ოქროს ქალაქი; დასავლეთის პარიზი; ნისლის ქალაქი; ბაღდადი ყურეში... ეს ქალაქ სან-ფრანცისკოს მეტსახელებია სხვადასხვა ეპოქიდან. წყნარი ოკეანის ყურეში ტერასებად, სადღესასწაულო ტორტივით ფენა-ფენა აზიდულ, გამორჩეულად მოხდენილ, მყუდრო და ლამაზ ქალაქს, ყველა დროში თავისებურად ეფერებოდნენ, თუმცა ყველაზე ხშირად მას ამერიკელები მაინც ბეი-სითის (ქალაქი ყურეში) ეძახიან.
ისევე როგორც მსოფლიოს ბევრი სხვა პოპულარული ტურისტული დანიშნულების ქალაქი, დღეს სან-ფრანცისკო ცარიელ, მიტოვებულ პლანეტას უფრო ჰგავს, ვიდრე კალიფორნიის შტატის ერთ-ერთ ულამაზეს, სიცოცხლით სავსე, კოხტა ქალაქს. ყურეში ჩამავალ, გარდი-გარდმო ყვავილებით შემკულ, მოკირწყლულ ციცაბო დაღმართებზე გაუთავებელი ჟრიამული შეწყდა. აღმა-დაღმა აღარ დაგრუხუნებენ კოლორიტული ტრამვაის ძველი ვაგონები და არც ცნობილ ოქროს კარიბჭის ხიდთან იღებენ ტურისტები ე.წ. სელფებს.
ქალაქი და მასთან ასოცირებული 6 ოლქი პირველი იყო, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, რომელმაც კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, დრამატული ნაბიჯი გადადგა და ერთი კვირის წინ, 24-საათიანი მოძრაობის შეზღუდვის განკარგულება გამოსცა. სან-ფრანცისკოელებს სახლიდან გამოსვლა დღეს მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობისთვის თუ შეუძლიათ.
ვინ იცის, რამდენი ხნით შეიცვალა ქალაქის მკვიდრთა ყოველდღიური რეალობა. დახურულია საკონცერტო დარბაზები, მუზეუმები, ტურისტული ცენტრები, თეატრები, კინოდარბაზები, სტადიონები, მთელი შოფინგ-ცენტრები თუ პატარ-პატარა მაღაზიები, რესტორნები, ბარები, სილამაზის სალონები, სპორტული დარბაზები და უამრავი სხვა დაწესებულება.
ღია რჩება მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უწყებები, ორგანიზაციები და ბიზნესები, როგორიცაა საავადმყოფოები; პოლიციის, სახანძრო და სასწრაფო დახმარების სამსახურები; სურსათის მაღაზიები; აფთიაქები და ბენზინგასამართი სადგურები. ასევე ალაგ-ალაგ მუშაობს ის რესტორნები, რომლებსაც კერძების შინ მიტანის, ან წასაღებად გამზადების შესაძლებლობა აქვს.
ბიზნესების დახურვის გამო, სან-ფრანცისკოში ძალიან ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა. უმუშევართა სოციალური დახმარების სააგენტომ პარასკევს განაცხადა, რომ უპრეცედენტოდ ბევრი განცხადება მიიღო და მათი ვებგვერდი გადატვირთვის გამო, პარასკევს, 20 მარტიდან დროებით გამოირთვება, რომ ახალი კვირის დასაწყისისთვის, უფრო გამართულად ემუშაოს.
სან-ფრანცისკოში ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქართველი ემიგრანტი თამარ ნერგაძე. მის სამსახურს ჯერჯერობით დახურვა არ ემუქრება, რადგან ის სპეციფიკური დანიშნულების დიდი საცხოვრებელი კორპუსის მენეჯერის თანაშემწეა. ამერიკის ამ ერთ-ერთ უძვირეს ქალაქში ცხოვრებაზე ხელი რა თქმა უნდა, ბევრს არ მიუწვდება. თამარის კომპანია კი საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფს შედარებით დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებს, თუ ინდივიდუალურ პირებს.
კორპუსის ფინანსურად დაუცველ მოსახლეებში ბევრი ხანდაზმულია. თამარი ამბობს, რომ უმეტესობა, თითქმის 75 პროცენტი მოხუცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დღეს კორონავირუსით დაავადების ერთ-ერთ მთავარ რისკ-ჯგუფში აღმოჩნდნენ. სწორედ ამიტომ ჩათვალეს ქალაქის მმართველებმა, რომ კომპანიისთვის სასიცოცლოდ მნიშვნელოვანი ობიექტის სტატუსი მიენიჭებინათ და ის არ დაეხურათ.
