შეერთებული შტატების სენატი 2021 საბიუჯეტო წლის თავდაცვის ბიუჯეტს განიხილავს. ბიუჯეტში სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა ცვლილებების შეტანის ინიცირება მოახდინა, რომელთა მიზანიც საქართველოსთვის შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერის დემოკრატიული მდგომარეობასთან მიბმაა.
სენატორის მიერ ინიცირებული ცვლილება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აღწერს, მათ შორის, პოლიტიკური ლიდერების გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვლის და გიორგი რურუას დაკავებას და მოიცავს ისტორიულ რაკურსს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების შესახებ. "1992 წლიდან შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 4,200,000,000 დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია, მათ შორის, 730,000,000 სამხედრო დახმარების კუთხით“, - ნათქვამია აქტში.
დოკუმენტის შესავალი, საქართველოში გასულ წელს განვითარებულ მოვლენებზე და დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტსა და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
„საქართველოს პოლიციამ ძალადობრივად ჩაახშო პროტესტი, მათ შორის წყლის ჭავლის გამოყენებით, რასაც ასობით პირის მძიმე დაშავება და დაკავება მოჰყვა“, - ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტი 8 მარტის შეთანხმებაზეც საუბრობს და მოუწოდებს მთავრობას შეთანხმება ბოლომდე შეასრულოს. „შეთანხმების მოუხედავად გიორგი რურუა რჩება წინასწარ პატიმრობაში“, - ამბობს ცვლილების ტექსტი.
"[აშშ-ის სენატი] მოუწოდებს მთავრობას, არჩეულ პირებს და საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უარი თქვან ძალაუფლების ცდუნებაზე და იმუშაონ ერთად თავისუფალი პრესის შენების საქმეში, კერძო საკუთრების დაცვაში და გახდნენ უფრო მეტად ანგარიშვალდებულნი და გამჭვირვალენი მმართველობაში", - ნათქვამია რეკომენდაციების ნაწილში.
სენატორის ცვლილებები 8 მარტის შეთანხმებასთან ერთად, სასამართლო რეფორმას და მომავალ არჩევნებსაც შეეხება.
თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ინიცირებული ცვლილებები, იმისთვის რომ ის კანონად იქცეს, სენატმა უნდა გაიზიაროს და დაამტკიცოს. თუ სენატი ცვლილებებს დაამტკიცებს, ამით ის საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს საქართველოსთან მიმართებაში. შესწორებები არაა იურიდიულად დამავალდებულებელი.
რეკომენდაციების სრული ჩამონათვალი, იხილეთ აქ.