შესაძლო თავდასხმის მოლოდინში, ვაშინგტონში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

შეერთებული შტატების დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. უსაფრთხოების სამსახურებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პოლიციამ გაფრთხილება გამოაქვეყნა, რომ კაპიტოლიუმზე ხუთშაბათს შესაძლოა თავდასხმა განხორციელდეს. 4 მარტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერი შეთქმულების თეორიების მომხრეებისთვის მნიშვნელოვანი თარიღია.

ასევე ნახეთ: რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების?

უსაფუძვლო QAnon-ის შეთქმულების თეორიების მიმდევრებს სჯერათ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ტრამპმა 3 ნოემბრის არჩევნებში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაამარცხა. 1933 წლამდე პრეზიდენტის ინაუგურაცია 4 მარტს იმართებოდა.

ამოუცნობმა ჯგუფმა, რომელიც ძალადობრივ ექსტრემიზმს უჭერს მხარს, თებერვალში განაცხადა, რომ 4 მარტს ან დაახლოებით ამ თარიღზე „ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმზე კონტროლს დააწესებდნენ და დემოკრატ კანონმდებლებს გააძევებდნენ.“ ამ ინფორმაციას შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი და გამოძიების ფედერალური ბიურო ავრცელებენ.