თამარი ყვება, რომ კომპანიის მენეჯერებს და სოციალურ მუშაკებს სპეციალური საბუთები დაურიგეს, რომ მათ ქალაქში გადაადგილება არ გაუჭირდეთ. „თუმცა, ეს შეზღუდულად ხდება. სამსახურში ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ, ყოველდღიურად აღარ დავდივართ, ძირითადად სახლიდან, ინტერნეტით ვმუშაობთ. დიდი-დიდი კვირაში ორჯერ მოგვიწიოს მისვლა. მოხუცებთან ხშირად ვკონტაქტობთ. ჩვენი სოციალური მუშაკები მათ ურეკავენ, ეკითხებიან თავს როგორ გრძნობენ, რამე ხომ არ სჭირდებათ და ასე შემდეგ“ - ყვება თამარი.
მისი თქმით, ქალაქი არ არის ამერიკული მასშტაბებისთვის დიდი, იქ სულ 800 000 ადამიანი ცხოვრობს. 16 მარტს, როცა საგანგებო ზომები მიიღეს, კორონავირუსით სულ 38 ადამიანი იყო ინფიცირებული. მაგრამ, იმის გამო, რომ სან-ფრანცისკო მჭიდროდაა დასახლებული, გავრცელების რისკი გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ამერიკის პროვინციების უმრავლესობაში, სადაც სახლები უფრო გაფანტულად და იზოლირებულადაა განლაგებული.
განკარგულება გავრცელდა ყურეში მდებარე 6 ოლქზე, რადგან იქ მცხოვრებთა უმეტესობა სან-ფრანცისკოში მუშაობს და შესაბამისად, ისინიც მსგავსი რისკის ქვეშ არიან. 16 მარტს ექვსივე ოლქში ინფიცირების 300 შემთხვევა იყო აღრიცხული.
„აბსოლუტური, უჩვეულო სიჩუმეა. ადამიანები სახლიდან იშვიათად გამოდიან. ადრე ქუჩაში ისე ვერ გაივლიდი, ვიღაცას შენთვის მხარი რომ არ გაეკრა, უამრავი ტურისტი იყო. ახლა მანქანები კანტი-კუნტად დადიან. საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეჟიმიც შეიცვალა, შეიზღუდა. ქალაქის ცენტრში მუდმივად პიკის საათს ვართ მიჩვეული, მანქანით სიარული ადრე თითქმის შეუძლებელი იყო“ - ყვება თამარი.
მთელი კალიფორნიის მასშტაბით, საგანგებო რეჟიმის დამრღვევისთვის ჯარიმა 1 000 დოლარამდეა. ვინც ჯარიმას არ გადაიხდის, 6 თვემდე პატიმრობას უნდა ელოდოს.
შტატი უსახლკაროების სახით, ურთულესი პრობლემის წინაშე დგას. 100 000-ზე მეტი ადამიანი ღამეს ქუჩაში ათევს. ზოგიერთი შეფასებებით, მათი რაოდენობა 200 000-მდე შეიძლება იყოს. თამარის თქმით, ფიქრობენ, რომ დიდი ალბათობით, სწორედ ისინი იქნებიან ვირუსის მთავარი გადამტანები. უამრავი სოციალური პროგრამის მიუხედავად, კალიფორნიამ ამ პრობლემის მოგვარება წლების მანძილზე ვერა და ვერ შეძლო.
კვირას, საგანგებო ზომების გამოცხადებიდან თითქმის ერთ კვირაში, სან-ფრანცისკოში კოვიდ-19-ით 108 ადამიანია ინფიცირებული, თითქმის სამჯერ მეტი. აქედან მარტო ბოლო ერთ დღეში 24 ახალი ფაქტის შესახებ შეიტყვეს. ტესტირების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ნისლის ქალაქში ინფიცირების შემთხვევების გახშირებას ელიან.
კვირის ბოლოს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, 3 შტატში, სადაც კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მეტი შემთხვევაა, ეროვნული გვარდია ჩააყენეს. ესენია: კალიფორნია, ნიუ-იორკი და ვაშინგტონი. თვითმხილველების მონათხრობის მიხედვით, გვარდიის ნაწილები ასევე დგანან ნიუ-ჯერსის შტატში.
სან-ფრანცისკოს ახალ რეალობას დღეიდან სამხედრო მანქანები, აღჭურვილობა და ფორმიანი რეზერვისტებიც შეემატებიან, მაგრამ ახალი იერსახე და ახალი ცხოვრება მხოლოდ დროებითია. ვირუსს დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად დაამარცხებენ და ყველაფერი თანდათან ცხოვრების ძველ რიტმს დაუბრუნდება, ქაოტურს, დამღლელს, ხშირად მომაბეზრებლად ხმაურიანს, მაგრამ ჩვეულს, ნამდვილს, თურმე უზომოდ ლამაზს და უკვე ძალიან მონატრებულს.