შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში მოსმენა გაიმართა სახელწოდებით "დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში".
მოსმენის მიზანი ქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის შეფასება და სენატორების ინფორმირება იყო იმისთვის, რომ მათ შემდგომი საკანონმდებლო ნაბიჯები შეიმუშავონ.
მოსმენაზე მომხსენებლებად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, კარა მაკდონალდი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტი იყვნენ.
მოსმენის შემდეგ "ამერიკის ხმა" სენატორ რონ ჯონსონს ესაუბრა.
ამ მოსმენის შემდეგ, რას ფიქრობთ საქართველოს დემოკრატიაზე?
პირველი, რაც უნდა ვთქვათ და რაც რამდენჯერმე ითქვა დღეს აქ ისაა, რომ შეერთებული შტატების სენატში, შეერთებული შტატების კონგრესში და ცხადია, მთელს ამერიკაში საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. რაზეც მე ვისაუბრე ის იყო, რომ საქართველოში სიტუაციას რომ ვუყურებთ, დიდი პრობლემა უწყვეტი რუსული აგრესიაა. ერთადერთი გზა, რომლითაც რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეგიძლიათ, თქვენი ეკონომიკის გაძლიერება და დასავლეთთან უფრო მეტად ინტეგრაციაში წარმატების მიღწევაა.
ასევე ნახეთ: სენატორი შაჰინი: რეზოლუციაზე ვიმუშავებთ და ჩვენ ამას გავაკეთებთუნდა გაერთიანდეთ. უნდა გააკეთოთ რთული არჩევანი, უნდა გადაჭრათ პოლიტიკური დაპირისპირებები იმისთვის, რომ სრულად ფუნქციონირებადი მთავრობა გყავდეთ. უნდა ჩაატაროთ სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეფორმები. შეერთებული შტატები გვერდში გიდგათ ყველანაირად, როგორც შეგვიძლია. ყველა იმედით ვუყურებთ [მოვლენებს]. ჩვენ აქ ყველა საქართველოს მხარდამჭერები ვართ და ვცდილობთ ქვეყნებს რუსული კორუფციისგან თავის დაღწევაში დავეხმაროთ.
მოსმენაზე თქვენ შეკითხვა სასამართლოზე დასვით. თქვენი აზრით, რა როლი აკისრია სასამართლოს მიმდინარე კრიზისის დამთავრებაში?
მსურდა გამეგო, რატომ არ აღიქმება სასამართლო დამოუკიდებლად. ამერიკაში მოსამართლეებს უვადოდ ვნიშნავთ და დანიშვნის დროს იმედი გვაქვს, რომ მათ ორპარტიული მხარდაჭერა აქვთ სწორედ იმის გამო, რომ ისინი პოლიტიკურად მიუკერძოებლები იყვნენ.
სენატის მხრიდან ეს არ არის პირველი მცდელობა საქართველოს მიმდინარე კრიზისის გადაჭრაში დაეხმაროს. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ეს რთული მდგომარეობა დამთავრდეს და რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში თუ არაფერი შეიცვალა?
ასევე ნახეთ: სენატორი რიში: თუ პროგრესი არ გამოჩნდა, ფინანსური მხარდაჭერა ასე ვერ გაგრძელდებაჩვენი გზავნილი ისაა, რომ ამერიკიდან, ამერიკის სენატიდან და კონგრესიდან ორპარტიული მხარდაჭერა გაქვთ. ეს კარგი ამბავია. ასევე უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია იმაზე მეტად გვსურდეს გამოსავლის მონახვა, ვიდრე ეს ქართველებს სურთ. ქართველებზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ უნდა წავიდნენ კომპრომისზე. ჩვენ გადაწყვეტილების მონახვას რომელიმე ერთ მხარეს არ დავაკისრებთ. ჩვენ მხარს დავუჭერთ ორივე მხარეს, ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს, რომ გამოსავალი მოინახოს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ზოგადად ასე მუშაობს. სწორედ ეს უნდა იყოს ის საბოლოო აზრი, რომელიც ამ ყველაფრის შემდეგ უნდა დაგვრჩეს.
დაუჭერთ თუ არა მხარს საქართველოზე სენატის რეზოლუციას?
მე ვარ ადამიანი, რომელიც ამ რეზოლუციის წინადადებით გამოვიდა. იმედი მაქვს, რომ ადმინისტრაციასთან და სახელმწიფო დეპარტამენტთან კონსულტაციებით ამ რეზოლუციას შევადგენთ.