სენატორი კორი ბუკერი წინასაარჩევნო მარათონში ჩაერთო და გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის იბრძოლებს. 49 წლის სენატორი ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში ნიუ-ჯერსის შტატს უკვე მეორე ვადით წარმოადგენს და ის მეოთხე დემოკრატი სენატორია, რომელმაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა.
ბუკერი საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე პრეზიდენტ ტრამპის კანდიდატის ბრეტ კავანას საჯარო მოსმენებისას.
"მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ ქვეყანა, სადაც არავინ იქნება დავიწყებული", - ამბობს ბუკერი ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოში. ის ასევე აღნიშნავს, რომ დიდ ყურადღებას დაუთმობს სამუშაო ადგილების შექმნას და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმირებას.
მან საარჩევნო მარათონში ჩართვის შესახებ 1 თებერვალს განაცხადა. თებერვალი ამერიკაში "შავკანიანთა ისტორიის თვეა". ბუკერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რასობრივი დისკრიმინაციის გავლენას მის ოჯახზე და ვიდეოშიც აღნიშნა, რომ რასობრივი თანასწორობის საკითხები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელსაც ყურადღება სჭირდება.
ბუკერი კალიფორნიელი სენატორის, კამალა ჰარისის შემდეგ, უკვე მეორე შავკანიანი კანდიდატია, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტობა სურს და აპირებს იბრძოლოს, რათა დემოკრატიულმა პარტიამ საბოლოოდ სწორედ ის დაასახელოს.
ნიუ-ჯერსის ქალაქ ნიუარკის ყოფილ მერს იცნობენ, როგორც პროგრესულ, ლიბერალ დემოკრატს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის მომხრეა. თუმცა მას ზოგიერთი მემარცხენე ხშირად აკრიტიკებდა იმის გამო, რომ კორპორატიულ დაფინანსებას იღებდა და მათ ინტერესებს იცავდა. თუმცა გასულ წელს ბუკერმა პირობა დადო, რომ ამ კერძო ჯგუფებისგან დაფინანსებას აღარ მიიღებდა. ზოგიერთ ანალიტიკოსს ბუკერი ბარაკ ობამას პოლიტიკურ წარსულს ახსენებს და ამბობს, რომ ობამამაც სწორედ ასე, სენატის მანდატის შემდეგ, პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.
დემოკრატიული პარტიის მიერ კანდიდატის ნომინირებისთვის პროცესი 2020 წლის თებერვალში დაიწყება. პარტიის ოფიციალური კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დამარცხებას შეეცდება.