დინ აჩესონი: ხშირად ყოფილა საქართველო დაპყრობილი, მაგრამ არასოდეს დამორჩილებული - 26.05.1951

დინ აჩესონი - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი 1949-53 წლებში

„ამერიკის ხმის“ ქართულმა რედაქციამ მაუწყებლობა 70 წლის წინ, ნიუ-იორკიდან დაიწყო. მიკროფონთან ქართული რედაქციის პირველი რედაქტორი ერეკლე ორბელიანი იჯდა. 1951 წლის 26 მაისს, "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის ეთერით, საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ მყოფ საქართველოს, პირველმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა დინ აჩესონმა მიმართა. ამ მიმართვის ქართული თარგმანი 1951 წლის სექტემბერში, გამოაქვეყნა პარიზში გამომავალმა ქართულმა გაზეთმა „ჩვენმა დროშამ“, რომელსაც ახლა უცვლელად გთავაზობთ


დეკლარაცია

გაკეთებული 26 მაისს 1951 წელს. ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო მინისტრის აჩესონის მიერ, „ამერიკის ხმის“ ქართული სექციის გახსნის გამო

ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შემთხვევა მივმართო რამოდენიმე სიტყვით ქართველ ხალხს.

მე ბევრი მსმენია თქვენ მშვენიერ ქვეყანაზედ, მის უმწვერვალეს მთებზე, მის მდიდარ ვაკებზე, განსაცვიფრებელ ისტორიულ ნაშთებზე, წარსულზე და სულიერ სიძლიერეზე.

მცირეა იმ ამერიკელთა რიცხვი, რომელთაც ჰქონიათ ბედნიერება ენახათ თვით საქართველო, მაგრამ ის ჩვენთვის უცნობი არ არის.

საქართველოს სახელი იწვევს ჩვენში მოგონებას არგონავტთა მოგზაურობისა, რომელნიც იქ ეძიებდნენ ოქროს ვერძს; გვაგონებს პრომეთეოს, ზეცას რომ წმინდა ცეცხლი მოსტაცა და ადამიანს თავისუფლებისათვის ბრძოლის იარაღად გადასცა. ქვეყნიერებას კარგად ახსოვს ქართველი ერის შეუწყვეტელი ბრძოლა, მისი სასიქადულო ისტორიის გასწვრივ, ძველი კულტურის და საქრისტიანო ცივილიზაციის დასაცავად.

ხშირად ყოფილა საქართველო დაპყრობილი, - მაგრამ არასოდეს დამორჩილებული. ქართველმა ხალხმა დღემდის შეინარჩუნა თავისი სახეობა და არასოდეს მას არ დაუკარგავს ნებისყოფა ადამიანურ უფლებათა დაცვის ბრძოლაში. ამიტომაც ჩვენში აღფრთოვანებას იწვევს ქართველი ხალხის ურყევი სულიერი სიმტკიცე.

ამერიკელ ხალხში დაუთურგვნელია რწმენა ყველასათვის თავისუფლებისა და და სამართლიანობისა.

ჩვენი შვილები იბრძვიან და იხოცებიან ამ პრინციპების დასაცავად.

„ამერიკის ხმა“ დღეიდან თქვენ, ქართველებს გაძლევს საშუალებას საკუთარ ენაზე ამცნოთ ქართველ ხალხს ჭეშმარიტება, რომელსაც კომუნისტები მას უმალავენ.

თქვენ მას ეტყვით, რაც ხდება მსოფლიოში, ამცნობთ მილიტარისტულ და თავდასხმების ფაქტებს, რომლის პასუხისმგებელნი მხოლოდ კომუნისტების მეთაურები არიან.

ამ უკანასკნელთა შეთქმულება და მუქარა აიძულებს თავისუფალ ადამიანს, შეებრძოლოს დესპოტიის გაღრმავებას და გაფართოებას.

