„ბოინგ-777“-ის საქმის ახალი დეტალები

სან ფრანცისკოს აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის გამომძიებლებმა ჩვენება ოთხ პილოტს ჩამოართვეს
როგორც ირკვევა, ავიაკომპანია „აზიანას“ თვითმფრინავის პირველი პილოტი ტრეინინგს „ბოინგ-777“ ტიპის თვითმფრინავზე პირველად ატარებდა. პილოტი კი, რომელიც თვითმფრინავს უშუალოდ სან-ფრანცისკოს აეროპორტში სვამდა, ჯერ კიდევ წვრთნას გადიოდა. კალიფორნიის შტატში 6 ივლისს მომხდარი ავარიული დაჯდომის გამო კომპანია „აზიანას“ თვითმფრინავის მგზავრთა უმრავლესობა დაშავდა და ორი 16 წლის ჩინელი გოგონა დაიღუპა. საქმის გამოძიებას შეერთებული შტატების ტრანსრპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო შეუდგა.

გარდა იმისა, რომ პილოტი და ინსტრუქტორი მსგავსი ტიპის თვითმფრინავს პირველად მართავდნენ, ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, დებორა ჰერსმანი იმასაც ამბობს, რომ ამ ორ პილოტს მანამდე ერთადაც არასოდეს უფრენია. მისი თქმით, პილოტს, რომელიც თვითმფრინავს სვამდა, „ბოინგ-777“-ის მართვისთვის აუცილებელი ტრეინინგის დაახლოებით ნახევარი ჰქონდა გავლილი. თუმცა, დებორა ჰერსმანმა თავი შეიკავა ავიაკატასტროფის მთავარ მიზეზად პილოტის არაკომპეტენტურობა დაესახელებინა.

Your browser doesn’t support HTML5

აუდიო: „ბოინგ-777“-ის საქმის ახალი დეტალები


„აქ, შემთხვევის ადგილზე მიზეზის დადგენა არ მოხდება. მხოლოდ მას შემდეგ გვეცოდინება ავარიის მიზეზი, რაც მთელ ინფორმაციას შევკრებთ და გავაანალიზებთ. ყველას მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ ავიაკატასტროფის მიზეზებით სპეკულირებისგან. უამრავი ინფორმაციაა შესაგროვებელი. ნაწილი დღეს უკვე გაგაცანით, მაგრამ, როგორც ხედავთ, ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი“ - განაცხადა დებორა ჰერსმანმა.

ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ კომენტარი ავარიული დაშვების რამდენიმე დეტალზე გააკეთა, რომელიც პილოტებთან გასაუბრების შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, „აზიანას“ პილოტები თვითმფრინავის დასმის მომენტში მიხვდნენ, რომ ბოინგი დასაჯდომ ბილიკთან დასაშვებზე ბევრად ახლოს იყო და ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე ისინი მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობდნენ.

„ეს მხოლოდ მომხდარის აღწერილობაა. და კიდევ ერთხელ, ეს არის ის, რაც პილოტებთან გასაუბრებით შევიტყვეთ. მიწასთან შეხებისთანავე თვითმფრინავმა მიმართულება შეიცვალა და 360 გრადუსით ამოტრიალდა“ - აღნიშნავს დებორა ჰერსმანი.

ორი დაღუპული გოგონა თვითმფრინავის გარეთ იპოვეს. თავად ბოინგს კი, როგორც ცნობილია, ცეცხლი მოეკიდა. გამომძიებლები იმასაც ამბობენ, რომ ერთ-ერთი ჩინელი გოგონას გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა არა ავიაკატასტროფა, არამედ სასწრაფო დახმარების მანქანის დაჯახება იყოს. თუმცა, აღნიშნული ვერსია ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის. თვითმფრინავის 300 მგზავრის ნახევარზე მეტი დაშავებულია. სამხრეთ კორეული ავიაკომპანია „აზიანას“ ხელმძღვანელობაც ადასტურებს, რომ პილოტი, რომელიც „ბოინგ-777“-ს მართავდა, ამ ტიპის თვითმფრინავზე პირველად იჯდა. სამხრეთ კორეელი გამომძიებლები საქმის ვითარებას ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოსთან ერთად იძიებენ.