ჩვენ მოგვცეს გარანტიები, რომ ვითარება შეიცვლება, - განაცხადა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სენატორმა ჯიმ რიშმა „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში. ჯიმ რიში სამშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდა.
ერთი კვირის წინ, რესპუბლიკელმა სენატორმა რიშმა და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის დემოკრატმა ლიდერმა, ჯინ შაჰინმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართეს, სადაც ისინი იმ საკითხებზე საუბრობდნენ, რომლებიც მათი თქმით, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს.
“ქართველები ჩვენი მეგობრები არიან. ეს შესანიშნავი ქვეყანაა, რომელიც გვინდა რომ წარმატებული იყოს. მე საქართველოში 2012 წელს ვიყავი არჩევნებზე, როგორც ამერიკის მხარის ოფიციალური დამკვირვებელი. ჩვენთვის შთამბეჭდავი იყო, თუ როგორ წარიმართა არჩევნები. ჩვენ გვჯეროდა, რომ მაშინ ხელისუფლება დემოკრატიული მმართველობისთვის საჭირო რეფორმებს გაატარებდა, რომლებიც ხალხს მოეწონებოდა.
თუმცა, ვიხილეთ შემაშფოთებელი ნიშნები. ჩვენ კარგი შეხვედრა გვქონდა, რომელზეც ამ საკითხებზე ვისაუბრეთ და მოგვცეს გარანტიები, რომ ვითარება შეიცვლება. ჩვენ მდგომარეობას დავაკვირდებით. ეს ქართველების ქვეყანაა, და მე დარწმუნებული ვარ, ქართველებს სურთ თავისუფალი და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა. ამ საქმეში ჩვენ გვინდა მათ გვერდით ვიდგეთ”, - უთხრა სენატორმა რიშმა „ამერიკის ხმას“, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
Your browser doesn’t support HTML5
სენატორმა აღნიშნა, რომ განსახილველ საკითხთა შორის მომავალი არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებაც იყო.
„ვისაუბრეთ არჩევნებზე, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში გაიმართება. ქართველი ხალხი გამოხატავს თავის პოზიციას. 2012 წელს, როცა მე საქართველოში ვიყავი, ყველა ფიქრობდა, რომ სააკაშვილი მოიგებდა და ივანიშვილმა გაიმარჯვა. ქართველი ხალხი თავად იღებს გადაწვეტილებას და ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერს უფრო ახლოდან აკვირდებიან, ვიდრე ჩვენ“, - უთხრა მან „ამერიკის ხმას“.
ქართულ მხარესთან შეხვედრის შემდეგ, წერილის თანაავტორმა ჯინ შაჰინმა, "ამერიკის ხმასთან" საუბარში განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, შეერთებულ შტატებს მიეცემა მხარდაჭერის გაგრძელების შესაძლებლობა.
„ჩვენ ძალიან მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს და პატივს ვცემთ ქართველი ხალხის ევროპულ კურსს ნატოსკენ და ევრო-ატლანტიკური პარტნიორობისკენ სწრაფვას. გვინდა ამას მხარი დავუჭიროთ და იმედი გვაქვს, გვექნება ამ მხარდაჭერის გაგრძელების შესაძლებლობა“, - თქვა მან.
Your browser doesn’t support HTML5
შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მან სენატორებთან შეხვედრაზე განიხილა ის საკითხები, რაზეც სენატორების წერილში იყო საუბარი.
„დეტალურად ვისაუბრეთ ყველა იმ ძირითად საკითხზე, რომელიც არის ასახული მათ წერილში. ეს იყო მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების შეხვედრა და სწორედ ამ კონტექსტში იყო ჩემი მხრიდან ძალიან დასაბუთებული არგუმენტირებული პოზიცია, ყველა იმ პროცესთან მიმართებაში რა პროცესებზეც არის საუბარი წერილში.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ახდენს მაღალი სტანდარტის დემონსტრაციას, როგორც საარჩევნო პროცესთან და არჩევნების ჩატარების კუთხით, ჩვენ 2012 წლის შემდეგ გვქონდა უმაღლეს დონეზე ჩატარებული არჩევნები, ბუნებრივია ყველა რეკომენდაცია, რომელიც მოდის ჩვენი პარტნიორების მხრიდან, იქნება გათვალისწინებული“, - აღნიშნა ზალკალიანმა.
Your browser doesn’t support HTML5
დამატებით, ორმა სენატორმა, სენატში შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. სენატორი რიში პრესრელიზში ამბობს, რომ მათ საქართველოს დელეგაციასთან წერილში განხილული საკითხები, დემოკრატიის დასუსტების ნიშნების შესახებ, კიდევ ერთხელ გაახმოვანეს. გაკეთებულ განცხადებაში, სენატორი ასევე აღნიშნავს, რომ ქართულმა მხარემ სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგას დემოკრატიისკენ.
„სენატორ შაჰინს და მე, საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანთან პროდუქტიული საუბარი გვქონდა,“ ნათქვამია სენატორ რიშის განცხადებაში. „ჩვენს მიერ პრემიერ-მინისტრ გახარიასთვის ცოტა ხნის წინ გაგზავნილი წერილის შემდეგ, ჩვენ გავიმეორეთ შეშფოთება საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის დასუსტების შესახებ. ასევე განვიხილეთ მიმდინარე სიტუაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, საქართველოს ორ ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის მიერ არაკანონიერადაა ოკუპირებული 2008 წლის შემდეგ.
რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საკუთარი ღობეების გადაწევას საქართველოში და ყოველ ჯერზე მიწის პატარა ნაკვეთის ანექსიას ახდენს. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ გარდაქმნას, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ პოზიტიური ნაბიჯების დანახვა. ჩვენ საქართველოს არ ვთხოვთ იყოს უნაკლო, მაგრამ მთავრობამ უნდა დაგვანახოს, რომ დემოკრატიისკენ სვლას სერიოზულად უდგება,“ - ნათქვამია შეხვედრის შემაჯამებელ განცხადებაში.
პრესრელიზში, შეხვედრას აფასებს სენატორი ჯინ შაჰინიც. მისი თქმით, ის საქართველოსგან მოელის, რომ დაპირებულ საარჩევნო რეფორმას განახორციელებს.
"დემოკრატია გრძელვადიანი ძალისხმევაა და საქართველო განსაკუთრებით, რუსეთის მხრიდან წამოსული უდიდესი გამოწვევების წინაშეა. მე გავაგრძელებ მოწოდებას პრემიერ-მინისტრ გახარიას დასაქართველოს მთავრობის მიმართ, შეასრულონ საკუთარი პირობები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, სასამართლოს დამოუკიდებლობის პატივსაცემად", - ამბობს შაჰინი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს ვაშინგტონში 6 თებერვალს დაასრულებს. ამერიკის დედაქალაქში მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც შემოუერთდება. ისინი შეხვედრებს კონგრესის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გამართავენ.