აშშ-ის კანონმდებლები ირანსა და სირიის საკითხებს იხილავენ

სენატორი ბობ კორკერი

„ირანმა რუსეთში 12 ტონაზე მეტი ურანი გააგზავნა იმ ადგილიდან, რომელსაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო იცავს“-აცხადებს სენატორი ჯინ შაჰინი.

თეირანთან დადებული საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების მომხრეთა ფრთხილი ოპტიმიზმის ფონზე ირანს თანდათან უფრო მიუწვდება ხელი საერთაშორისო კაპიტალის აქამდე გაყინულ ნაწილზე.

„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მსოფლიოს წინაშე დაადასტურა, რომ ირანმა რეაქტორის ის მთავარი ნაწილი ამოიღო, რომელსაც პლუტონიუმის წარმოება შეეძლო და ის ცემენტით ამოავსო“-ამბობს სენატორი კელი აიოტი.

კრიტიკოსები ირანის გაძლიერებაში რეგიონისთვის შექმნილ საფრთხეს ხედავენ.

„საქმე გვაქვს მოვლენების ისეთ განვითარებასთან, რომელიც ირანის მიერ გაეროს რეზოლუციების დარღვევას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს, შესაბამისად ხელი შეეწყობა ტერორიზმს და თეირანის სურვილს რეგიონში დომინანტურ ძალად დარჩეს“.

„იგივე წარმატებით შეგეძლოთ ბაშარ ალ-ასადისთვის ჩეკი გამოგეწერათ. ან ჰეზბოლა დაგეფინანსებინათ. თანხა, რომელიც აიათოლას ჯიბეში მიდის, არც ირანის გზების და ხიდების მშენებლობაზე წავა. ფული მთელი ახლო აღმოსავლეთის საომარ მანქანას მოხმარდება“.

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში რესპუბლიკელი სენატორი ბობ კორკერი, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა, ამბობს, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმება არ მოსწონს იმ ბერკეტების გამო, რომელიც რესურსების სახით, თეირანს მომავალში გაუჩნდება. თუმცა, საბოლოო ჯამში, მისი წარმატებით განხორციელების სურვილი აქვს. ბობ კორკერის აზრით, სანქციების მოხსნაზე გავლენა სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების ზეწოლამაც მოახდინა.

„ჩვენი მოკავშირეებით იმედგაცრუებული დავრჩი და ამის შესახებ პირდაპირ განვაცხადე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენა ძალიან ბევრმა ეკონომიკურმა ინტერესმა მოახდინა. რა თქმა უნდა, მოვლენების დიდი ნაწილი, მათი უმრავლესობა ერთმანეთთან კავშირშია და ერთგვარადვაკუუმში არ ვითარდება. მაგრამ, ვფიქრობ ზოგიერთ საკითხში იძულებული გახდნენ იმაზე შორს წასულიყვნენ, ვიდრე ამას შეთანხმების მიღწევის აუცილებლობა მოითხოვდა... ახალი პრეზიდენტის მოსვლის ფონზე, ალბათ იმ მომენტისთვის შექმნილ სიტუაციას მაქსიმალური ყურადღებით უნდა შევხედოთ, დავაკვირდეთ იმ დარღვევებს, რომელიც მოცემულ დროს გვექნება და გადაწყვეტილება ამის მიხედვით მივიღოთ“.

შეთანხმების მომხრეები, თუ კრიტიკოსები ერთ რამეზე თანხმდებიან: ირანთან სიფრთხილე და სიფხიზლე უნდა გაგრძელდეს. დემოკრატი სენატორის ტიმ კეინის აზრით, პაქტი კონტროლის მეტ საშუალებას იძლევა და ამერიკას შეცდომას ნაკლებად დააშვებინებს.

სენატორი ტიმ კეინი: „ნამდვილად ვლოცულობ იმისთვის, რომ ამერიკელი კაცები და ქალები ომში დაზვერვის არასწორი ინფორმაციის გამო მეტი არასოდეს წავიდნენ. ამისგან თავის არიდების ერთადერთი გზა უფრო ძლიერი დაზვერვაა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები გაცილებით სრულყოფილ ინფორმაციას მოგვაწვდიან“.

ორპარტიული კონსენსუსია იმასთან დაკავშირებითაც, რომ თეირანის მიერ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს.