"სენატი ასკვნის, რომ პრეზიდენტი დონალდ ჯონ ტრამპი უდანაშაულოა" - ამ სიტყვებით შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჯონ რობერტსმა დღეს იმპიჩმენტის პროცესს წერტილი დაუსვა. რესპუბლიკელი სენატორებით დომინირებულმა ამერიკის სენატმა პრეზიდენტი ხმის უმრავლესობით უდანაშაულოდ სცნო და მას ორივე ბრალი მოუხსნა.
დემოკრატებს პროცესის მოგებისთვის და პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100-დან 67 ხმა სჭირდებოდათ, ანუ სენატის 2/3. თუმცა, პრეზიდენტს საკუთარი პარტიიდან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და დემოკრატებმა მათი გადაბირება ვერ შეძლეს.
დემოკრატების უმრავლესობამ წარმომადგენელთა პალატაში პრეზიდენტს ბრალი ორი მუხლით დაუმტკიცა: ძალაუფლების გადამეტება და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლა.
ამერიკის თითქმის 2.5 საუკუნის ისტორიაში, ეს მესამე შემთხვევაა, როცა წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს სვლა მისცა და ის სენატში განიხილეს. სენატში პროცესი ორი კვირა გაგრძელდა და საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი გამართლდა.