პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოფიციალური ვიზიტით მექსიკაში მიემგზავრება. მეზობელ ქვეყანაში სტუმრობის დროს პრეზიდენტი მექსიკელ კოლეგასთან იარაღის კონტროლის კანონისთვის მხარდაჭერის მოპოვებას ეცდება.
მექსიკაში იარაღის კონტროლი განსაკუთრებით მძიმე პრობლემას წარმოადგენს. ნარკობარონები უკანონოდ ნაყიდი იარაღით ერთმანეთთან ომს აწარმოებენ, რის გამოც ქვეყანაში ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღუპება. მექსიკის პრეზიდენტი ენრიკე პენა ნიეტო აცხადებს, რომ ნარკოკარტელებთან ბრძოლას გააგრძელებს:
„ჩვენ ნატრკოტიკების გადაზიდვასთან და ნარკოტიკების წარმოებასთან ბრძოლას არ შევწყვიტავთ. მექსიკის მთავრობა, ჩემი მთავრობა გააგრძელებს ამ სახის დანაშაულთან დაუნდობელ ბრძოლას.“
იარაღის კონტროლის რეფორმა კონგრესში ამ ეტაპზე დაბლოკილია. მაგრამ მეორე საკითხი, რომელიც მექსიკისთვის არანაკლებ მნიშნვნელოვანია ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში განხილვის ერთ-ერთ უმწვავეს თემად რჩება. ეს ამერიკის საემიგრაციო სისტემის რეფორმაა.
ამერიკაში დღეს მაცხოვრებელი დაახლოებით 11 მილიონი არაკანონიერი ემიგრანტის დიდი ნაწილი მექსიკაშია დაბადებული. საემიგრაციო რეფორმის შეცვლა ობამას ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიოტრიტეტია. ამის შესახებ პრეზიდენტმა ობამამ არასერთხელ გააკეთა განცხადება:
„ჩვენი ძალისხმევა მანამ არ შეწყდება, ვიდრე უკეთეს გზას არ მოვნახავთ იმ ადამიანების ხელშესაწყობად, რომლებიც ამ ქვეყანაში იმედით სავსე ჩამოდიან და რომლებსაც ჯერ ისევ სჯერათ იმის, რომ ამერიკა შესაძლებლობების ქვეყანაა. ჩვენ სტუდენტები, ინჟინრები ჭკვიანი ადამიანები ქვეყნიდან კი არ უნდა გავაძეოთ, არამედ ჩვენს სამუშაო ძალაში უნდა გავაერთიანოთ.“
საემიგრაციო რეფორმას მექსიკის ხელისუფლებასთან ერთად ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფებიც მიესალმებიან. ერთ-ერთი მექსიკელი უფლებადამცველი ანდრეა გონზალესი ამბობს:
„რეალობა ასეთია, რომ მიგრანტები ცხოვრობენ ამერიკაში და ქვეყნის განვითარებაში წვლილი საკუთარი მძიმე შრომით შეაქვთ. ისინი ყიდულობენ ნივთებს, იხდიან გადასახადებს.“
ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც სენატის რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა ერთობლივად შეიმუშავეს აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ კონგრესს არდადეგები აქვს, მიმდინარე კვირა უმნიშვნელოვანესი პერიოდია კანონპროექტისთვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
კანონმდებლები ახლა საკუთარ საარჩევნო ოლქებში არიან ამომრჩევლებთან შესახვედრად. მათი მხრიდან საემიგრაციო რეფორმის მხარდაჭერის ხარისხი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება 11 მილიონი ადამიანისთვის ლეგალური სტატუსის მინიჭების ან მასზე უარის თქმის მხრივ.