ ასწავლა. სკოლაში სექსუალური განათლების არარსებობა ასევე ქმნის ნოყიერ ნიადაგს დანაშაულის გაზრდისთვის ბავშვების მიმართ.
„საქართველოში ბავშვებმა არ იციან, რა არის სექსუალური ძალდობა. მაშინ, როდესაც მათ უნდა აენთოთ განგაშის სიგნალი და დახმარებისთვის მიმართონ სხვა ადამიანს, ამ შესაძლებლობას ვერ იყენებენ. ისინი ვერ ცნობენ სექსუალურ ძალადობას. მოძალადეები მათ ატყუებენ, რომ ასე იქცევიან ოჯახის ახლობლები. საქართველოში მინიმალურ დონეზეც კი არ გვაქვს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ სწავლება სკოლებში და ბავშვები დარჩენილი არიან ქუჩაში, თუ ინტერნეტში გაგებული ინფორმაციის იმედად.
მშობლებმაც არ იციან, როგორ შეამჩნიონ ბავშვს, რომ ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. ამიტომ ბავშვები, შესაძლოა, თვეების განმავლობაში ვერ ხვდებოდნენ, რა სახის დანაშაულს აქვს ადგილი და ვერ მიმართავდნენ დახმარებისთვის,“- გვეუბნება ანა არგანაშვილი
გოგა ხატიაშვილი განმარტავს, რომ სექსუალური მოძალადეების ამოცნობა გარკვეული ქცევის პატერნებითაა შესაძლებელი.
„სექსუალური მოძალადეების ორი ტიპი არსებობს, ფართო გაგებით. ესაა სიტუაციური მოძალადეები. რომლებიც ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობას მიმართავენ, მხოლოდ და მხოლოდ მათი ადვილი ხელმისაწვდომობის გამო; რადგან მათ ხელში ჩაუვარდათ ასეთი მომენტი. მეორე კატეგორიაა -პრეფერენციული მოძალადეები. ისინი აქტიურად ეძებენ ბავშვს სექსუალური კავშირის დასამყარებლად. ამ კატეგორიაში შედიან, ეგრეთ წოდებული პედოფილები. ისინი ძალიან ფრთხილობენ ბავშვთან სექსუალური კავშირის დამყარებისას. ამ კატეგორიასაც გარკვეული პატერნი ახასიათებს. არიან ეგრეთ წოდებული გრუმერები, მაცდუნებლები, რომლებიც ცდილობენ ბავშვის ნდობა მოიპოვონ დაპირებებით, საჩუქრების გადაცემით, ყურადღებით, რის გამოც, შემდგომში, ბავშვი ადვილი სამიზნე გახდება. ისინი ძალიან ფრთხილად მოქმედებენ. მეორე კატეგორიაა ინტროვერტები - ვისაც კომუნიკაციის უნარების ნაკლებობა აღენიშნებათ ბავშვთან ურთიერთობისას. მესამე კატეგორიას განეკუთვნებიან სადისტები. ასეთი ტიპის ადამიანები, შედარებით, ნაკლებად არიან წარმოდგენილი. ისინი სიამოვნებას იღებენ მსხვერპლისადმი ტკივილის მიყენების გზით. ამიტომაცაა, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები სადისტური და ძალიან მძიმე. მნისვნელოვანია, რომ მოძალადეთა მახასიათებლების, ქცევის პატერნეტბის შესახებ ინფორმაცია ჰქონდეთ სამართალდამცავ სტურქტურებს, რაც მათ დაეხმარება ასეთი შემთხვევების იდენტიფიცირებაში და ამ კატეგორიის დამნაშავეებთან კომუნიკაციაში,“- გვეუბნება გოგა ხატიაშვილი.
"ამერიკის ხმა" ორი დღის მანძილზე ცდილობდა საქართველოს სახალხო დამცველისგან, ან მისი წარმომადგენლისგან მიეღო ინფორმაცია ბავშვთა და შშმ პირთა მიმართ ძალადობის უკვე არსებული დინამიკის თაობაზე; მოესმინა მოსაზრებები და გაეზიარებინა პრობლემის ხედვის შესახებ, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, გაურკვეველი მიზეზით.
შსს-მ 6 ივნისს თბილისის, აჭარისა და იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებში შშმ პირების მიმართ, შესაძლო სექსუალური ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიება, მიმართვების საფუძველზე დაიწყო.
„რაც შეეხება, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში მუქარის ფაქტზე - სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარე გამოძიებას, დგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ შესაძლო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელების გამო 1985 წელს დაბადებული ე.მ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ.მ.-ს. ჩატარებული გამოძიების ფარგლებში მყისიერად ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები,“- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მიმდინარე, სექსუალური ხასიათის დანაშაულის თავისებურებას წარმოადგენს ისიც, რომ იმისი დიდი ნაწილი იწყება ონლაინ, მსხვერპლთა კეთილგანწყობის მოპოვებითა და შემდგომ - დამნაშავეთა კოორდინირებული ქმედებით.