სენატი რუსეთის ამერიკის არჩევნებში ჩარევის შესახებ მოსმენას მართავს

სენატის მოსმენა რუსეთის შესახებ

სენატის სადაზვერვო კომიტეტი დღეს რუსეთის ამერიკის არჩევნებში ჩარევის და ტრამპის გუნდსა და მოსკოვს შორის შესაძლო კავშირების გამოძიების ფარგლებში ღია მოსმენას მართავს. კომიტეტის თქმით, განხილვის მთავარი საკითხი რუსეთის ქმედებების და ტაქტიკის ანალიზია. კომიტეტი ასევე განიხილავს რუსეთის კიბერ შესაძლებლობას. ორივე პარტიის წარმომადგენელების თქმით, გამოძიება მიუკერძოებელი იქნება და მოიცავს 20-ზე მეტ ინტერვიუს, მათ შორის პრეზიდენტის სიძესთან და მრჩეველთან ჯარედ კუშნერთან, რომელმაც დაკითხვაზე თანხმობა განაცხადა.

აქამდე გამოძიება წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტს მიჰყავდა. თუმცა კომიტეტს ღია მოსმენების გაუქმება მოუწია, რესპუბლიკელი კონგრესმენი და კომიტეტის თავმჯდომარის დევინ ნუნესის კრიტიკის გამო, რომელმაც პრეზიდენტ ტრამპს გამოძიების თაობაზე საიდუმლო ინფორმაცია მიაწოდა სანამ ამას მის დემოკრატ თანათავმჯდომარესთან შეათანხმებდა.