ამერიკელი ხალხის და მისი მთავრობის საბოლოო მიზანი, საერთო მშვიდობიანობაა, როცა არ იქნება არც ძლიერი და არც სუსტი, არც ბატონი და არც ყმა; მხოლოდ ასეთი მდგომარეობა შესაძლებელ ჰყოფს თავისუფალ და ბედნიერ შრომას, შიშისა და სიღატაკის გარეშე და იძლევა უფლებას თვითეულმა იწამოს ის ღმერთი, რომელიც მას უნდა.

ასეთია ჩვენი წარმოდგენა მომავალზე; გიხმობთ ეს გაიზიაროთ. ჩვენი ხალხის სახელით მოგმართავთ ქართველებო მეგობრული და გულწრფელი სალამით.

დინ აჩესონი და ჯონ კენედი

ირაკლი (ერეკლე) ორბელიანი

"ამერიკის ხმის" პირველი რედაქტორი

ერეკლე ორბელიანი

„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის პირველი რედაქტორი და სულისჩამდგმელი, ერეკლე მეფის შთამომავალი ირაკლი (ერეკლე) ორბელიანი 1901 წელს თბილისში დაიბადა, მამუკა ჯამბაკურ-ორბელიანისა და ელისაბედ ბაგრატიონის ოჯახში.

მისი ბაბუა ერეკლე მეორის შვილიშვილი ერეკლე ბატონიშვილი იყო. მამა - მდიდარი მემამულე, ქვეითი ქართული ჯარის რაზმის, ე.წ. „ქართული დრუჟინის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი;

დედა - ცნობილი მწერალი, ჟურნალისტი და მეცნიერი, „ვეფხისტყაონის“ ფრანგულ ენაზე მთარგმნელი. 1918 წელს, ახლადგახსნილ უნივერსიტეტში ფრანგული ენის კათედრის დამაარსებელი. პირველი დამოუკიდებლობის პერიოდში (1918-21) ორი გაზეთის ინგლისურენოვანი The Georgian Messenger-ის და ფრანგულენოვანი "თავისუფალ საქართველოს"და "საქართველოს რესპუბლიკის" გამომცემელი. ცნობილი იყო ლიტერატურული ფსევდონიმით "საზანდარი".

ერეკლე ორბელიანის დედა ელისაბედ ბაგრატიონი-ორბელიანი

ერეკლე ორბელიანმა საქართველოში თავადაზნაურთა გიმნაზიისა და კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, მუსიკალური განათლების მიღება 1920 წელს ბერლინში განაგრძო. 1921 წლის თებერვალში, რუსულ-საბჭოთა ოკუპაციამ ახალგაზრდა პიანისტს ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურნეს დროს მოუსწრო.

რუსულმა ოკუპაციამ 20 წლის ჭაბუკი სამშობლოს და ოჯახს სამუდამოდ მოწყვიტა. იგი ემიგრაციაში დარჩა და პარიზში დასახლდა. მალევე როგორც პიანისტმა ევროპაში დიდი აღიარება მოიპოვა, თანამშრომლობდა რუს კომპოზიტორ სერგეი რახმანინოვთან და იტალიელ ტენორ ბენიამინო ჯილისთან. "ჩემს შემდეგ, ჩემს ნაწარმოებებს ყველაზე უკეთ ასრულებს ირაკლი ორბელიანი" - ეს შეფასება რახმანინოვს ეკუთვნის.

როგორც ხელოვანი და საზოგადო მოღვაწე, აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პირველი რესპუბლიკის დევნილი მთავრობის მიერ ორგანიზებულ „საქართველოს დამხმარე საერთაშორისო კომიტეტში“. საქართველოს კვირეულებზე უკრავდა ჟენევასა და პარიზში.

