ფუჭი ვნებანი ერთნაირსქესიანი ქორწინების ირგვლივ

საინიციატივო ჯგუფს, რომელიც საქართველოში ერთნაირსქესიანი ქორწინების შესახებ საერთო-სახალხო გამოკითხვის, რეფერენდუმის გამართვას ითხოვს და ეს საკითხი, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც დაარეგისტრირა, ჯერჯერობით, მხოლოდ 20 000-მდე ხელმოწერა აქვს შეგროვებული.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მორალური მხარდაჭერის მიუხედავად, რეფერენდუმის ინიციატორთა ჯგუფში განმარტავენ, რომ მათი აქტივისტები მხოლოდ ენთუზიაზმზე მუშაობენ და დაფინანსების არქონა, კანონით მოთხოვნილი - 200 000 ხელმოწერის შეგროვების პროცესს ართულებს.

ფინანსურ კრიზის ზედ დაერთო, სარეფერენდუმო იდეის ავტორის, საინიციატოვი ჯგუფისა და „მოძრაობა სიცოცხლისათვის“ ლიდერის გიორგი ყორღანაშვილის გარდაცვალების ფაქტი.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ზურაბ თოლორაია „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება რეფერენდუმის თემით დაინტერესებულ ბიზნესმენებთან და პოლიტიკოსებთან, რათა დარჩენილ დროში ხელმოწერების შეგროვება როგორმე მოესწროს.

„დღეისთვის, დაახლოებით გვაქვს 20 000-მდე ხელმოწერა, ზუსტად არ გვაქვს დათვლილი, მაგრამ, სადღაც ამდენი იქნება. ზოგი ჩვენი აქტივისტი რაიონში აგროვებს, ზოგი სოფელში, ზოგს დარიგებული აქვს და ზუსტი ციფრი არ ვიცი. სამწუხაროდ, ამ წუთისთვის, არავითარი დაფინანსება არ გვაქვს, სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენი ძალებით ვაკეთებთ ამ ყველაფერს.“

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სარეფერენდუმოდ წარმოდგენილი საკითხი - „გინდათ თუ არა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?“ რეგისტრაციაში მარტის ბოლოს გაატარა. საინიციატოვო ჯგუფს კანონით სამი თვის ვადა აქვს, რომ 200 000 ხელმოწერა შეაგროვოს და ივნისის ბოლომდე, კომისიაში წარადგინოს.

თუ, საინიციატოვი ჯგუფი, 30 ივნისისთვის, სარჩევნო კომისიაში, ხელმოწერების საჭირო რაოდენობის წარდგენას შეძლებს, მაშინ, კომისია მომდევნო ერთი თვის ვადაში, მათ სინამდვილეს შეამოწმებს და 1 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს.

ორგანული კანონის მიხედვით, პრეზიდენტ მარგველაშვილს 30 დღის ვადა აქვს დანიშნოს რეფერენდუმი ან მასზე, მოტივირებული უარი თქვას. თუ რეფერენდუმი დაინიშნა, მასშტაბური ღონისძიების მატერიალური უზრუნველყოფა, გადამხდელების ხარჯზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება.

რეფერენდუმის მოწინააღმდეგეთა აზრით, ერთნაირსქესიანთა ქორწინება ხელოვნურად გააქტიურებული თემაა, რომლითაც სხვა გაცილებით მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხების გადაფარვა სურთ. პარლამენტარი დავით დარჩიაშვილი ამბობს:

„გამორიცხულია, რომ ეს იყოს რაიმე სხვა წყაროდან წამოსული, გარდა, რუსული ფედერალური უსაფრთოების სამსახურის მხრიდან შეგნებულად შემოგდებული თემა. ამ საკითხის, ახლა წინასაარჩევნოდ შემოგდება საქართველოში ისახავს ორ მიზანს: რეალური პრობლემებიდან ამომრჩევლის ყურადღება იქნას გადატანილი სხვა მეასეხარისხოვან საკითხებზე, იგივე მძიმე ეკონომიკური პრობლემები, რუსეთის აგრესია-ოკუპაციის თემები ჩრდილში მოექცეს.“

ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ პარალელურად განხილვები მიდის საქართველოს პარლამენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოში. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჯერ კიდევ თებერვალში დარეგისტრირდა კანონპროექტი, კონსტიტუციიის 36-ე მუხლში ცვლილების შეტანის შესახებ, სადაც წერია, რომ „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.“

ამ ინიციატივის მიხედვით კი, რომელსაც 80-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი - “ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი და ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას.” თუმცა მას შემდეგ, რაც მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ დაიშალა, კონსტიტუციის გადასინჯვისთვის აუცილებელი 113 ხმის მობილიზება პარლამენტში უკვე პრობლემატურია.

საკონსტუტიციო სასამართლო კი უკვე მეოთხე თვეა იხილავს მოქალაქე გიორგი ტატიშვილის სარჩელს. იგი სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც საქართველოში ქორწინებას მხოლოდ კაცსა და ქალსა შორის აღიარებს.

ნიშანდობლივია, რომ ტატიშვილის სარჩელს, ოფიციალურად გაემიჯნენ საქართველოს ძირითადი ლგბტ ორგანიზაციები. მათი აზრით, ამ „სარჩელის უკან პრო-რუსული პოლიტიკური თუ რელიგიური ძალები დგანან, რომლებსაც სურთ საზოგადოებაში გაამძაფრონ საფრთხის განცდა ლგბტ ადამიანების მიმართ“.