ლეგენდარული ამერიკელი სტრატეგის, რეალპოლიტიკის სკოლის წარმომადგენლის, ორგზის ამერიკის პრეზიდენტების უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის ბრენტ სკოუკროფტის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ამერიკის საგარეო პოლიტიკაში. გადამდგარი გენერალი სკოუკროფტი 95 წლის ასაკში 6 აგვისტოს გარდაიცვალა. თუმცა, მისი ხედვის, თუ სტრატეგიის გავლენა დიდ ხანს დარჩება ამერიკული პოლიტიკური აზროვნების ავანგარდში.
პოლ გობლი წარსულში აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო. ახლა ის კარგად ცნობილი დამოუკიდებელი ანალიტიკოსი და ევრაზიის რეგიონის საკითხების ვეტერანი მიმომხილველია. როგორც გობლი ამბობს, სკოუკროფტი შეუდარებლად კარგად აცნობიერებდა იმ საფრთხეებს, რომლებსაც აშშ საგარეო ფრონტზე აწყდებოდა და მათ დასაძლევად საკუთარი გამოცდილებისა და ექსპერტიზის გამოყენებას არ იშურებდა როგორც პრეზიდენტებთან, ასევე იმ უთვალავ მოსწავლე და ახალგაზრდა პროფესიონალთან, რომელთანაც შეხება ჰქონდა.
სკოუკროფტმა პრეზიდენტიც და ჯეიმს ბეიკერიც ბორის ელცინის და დაუმორჩილებლობის მოძრაობის მხარდამჭერი განცხადების გაკეთების აუცილებლობაში დაარწმუნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დასრულებას გზა გაუხსნა.
"სკოუკროფტს, ჩემი რწმენით, სამი ფუნდამენტური პოზიციის გამო უნდა ვუმადლოდეთ. პირველი იყო ის, რომ მას ქვეყნის პრეზიდენტამდე, თავის უშუალო უფროსამდე, ამა თუ იმ სიტუაციის პერიპეტიები, ყველანაირი ფაქტი, გარემოება, დეტალი მიჰქონდა. ეს კი განაპირობებდა იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რომელიმე მოვლენაზე საპასუხოდ უფრო კარგად იყო მომზადებული და ცოდნით “აღჭურვილი.” მეორე იყო ის, რომ მაგალითად 1990-ან წლებში, სკოუკროფტი ძალიან ფრთხილი იყო. ის საკუთარ პრინციპებს არ ღალატობდა და პოტენციური პრობლემების თავიდან არიდებას ცდილობდა. ამის გამო, აშშ დაფიქრებით, ნელა მოქმედებდა. მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი დამსახურება კი ისაა, რომ მისი წყალობით, როცა 1991 წლის აგვისტოს დილას, მოსკოვში გადატრიალების მცდელობის შესახებ გავიგეთ, სკოუკროფტმა პრეზიდენტიც და ჯეიმს ბეიკერიც ბორის ელცინის და დაუმორჩილებლობის მოძრაობის მხარდამჭერი განცხადების გაკეთების აუცილებლობაში დაარწმუნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დასრულებას გზა გაუხსნა," უთხრა "ამერიკის ხმას" პოლ გობლმა.
როგორც სპეციალისტები იხსენებენ, გენერალ სკოუკროფტის რჩევა განსაკუთრებით საჭირო და გამოსადეგი იყო, როგორც აშშ-ის ურთიერთობებში საბჭოთა კავშირთან, ასევე ცივი ომის დასრულების შემდეგ [რომელსაც მან აქტიურად შეუწყო ხელი], როცა ის განსაკუთრებული ყურადღებით და სიფრთხილით ეკიდებოდა პოსტ საბჭოთა რესპუბლიკებთან ურთიერთობას. სწორედ სკოუკროფტი იყო, უფროს ჯორჯ ბუშთან ერთად, ერთერთი უმთავრესი შემოქმედი პოსტ ცივი ომის ახალი წესრიგის შექმნაში და აქ ამერიკის სტრატეგიის დაგეგმვაში, რომელსაც ამერიკის პირველობა განსაზღვრავდა.
გობლი აცხადებს, რომ “ბრენტს განსაკუთრებით აშფოთებდა კავკასიაში 1992 წელს შექმნილი ვითარება. მას ესმოდა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ჩრდილოეთ ყარაბაღის გამო, დაპირისპირება კონტროლიდან გადიოდა, კონფლიქტი იყო თბილისსა და სოხუმს შორის. ვითარება მძიმდებოდა და ამერიკის, ისე როგორც რესპუბლიკების ინტერესებში იყო კონფლიქტების მშვიდობიანი დასრულება.”
