სერბეთის ლიდერმა პარლამენტი დაითხოვა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა პარლამენტი დაითხოვა და 17 დეკემბერს ვადამდელი არჩევნები დანიშნა. არჩევნები მიზნად ისახავს ვუჩიჩის ავტორიტეტის განმტკიცებას, იმ დროს, როცა ის კოსოვოსთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე მუშაობს, რაც ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი წინაპირობაა.

საპარლამენტო არჩევნები დაემთხვევა ადგილობრივ კენჭისყრას 65 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქ ბელგრადში.

ექსპერტები ამბობენ, რომ კენჭისყრა და მოქმედი პარლამენტის არარსებობა საშუალებას მისცემს ვუჩიჩს დრო მოიგოს.

„ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც აუცილებელია ყველა ჩვენგანი ვიყოთ ერთიანი სერბეთის სასიცოცხლო ინტერესებისთვის ბრძოლაში. ჩვენ ვიქნებით ზეწოლის ქვეშ, როგორც კოსოვოს მიმართ ჩვენი პოზიციის გამო, ასევე სხვა რეგიონულ და გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვუჩიჩმა განკარგულების ხელმოწერის შემდეგ.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების პრეზიდენტმა სამშაბათს ბელგრადში ვიზიტისას თქვა, რომ სერბეთმა და კოსოვომ უნდა გააძლიერონ ძალისხმევა ძალადობის ბოლო გამწვავების შემდეგ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თუ მათ ბლოკში გაწევრიანება სურთ. სერბეთი ასევე უნდა შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, აღმოფხვრას კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული, გააუმჯობესოს ეკონომიკა, სასამართლო სისტემა, ბიზნეს-კლიმატი და ადამიანის უფლებების დაცვა.

ასევე ნახეთ: კოსოვო ამბობს, რომ სერბეთის ქცევები რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ქმედების იდენტურია

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ვუჩიჩის ნაბიჯი ასევე მიზნად ისახავს საკუთარი პოზიციების გამყარებას და მისი მმართველი სერბული პროგრესული პარტიის (SNS) რეფორმას, რომლის პოპულარობაც შემცირდა. ეს კი მაისში ორ მასობრივ სროლას მოჰყვა შედეგად, რასაც ოპოზიციაც აპროტესტებდა.

ბელგრადში დაფუძნებული ორგანიზაციის Stata-ს გამოკითხვის თანახმად, SNS-ის ხელმძღვანელობით ალიანსი ხმების დაახლოებით 44%-ს დააგროვებს და მას მოუწევს მოკავშირეების მოძიება 250-მანდატიან პარლამენტში უმრავლესობის შესაქმნელად.

ცენტრისტულ ოპოზიციური ბლოკს „ძალადობის წინააღმდეგ“, რომელიც მემარცხენე, მწვანე და ცენტრისტული პარტიებისგან შედგება, მოქალაქეების 38%-ის მხარდაჭერა აქვს.

ასევე ნახეთ: სერბეთი უკრაინის ყირიმის პლატფორმას შეუერთდა

გამოკითხვებით, მოსალოდნელია, რომ ულტრანაციონალისტური და პრორუსული პარტიები ერთობლივად ხმების დაახლოებით 11%-ს მიიღებენ.

ვუჩიჩმა შარშან საპრეზიდენტო არჩევნები მეორე ხუთწლიანი ვადით მოიგო. მაისში კი SNS-ის ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგა, მაგრამ კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პარტიულ პოლიტიკაზე.

ოპოზიციური პარტიები და უფლებადამცველი ჯგუფები ვუჩიჩს, SNS-სა და მის მოკავშირეებს ავტოკრატიაში, მედიის თავისუფლებების შევიწროებაში, არჩევნების გაყალბებაში, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ძალადობაში, კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში ადანაშაულებენ. ვუჩიჩი და მისი მოკავშირეები ბრალდებებს უარყოფენ.