დღეს სენატში უზენაესი მოსამართლეობის ახალი კანდიდატის, ემი კონი ბარეტის მოსმენის მეორე დღე დაიწყო. ორშაბათს, სენატის იურიდიულ კომიტეტში მთელი დრო მხოლოდ მოხსენებებს დაეთმო.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი ნომინანტი დღეს სენატორების კითხვებს სადავო საკითხების ფართო სპექტრზე პასუხობს. მათ შორისაა ნოემბრის არჩევნებში უზენაესი სასამართლოს შესაძლო როლი, ობამაქეარად წოდებული ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამას ჯანდაცვის რეფორმა, თუ ქალების უფლება აბორტზე.
ასევე ნახეთ: სენატში ემი ბარეტის მოსმენა დაიწყოთითოეულ სენატორს კითხვების დასმისთვის დღეს და ხვალ 30-30 წუთი აქვს. კომიტეტში ნომინანტისთვის ხმის მიცემის დღედ, რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ ლინდსი გრემმა, ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი დანიშნა. ეს რესპუბლიკელებს საშუალებას აძლევს სენატის გაფართოებულ სხდომაზე კენჭისყრა საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ოქტომბრის ბოლოს მოაწყონ.
ორშაბათს, მოსმენების პირველ დღეს, ემი კონი ბარეტმა სენატორებს უთხრა, რომ სასამართლოები "არ უნდა შეეცადონ" მონაწილეობა მიიღონ კანონმდებლობის შექმნაში, რადგან ეს ამერიკის პრეზიდენტების და კონგრესის პრეროგატივაა. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს როლი "არ არის ყველა პრობლემის გადაჭრა", პოლიტიკა იქნება ეს თუ საჯარო ცხოვრება.
ბარეტის ნომინაციით, რესპუბლიკელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმედი აქვს, რომ უზენაესი სასამართლოს შემადგენლობას, არჩევნებამდე კონსერვატორული განწყობების მოსამართლეთა დიდი უპირატესობით განამტკიცებს. ბარეტის დამტკიცების შემთხვევაში, 9 მოსამართლისგან შემდგარ უმაღლეს სასამართლოში მხოლოდ 3 ლიბერალური განწყობის მოსამართლე დარჩება.
ასევე ნახეთ: უზენაესის სასამართლოს ქალ მოსამართლეს შეუძლია, საუბრის ტონი შეცვალოსტრამპის დემოკრატი ოპონენტი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, დაწყებული დამტკიცების პროცესის წინააღმდეგია. ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლე მხოლოდ არჩევნების შემდეგ, ახალმა პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს. და ეს ან მან, ან ტრამპმა იანვრის ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ უნდა გააკეთონ.
"40 შტატში არჩევნები მიმდინარეობს" - თქვა დაიან ფაინშტაინმა, სენატის იურიდიული კომიტეტის უმაღლესი რანგის დემოკრატმა სენატორმა. მისი თქმით, ამერიკელ ხალხს აქვს უფლება და იმსახურებს, რომ მათ მოუსმინონ, აირჩიონ პრეზიდენტი, რომელიც შემდეგ წარადგენს რუთ ბეიდერ გინსბურგის შემცვლელს. ლეგენდარული ლიბერალი მოსამართლე გასულ თვეში გარდაიცვალა.
ასევე ნახეთ: ვინ ჩაანაცვლებს რუთ გინსბურგს - ძალთა ბალანსი უზენაეს სასამართლოში"ვაშინგტონ პოსტის" და "ეი-ბი-სი ნიუსის" მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის მიხედვით, სენატორ ფაინშტაინს რეგისტრირებული ამერიკელი ამომრჩევლების 52% ეთანხმება. ისინი თვლიან, რომ უზენაესი სასამართლოს ახალი კანდიდატი ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს. 44% კი ამბობს, რომ ბარეტის მოსმენა არჩევნებამდე უნდა გაიმართოს.
შეერთებულ შტატებში საყოველთო არჩევნები 3 ნოემბერს არის დანიშნული. თუმცა, პანდემიის გამო და მასობრივი თავყრილობებისთვის თავის არიდების მიზნით, ნაადრევი კენჭისყრისთვის ამერიკაში უკვე 10 მილიონზე მეტი ამომრჩეველი დარეგისტრირდა. საარჩევნო უბნებზე ბევრგან რეკორდული რაოდენობით ამომრჩეველი მივიდა.
Your browser doesn’t support HTML5