1930 წელს ერეკლე ორბელიანი საცხოვრებლად ნიუ იორკში გადავიდა და როგორც პიანისტმა მთლიანად ამერიკის კონტინენტზე დიდი აღიარება მოიპოვა. ანშლაგით გამოდიოდა სტაინვეი ჰოლში, ბარბიზონ პლაზასა თუ ასთორ გალერიში, ნიუ-იორკში, ბუენოს აირესსა თუ ჰონდურასში. ნიუ იორკში გახდა ქართველთა პირველი სათვისტომოს თავმჯდომარე.

1950 წელს კი ერეკლე ორბელიანის ბინაში ემიგრანტთა ჯგუფმა „ქართველ ამერიკელთა ლიგა“ დაარსა, რომლის გაეროსადმი პირველ მიმართვაში ვკითხულობთ - „ჩვენი ერის ინტერესების აუცილებლობა მოითხოვს ამ გადამწყვეტ მომენტში, აქ ისმოდეს საქართველოს ხმა!“.

ერეკლე ორბელიანის აქტიურობა შეუჩნეველი არ დარჩენიათ სახელმწიფო დეპარტამენტში, 1950 წელს, მას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ჩამოყალიბება და დაკომპლექტება მიანდეს.

„ამერიკის ხმამ“ ქართულ ენაზე მაუწყებლობა 1951 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სწორედ ერეკლე ორბელიანის გადაწყვეტილებით დაიწყო. სახელმწიფო მდივან დინ აჩესონის უპრეცედენტო მიმართვას სტალინის სამშობლოსა და ქართველი ერისადმი კი „ნიუ-იორკ თაიმსი“ პირველ გვერდზე გამოეხმაურა.

1953 წლის მარტში, პარიზში გამომავალი ქართული გაზეთი „ბედი ქართლისა“ წერს - „უდიდესი მოვლენა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქართული საკითხი კვლავ საერთაშორისო სარბიელზედ გამოიტანა, იყო აშშ-ს მთავრობის გადაწყვეტილება „ამერიკის ხმასთან“ შექმნილიყო ქართული განყოფილება... ხელისუფლების ყურადღება შეჩერდა ბატონ ერეკლე ორბელიანზე, რომელსაც ამერიკის საზოგადოებრივობა იცნობდა, როგორც ჩინებულ და ნიჭიერ მუსიკოსს...მისი სურვილი იყო ქართული გადაცემები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაწყებულიყო, რაც მან სისრულეში მოიყვანა.

...მარტო ის გარემოება, რომ დიდი ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავისი მთავრობის სახელით, საგანგებო სიტყვით მიმართა ქართველ ერს, უკვე თავისთავად მეტყველებს იმ დიდ მნიშვნელობაზე, რომელიც ამ ისტორიულ მოვლენას საქართველოსთვის აქვს... თავადი ერეკლე ორბელიანი ბრწყონვალედ განაგრძობს მის სახელოვან წინაპართა ტრადიციას და ერთგულად ემსახურება ქართულ საქმეს!“

1952 წლის ოქტომბერში, „ამერიკის ხმის“ მაშინდელმა დირექტორმა, კარიერულმა დიპლომატმა ფოი კოლერმა, რომელიც ამ პოსტზე პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა დანიშნა, შემდეგ კი საბჭოთა კავშირში აშშ-ს ელჩი გახდა, ერეკლე ორბელიანს „ამერიკის ხმის“ სომხური, აზერბაიჯანული, თურქულ-თათრული, თურქესტანის და უკრაინის რედაქციები ჩააბარა.

ქართული სამსახურის პირველი რედაქტორის ახალ თანამდებობას „სამხრეთ საბჭოთა კავშირის სექციის“ დირექტორი ერქვა. თუმცა, სუსტმა ჯანმრთელობამ და მძიმე დაავადებამ „ქართველ პრინცს“, როგორც მას ამერიკული პრესა მოიხსენიებდა მეტის გაკეთების საშუალება აღარ მისცა. იგი 52 წლის ასაკში, 1954 წლის 31 მარტს ნიუ-იორკში ლეიკემიით და მემკვიდრის გარეშე აღესრულა.