შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება

სახელმწიფო დეპარტამენტის დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩავა

დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოცემულია სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მოახლოვებული ექვსდღიანი მოგზაურობის დეტალები. გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით, მოგზაურობას სახელმწიფო მდივანი კლინტონი კიევში დაიწყებს, სადაც იგი გახსნის ამერიკა-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის მეორე სხდომას და შეხვდება პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩსა და საგარეო საქმეთა მინისტრს კოსტიანტინ გრიშჩენკოს. დაგეგმილია აგრეთვე მისი შეხვედრები უკრაინის სამოქალაქო საზოგაოდებისა და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებთან. უკრაინის შემდეგ სახელმწიფო მდივანი პოლონეთს ესტუმრება. ხოლო შემდეგ კლინტონი სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს - სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს - მოინახულებს.

ეს იქნება ჰილარი კლინტონის, როგორც სახელმწიფო მდივნის, პირველი ოფიციალური ვიზიტი კავკასიის რეგიონში. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების ცნობით კლინტონის ვიზიტის მთავარი მიზანი იქნება რეგიონალური დაძაბულობის განმუხტვა. ვაშინგტონში ხუთშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის მიმართ. ამას გარდა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა პი.ჯეი. კროულიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესება არ შეამცირებს შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის მიმართ.