გადამდგარმა გენერალმა მითხრა, ჭკვიანად იყავით და გახსოვდეთ, რომ აშშ ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, თუმცა ამერეიკა არასდროს დაიწყებს ომს რუსეთთან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გამო. ეს ედუარდს ესმის, მაგრამ მე მომავალ ლიდერებს ვგულისხმობ. გაძლიერდით შიგნიდან, გაატარეთ დემოკრატიული რეფორმები, აშენეთ ინსტიტუტები, უფრთხილდით მეზობლებს - განსაკუთრებით ირანს, თურქეთი ნატოს წევრია და სეკულარული დემოკრატიაა, რუსეთი არ გააღიზიანოთ. ეს მესიჯი ჩემთვის დაუვიწყარია ამ ბრძენი ადამიანისგან.
თედო ჯაფარიძე, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ყოფილი ელჩი აშშ-ში სკოუკროფტზე საუბრისას ამბობს, რომ ელჩის რანგში მასთან პირველი შეხვედრა "უაღრესად თბილი და კონსტრუქციული" იყო. "მისი ყურადღება, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან ერთად, რუსეთისკენ, როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრისა და მისი ბირთვული არსენალისკენ იყო მიმართული, განსაკუთრებით იმ რესპუბლიკებისკენ (ბელარუსი, ყაზახეთი), სადაც საბჭოთა პერიოდში ამ არსენალის ელემენტები იყო განლაგებული. რუსეთის შეძლებისდაგვარად დემოკრატიული, მშვიდობიანი ტრანსფორმირებაც ამ დიდი გეგმის ნაწილი იყო. ჩვენი შეხვედრისას ის უკვე გადამდგარი გენერალი იყო და ის “სკოუკროფტ ასოშიეტს” ხელმძღვანელობდა ვაშინგტონში. შეხვედრისას მან დამარწმუნა, რომ საქართველოს სრული მხარდაჭერა ჰქონდა აშშ-ში, განსაკუთრებით აფასებდნენ შევარდნაძის განუზომელ როლს ცივი ომის დასრულებაში და განზრახული იყო აშშ-ის მიერ საქართველოს სტაბილური, თანმიმდევრული დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერა. საუბრისას სკოუკროფტმა მირჩია კარგი, სტრატეგიული ურთიერთობების შენარჩუნება თურქეთთან და ნორმალური პოლიტიკის წარმოებას ირანთან, რადგან ვერ ავუქცევდით გვერდს საუკუნოვან მეზობელს და მის ინტერესებს რეგიონში. სკოუკროფტმა სიფრთხილისკენ მოგვიწოდა რუსეთთან და მოსკოვთან ზედმეტი კონფრონტაციისა და ხმაურიანი რიტორიკის თავიდან არიდება, თუმცა, არა ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე,” თქვა თედო ჯაფარიძემ.
აღნიშნული შეხვედრისას 1994 წელს, ასეთი დეტალური მიდგომა და საქმის არსში მაღალი რანგის ოფიციალური პირის დაინტერესება, ბევრ რამეს ნიშნავდა. ჯაფარიძე იხსენებს ასეთ დეტალსაც, რომ “გადამდგარმა გენერალმა მითხრა, ჭკვიანური პოლიტიკა გაატარეთ და გახსოვდეთ, რომ აშშ ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, თუმცა ამერიკა არასდროს დაიწყებს ომს რუსეთთან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გამო. ეს ედუარდს ესმის, მაგრამ მე თქვენი ქვეყნის მომავალ ლიდერებს ვგულისხმობ. გაძლიერდით შიგნიდან, გაატარეთ დემოკრატიული რეფორმები, აშენეთ ინსტიტუტები, უფრთხილდით მეზობლებს - განსაკუთრებით ირანს, თურქეთი ნატოს წევრია და სეკულარული დემოკრატიაა, რუსეთი არ გააღიზიანოთ. ეს მესიჯი ჩემთვის დაუვიწყარია ამ ბრძენი ადამიანისგან!"
მისი რჩევები, ზოგადად, ამერიკის საგარეო პოლიტიკაში და უშუალოდ საქართველოსთვის, ჯერ ისევ რელევანტურია.