სენატის დელეგაცია საქართველოს ეწვევა

ამერიკელი სენატორები, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ჯინ შაჰინი, რესპუბლიკელი რობ პორტმანი და დემოკრატი კრის მერფი მომავალ კვირას აღმოსავლეთ ევროპას, მათ შორის საქართველოს ეწვევიან. სენატის დელეგაციას, ჯინ შაჰინი უხელმძღვანელებს.

კონგრესის დელეგაცია ლიტვაში, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვიატლანა ციხანოუსკაიას და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს, გაბრიელიუს ლანდსბერგის , უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს და საქართველოში მთავრობის, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

საქართველოს შაჰინი და პორტმანი ეწვევიან, „რათა ეს იყოს ორპარტიული გზავნილი, რომ შეერთებული შტატები დგას საქართველოს გვერდით მათი დემოკრატიის განმტკიცების საქმეში“, - ნათქვამია „ამერიკის ხმის“ შეკითხვის პასუხად, რედაქციისთვის მიწოდებულ პრესრელიზში.

ასევე ნახეთ: სენატის რეზოლუცია საქართველოს პარლამენტს ხალხის პრობლემების გადაჭრაზე მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდებს

„უკრაინა და საქართველო შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან უფრო და უფრო აგრესიული რუსეთის წინააღმდეგ. კრიტიკულია ვამცნოთ, რომ უკრაინელ და ქართველ ხალხს ვუცხადებთ სოლიდარობას და პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდოთ გააგრძელონ საჭირო რეფორმების გატარება, რაც მათ დემოკრატიას განამტკიცებს“, - ამბობს სენატორი შაჰინი.

ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლებს სენატორები იმ ფონზე შეხვდებიან, როცა დასავლეთში გმობენ გასულ კვირას, ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავის, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მინსკში დაშვების მოთხოვნას და დისიდენტი ჟურნალისტის რამან პრატასევიჩის დაკავებას.

„მე განსაკუთრებით ვაფასებ შესაძლებლობას შევხვდე სვიატლანა ციხანოუსკაიას და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, შეერთებული შტატების მტკიცე წინააღმდეგობას ლუკაშენკოს მიერ ადამიანის უფლებების ფართო დარღვევის წინაშე, რომელიც გასულ კვირას კიდევ უფრო გამწვავდა ჟურნალისტის რამან პრატასევიჩის უკანონო დაჭერით და დაკავებით “, - აცხადებს შაჰინი.

შაჰინთან ერთად, საქართველოს ოჰაიოს შტატის რესპუბლიკელი სენატორი რობ პორტმანი ეწვევა. „მე ვამაყობ იმით, რომ ვუერთდები ჩემ კოლეგა სენატორებს, შაჰინსა და მერფის აღმოსავლეთ ევროპაში ამ მნიშვნელოვან ვიზიტში“, - აცხადებს პორტმანი.

ასევე ნახეთ: სენატორებმა ჯონსონმა, შაჰინმა და რიშმა საქართველოზე რეზოლუცია სენატს გაუგზავნეს

„მე მოველი უკრაინასა და საქართველოში მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრას და კიდევ ერთხელ დადასტურებას ჩვენი ერთგულების ამ სტრატეგიული უსაფრთხოების პარტნიორების მიმართ. ორივე ქვეყანა რუსეთიდან მძიმე საგარეო გამოწვევებს უმკლავდება და ცდილობენ ქვეყნის შიგნით კრიტიკული რეფორმების გატარებას, რაც ჩვენი განგრძობითი მხარდაჭერისთვის მთავარია“, - აცხადებს ის.

განცხადების მიხედვით სენატორები, სამოქალაქო საზოგადოების და უკრაინის და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდებიან,„მათ შორის ოპოზიციური პარტიების ლიდერებს საქართველოში, რომლებიც პარლამენტში არიან“, - ნათქვამია პრესრელიზში.