შონ პენი ძებნილ მექსიკელ ნარკობარონს შეხვდა

შონ პენი

მექსიკელი ნარკობარონის "ელ ჩაპოს" დაკავებამდე ორი თვით ადრე, ცნობილ მექსიკელ ნარკო-ტრეფიკერ ხოაკინ "ელ ჩაპო" გუზმანს ამერიკელი მსახიობი შონ პენი მექსიკაში შეხვდა და მასთან გამოცემა "როლინგ სტოუნისთვის" ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუ შაბათს გამოქვეყნდა, მექსიკელი სამართალდამცავების მიერ გუზმანის დაკავებიდან ერთი დღის შემდეგ. ნარკობარონი რამდენიმეთვიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ 8 იანვარს დააკავეს.

მექსიკელი ნარკობარონი ხოაკინ "ელ ჩაპო" გუზმანი

გუზმანმა პენთან "ამაყად" დაიკვეხნა რომ ის მსოფლიოში ჰეროინის, კოკაინისა და მარიხუანის ყველაზე დიდი მიმწოდებელია, და მას ამ მიზნისთვის თვითმფრინავების, სატვირთო მანქანების, გემებისა და წყალქვეშა ხომალდების ფლოტი ემსახურება.

მექსიკელი ნარკობარონის განცხადებით, რომელსაც ინტერვიუს საშუალებით ვეცნობით, " რომ არა მოთხოვნა და მოხმარება, არც გაყიდვები იქნებოდა შესაძლებელი." მისი მტკიცებით, "ნარკოტიკების მოხმარება დღითიდღე იზრდება, ამიტომაც ის კარგად იყიდება და საღდება. "

გუზმანი 2015 წლის 11 ივლისს მაქსიმალური უსაფრთხოების ციხიდან მიწისქვეშა გვირაბის საშუალებით გაიქცა. ნარკობარონი ბოლო 14 წლის მანძილზე მეორედ გაიქცა ციხიდან. მომხდარი ფაქტი მექსიკის პრეზიდენტ ენრიკე პენა ნიეტოს ადმინისტრაციაზე დიდი დარტყმა იყო, ადმინისტრაციაზე, რომელსაც მექსიკელი ნარკო-ტრეფიკერების წინააღმდეგ აგრესიული ბრძოლისთვის აქებდნენ.

პენის ინტერვიუთი ასევე ცნობილი ხდება გასულ ზაფხულს განხორციელებული გაქცევის დეტალები: "გუზმანმა ერთი წლით ადრე საკუთარი ინჟინრები გერმანიაში სამი თვით მიავლინა ინტენსიური, დამატებით ტრეინინგის გასავლელად." შონ პენის ინფორმაციითვე, გუზმანმა, გვირაბში მოხვედრისთანავე, კომფორტულად შეძლო რთული პირობებისთვის თავი დაეღწია და სამშვიდობოს გასულიყო.

ამ ეტაპზე, მექსიკის მთავრობას შონ პენთან გასაუბრება სურს ნარკობარონთან შეხვედრის ადგილმდებარეობისა და სხვა დეტალების დასადგენად.

შაბათს, ვინაობადაუდგენელმა მექსიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მექსიკის მთავრობას სურს გუზმანის ექსტრადირება მოახდინოს აშშ-ში. თუმცა, ამგვარი განცხადება მკვეთრად ეწინააღმდეგება მექსიკის მთავრობის ადრინდელ განცხადებებს.

პრეზიდენტ ენრიკე პენას ჯერ არც ამ ეტაპზე დაუზუსტებია მართალია თუ არა ექსტრადირების სურვილი.