ევროპის კავშირს დიდი ბრიტანეთი ტოვებს, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი კი ვარშავის სამიტისთვის ემზადება. როგორ იცვლება მსოფლიო უსაფრთხოების სტრუქტურა და რამდენად არის მზად ალიანსი რუსეთის მზარდ აგრესიას უპასუხოს? ამ თემებზე შეერთებული შტატების სენატში იმსჯელეს.
„ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ნატოს ვარშავის სამიტი ალიანსის ყველაზე მნიშვნელოვანი სამიტია. ისტორიის ამ მონაკვეთში ჩატარებულ არცერთ სამიტზე ისეთი კომპლექსური გამოწვევები არ განხილულა, როგორის წინაშეც დღეს ნატოს აღმოსავლეთი ფლანგი დგას - ასე აფასებს 8-9 ივლისს პოლონეთის დედაქალაქში დაგეგმილ სამიტს იან ბჟეზინსკი, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი.
ნატოს ლიდერებმა უნა მიიღონ საქართველოს და უკრაინის ტრანს-ატლანტიკური ამბიციები, მათ შორის მათი სურვილი გახდნენ ნატოს წევრები.იან ბჟეზინსკი
„ვარშავის სამიტზე უნდა განისაზღვროს ალიანსის ურთიერთობა საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან. რუსეთის მიერ უკრაინაზე, საქართველოზე თავდასხმები და მოლდოვის დნესტრისპირეთის ოკუპაცია თავისუფალი, უსაფრთხო და მშვიდობიანი ევროპისთვის პირდაპირი საფრთხეა. პუტინის აგრესია ამ ქვეყნების მიმართ მათმა დასავლეთისკენ სწრაფვამ გამოიწვია. დასავლეთის პასუხმა მას ეს კურსი ვერ შეაცვლევინა. ის აგრძელებს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ოკუპაციას და საქართველოში ტერიტორიების მითვისებას, ეგრეთწოდებულ „ბოდერნიზაციას“.
ბჟეზინსკის თქმით, ალიანსმა საქართველო და უკრაინა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ინიციატივების განვითარებაში უფრო აქტიურად უნდა ჩართოს და საამისოდ სამხედრო წვრთნებში ამ ქვეყნების რუსეთთან ბრძოლის გამოცდილება უნდა გამოიყენოს:
"ნატოს ლიდერებმა უნა მიიღონ საქართველოს და უკრაინის ტრანს-ატლანტიკური ამბიციები, მათ შორის მათი სურვილი გახდნენ ნატოს წევრები. ამ ქვეყნებმა მიზნის მისაღწევად კონკრეტული სამოქმედო გეგმა უნდა მიიღონ.“
დერეკ შოლე, გერმანიის მარშალის ფონდიდან კი მიიჩნევს, რომ სამხედრო შეკავების მექანიზმებთან ერთად ალიანსმა ღია კარის პოლიტიკა უნდა შეინარჩუნოს:
მე მჯერა, რომ უნდა ვიპოვოთ გზები საქართველოსთან პარტნიორობის გასაღრმავებლად და ალიანსის წევრებთან ერთად დავეხმაროთ უკრაინას უსაფრთხოების და თავდაცვის რეფორმებში.დერეკ შოლე
"როცა არსებობს კითხვა, თუ სანამდე შეიძლება ალიანსი გაფართოვდეს, მონტენეგროს მიღების საკითხი ღია კარის პოლიტიკის ცხად მაგალითად უნდა იქცეს. ამიტომაც შევუერთდი 30-მდე ყოფილ კოლეგას და პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციიასა და ამერიკის სენატს მონტენეგროს მიღების პროტოკოლის დაჩქარებისკენ მოვუწოდეთ. ასევე მკვეთრად უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ბოლო სიტყვა ღია კარის პოლიტიკაზე."
შოლეს თქმით, ვარშავის სამიტზე ალიანსს მოუწევს პასუხი გასცეს უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში მის წინაშე მდგარ ყველაზე მწვავე გამოწვევებს. ის ამბობს, რომ ტრანს-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია სამიტმა წარმატებით ჩაიაროს და ალიანსმა აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად კონსოლიდაცია შეძლოს.
"მე მჯერა, რომ უნდა ვიპოვოთ გზები საქართველოსთან პარტნიორობის გასაღრმავებლად და ალიანსის წევრებთან ერთად დავეხმაროთ უკრაინას უსაფრთხოების და თავდაცვის რეფორმებში," განაცხადა შოლემ.