შუალედური შეთანხმება დასავლეთს ირანის ბირთვულ საქმიანობაზე თვალყურის დევნების საშუალებას აძლევს
Your browser doesn’t support HTML5
„ეს ირანისგან მოითხოვს, ურანის გამდიდრება 20 პროცენტზე შეაჩეროს და დაიწყოს არსებული მარაგის 20 პროცენტიან მასალად გარდაქმნმა. ეს მოითხოვს, რომ ირანმა არაფერი მოიმოქმედოს ცენტრიფუგების რაოდენობასთან დაკავშირებით ან იმ ცენტრიფუგების ტიპთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე დამონტაჟებულია ადგილებზე. ეს ასევე აჩერებს მნიშვნელოვან აქტიურობას არაკის მძიმე წყლის კომპლექსში.“
არაკის ობიექტი ამჟამად მშენებლობის პროცესშია და დამთავრების შემდეგ შეეძლება პლუტონის წარმოება, რომელიც გამდიდრებული ურანის მსგავსად ატომური ბომბის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ირანი დიდი ხნის განმავლობაში დაჟინებით იმეორებდა, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი დანიშნულება გააჩნია, როგორიცაა ელექტროენერგიის გამომუშავება.
კიმბალი ამბობს, რომ შუალედური შეთანხმება დასავლეთს ირანის ბირთვულ საქმიანობაზე თვალყურის დევნების საშუალებასაც აძლევს.
„რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ის აძლევს უმაგალითო, ყოველდღიურ წვდომას ირანის საკვანძო ბირთვულ ობიექტებზე. ჩვენი შეფასებით, ეს გამორიცხავს ირანის მიერ შეთანხმების შეუმჩნევლად დარღვევის შესაძლებლობას.“
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალი ინსპექციები სინამდვილეში ირანისთვის შეუძლებელს ხდის დასავლეთის ზურგს უკან იმუშაოს ბირთვულ პროგრამაზე.
ამ დათმობების სანაცვლოდ, თეირანმა მიიღო დამანგრეველი ეკონომიკური და ფინანსური სანქციების ერთგვარი შერბილება.
ჯოელ რუბინი, ირანის ექსპერტი გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე „პლაუშეარს“ ფონდიდან ამბობს, რომ თეირანს უფრო მეტი დასჭირდება.
„ირანმა მიიღო სანქციების მოკრძალებული შერბილება, რომელიც სავარაუდოდ უტოლდება 6 ან 7 მილიარდ დოლარს და ეს არის ირანის გაყინულ ანგარიშებზე არსებული, ნავთობის გაყიდვებიდან შემოსული თანხა. ირანს ასევე მიეცემა ცოტაოდენი ნავთობქიმიური პროდუქტის და ოქროს გაყიდვის ნება. თუმცა ირანის მიმართ ამჟამად არსებული სანქციების ინფრასტრუქტურა შენარჩუნდება.“
მომავალ თვეებში, მოლაპარაკებების მონაწილენი შეეცდებიან ჩამოაყალიბონ ყოვლისმომცველი შეთანხმება, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას მუდმივ შეზღუდვებს დაუწესებს.
ბევრი ანალიტიკოსის აზრით, დერილ კიმბალის ჩათვლით, შემდგომი მოლაპარაკებები ბევრად მეტი გამოწვევის შემცველი და რთული იქნება.
„მთავარი საკითხი იქნება: რა დონემდე დათანხმდება ირანი ურანის გამდიდრების შემცირებას? რის გაკეთებას დათანხმდება, სხვა პრობლემური პროექტების გასაუქმებლად, როგორიცაა არაკის მძიმე წყლის რეაქტორი, რომელსაც თეორიულად საიარაღე პლუტონის წარმოება შეუძლია და ამჟამინდელი სანქციების რეჟიმის როგორი დონის შერბილების სანაცვლოდ მოხდება ეს ყველაფერი? ეს უაღრესად ძნელი მოლაპარაკებები იქნება.“
ჯოელ რუბინი „პლაუშეარს“ ფონდიდან, მოლაპარაკებების მონაწილეთა წინაშე მდგომ სხვა საკვანძო საკითხებსაც ხედავს.
„საერთაშორისო საზოგადოებისთვის ძირითადი საკითხი იქნება ცენტრიფუგების რაოდენობა, ცენტრიფუგების ხარისხი, ადგილები, სადაც ირანი ურანს ამდიდრებს და სადაც განლაგებულია მისი ბირთვული ობიექტები. იქნება კამათი ინსპექციის რეჟიმის შესახებ, საერთაშორისო პროტოკოლებთან თანხვედრაში ყოფნის შესახებ და იმის უზრუნველყოფის შესახებ, რომ ირანი აბსოლუტურად ნათლად დაამტკიცებს, რომ მისი რეალური ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.“
ირანს მოლოდინი ექნება, რომ დასავლეთი მეტ სანქციებს შეარბილებს და საბოლოოდ გააუქმებს კიდეც. ანალიტიკოსების აზრით, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის წარმატებას დიდი დიპლომატიური უნარი და კომპრომისზე წასვლის მზადყოფნა დასჭირდება.